ავტორი:

რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს ცისტიტს და როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას - უროლოგის რეკომენდაციები

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და ყურადღებას არ აქცევენ, რამაც შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

რა იწვევს ცისტიტს, არის თუ არა ის სეზონური დაავადება, როგორ ავიცილოთ თავიდან და როგორ ვუმკურნალოთ, თუ მაინც დაგვემართა? - თემაზე უროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქეთევან ცანავა AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

"ცისტიტი საშარდე სისტემის ქვედა ნაწილის, შარდის ბუშტის ანთებაა. განასხვავებენ მარტივ, გაურთულებელ და გართულებულ ცისტიტს.

მარტივი გაურთულებელი ცისტიტის გამოვლინებებია:

გახშირებული და მტკივნეული შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. არცთუ იშვიათად, თან ახლავს სისხლნარევი შარდის არსებობა.

გართულებული ცისტიტის გამოვლინებებია:

წინა სიმპტომებზე დამატებით - ცხელება, წელის ტკივილი. შემცივნების, გულისრევის გამოვლინებების შემთხვევაში, უპრიანია, დავუშვათ ინფექციის გავრცელება საშარდე სისტემის ზედა ნაწილებში.

ცისტიტის გამომწვევი მიზეზი ძირითადად, საშარდე სისტემის ჩვეული ბინადარის, ნაწლავის ჩხირის პათოგენური გამრავლებაა. უფრო იშვიათად ცისტიტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ბაქტერიაც (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, კლებსიელა და სხვა).

ცისტიტი უფრო ხშირად ქალებში ვლინდება, რაც დაკავშირებულია ანუსისა და ურეთრის სიახლოვესთან. ცისტიტის განვითარებისათვის რისკ ფაქტორად განიხილება ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმების, სპერმიციდების გამოყენებაც" - ამბობს უროლოგი.

სპეციალისტის თქმით, ცისტიტის კლინიკური სურათის გამოვლინება, ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, გადაადგილების უნარს მოკლებულ, მძიმე სომატური დაავადებების მქონე პაციენტებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში, საშარდე სისტემის სტრუქტურული პათოლოგიის მქონე პირებში. ხშირია ცისტიტის გამოვლინებები ორსულ ქალებში.

"უნდა გავმიჯნოთ ცისტიტი მენოპაუზის შარდსასქესო სინდრომისაგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქალის სასქესო ორგანოების ატროფია, სიმშრალე, წვისა და ქავილის შეგრძნება გარეთა შარდ-სასქესო მიდამოში, გახშირებული შარდვა, ზოგჯერ მტკივნეული შარდვა. ეს სიმპტომები განპირობებულია ესტროგენების დაბალ დონესთან, არავითარი კავშირი არ აქვს საშარდე სისტემაში ბაქტერიების პათოლოგიურ ზრდასთან და, შესაბამისად, არ იკურნება ანტიბაქტერიული მედიკამენტებით" - ამბობს ქეთევან ცანავა.

არის თუ არა სეზონური დაავადება ცისტიტი?

ამ დაავადებისთვის სეზონურობა არ არის დამახასიათებელი, ცივი პერიოდი, ეზოს ბოლოს არსებული ტუალეტი და შარდის ბუშტის დროული დაცლის შეფერხება, ქმნის გარკვეულ წინაპირობას ბაქტერიების გასამრავლებლად.

როგორ ვუმკურნალოთ?

ისევე, როგორც ყველა დაავადება, სასურველია ცისტიტის შემთხვევაც შეაფასოს ექიმმა. სპეციალისტი უკეთ შეაფასებს პაციენტის ჩივილებს, რისკ-ფაქტორებს, კომორბიდულობას, ცისტიტის ყველა გამომწვევ მიზეზს და მოსალოდნელ გართულებებს. თუ ექიმთან ვიზიტი არ არის შესაძლებელი, მარტივი, გაურთულებელი ცისტიტის შემთხვევაში არჩევის პრეპარატია ტრიმეთოპრიმი, ან ფოსფომიცინი. იმ შემთხვევაში, თუ ემპირიული ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან 48-დან 72 საათის განმავლობაში, ჩივილები მაინც დარჩება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ცისტიტის პრევენციისათვის საჭიროა ადექვატურად მივიღოთ არამინერალური წყალი, დროულად დავცალოთ შარდის ბუშტი, დროულად გამოვავლინოთ და გამოვასწოროთ შარდის პასაჟის დარღვევის ყველა შესაძლო მიზეზი.

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს - რაზე იქადაგა პატრიარქმა

6-7 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ყინვა - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება - კახა კალაძე