ავტორი:

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

2020 წლის 28 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველო და კონკრეტულად, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი ახალგაზრდა მათემატიკოსთა მე-12 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ეს არის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტურნირი, რომელშიც ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველომ უკვე ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და ამჯერად ორგანიზატორების თხოვნით, ღონისძიების მასპინძელიც იქნება.

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის დირექტორის რუსუდან ბოლქვაძის განმარტებით, ორგანიზატორების მხრიდან ორი წელია, არსებობს სურვილი, რომ ტურნირი საქართველოში ჩატარდეს.

„შარშან უარი ვთქვით, რადგან ასეთი სოლიდური ღონისძიების მასპინძლობისთვის მზად არ ვიყავით. თუმცა მთელი წელი ვმუშაობდით ამ მიმართულებით, ვემზადებოდით, ვუკავშირდებოდით პოტენციურ სპონსორებს და საფუძველს ვამზადებით მასპინძლობისთვის. უკვე გვყავს რამდენიმე გამორჩეული მხარდამჭერი, რომელთა დახმარებითაც ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ. ტურნირის საქართველოში ჩატარებით არა მხოლოდ განათლების სფეროში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ გაცნობასა და კულტურათა დიალოგზე ვაკეთებთ აქცენტს. მოსწავლეები საფრაგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და კიდევ არაერთი ქვეყნიდან ესტუმრებიან საქართველოს და პროგრამის ფარგლებში ექსკურსიაზეც წავლენ, გაეცნობიან ჩვენს კულტურას და ტრადიციებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება შევძლოთ. ამაში დიდ წვლილს ჩვენი სპონსორები და მხარდამჭერები შეიტანენ,“ - განმარტავს ბოლქვაძე.

ამ დროისთვის აია-ჯესსის მხარდამჭერები არიან: English Book Education, რომელიც ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით აქტიურად და ნაყოფიერად საქმიანობს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ტურნირის ფარგლებში სესიები პარალელურად ორივე უნივერსიტეტში გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, განათლების სფეროს წარმომადგენლების გარდა ბიზნესის მხარდაჭერაცმნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა და ქვეყნის სათანადო დონეზე წარმოჩენა შეძლოს. „კულამ“ და „ბაკურიანმა“დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს.

„ეს არის ქვეყნის საიმიჯო ღონისძიება, რომლის წარმატებით ჩატარებაშიც გევხმარებიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები,“ - დაამატა ბოლქვაძემ.

ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ ჯგუფებს, რომლებსაც მენტორი ეყოლებათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამოცანები არა სასკოლო, არამედ უმაღლესი მათემატიკიდანაა. ღონისძიების ფარგლებში 2020 წლის მარტში ცნობილი გახდება 10 გადაუჭრელი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც ჯგუფებს მენტორებთან ერთად 3 თვე ექნებათ. მაისში კი ონლაინ კენჭისყრის შედეგად საერთაშორისო ჟიური საბოლოოდ მონაწილე ჯგუფებს დაასახელებს. უშუალოდ ტურნირის ფარგლებში ჯგუფები დაიყოფიან პრეზენტატორებად, ოპონენტებად და რეცენზენტებად. ყველა გუნდს სამივე როლში ყოფნა მოუწევს და გამარჯვებული რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდება.

„ეს არ არის უბრალო ოლიმპიადა, რომელსაც მხოლოდ მათემატიკის უმაღლეს დონეზე ცოდნა სჭირდება. ტურნირი მოსწავლეებს ისეთი უნარების გამომუშავების საშუალებას აძლევს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად გადამწყვეტია. ჩვენ საქართველოშიც ვატარებთ ხოლმე მსგავსი ფორმატის ადგილობრივ ტურნირებს და ბავშვებს აღნიშნული უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით,“ - განმარტავს ბოლქვაძე.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გუნდები საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან. ამ ქვეყნებისთვის პრეზენტაცია უკვე ჩატარებულია და 2020 წელს დაგეგმილი ტურნირის შესახებ ინფორმაცია აქვთ. თუმცა მონაწილეობა შეზღუდული არ არის და განცხადების გაკეთება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.