ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?

ჩვენი მკითხველის ნაწილს, ალბათ, ჰქონია შემთხვევა, როცა მაღაზიაში რაიმე ნივთი ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე დააზიანა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არ იყო, საფასურის გადახდა მოუხდა.

ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა მაღაზიის მფლობელები არა მომხმარებელს, არამედ კონსულტანტებს ავალდებულებენ ზარალის ანაზღაურებას მაშინ, როცა მათი ბრალი არ იკვეთება.

მსგავსი ფაქტების შესახებ AMBEBI.GE-ს მოქალაქეები უყვებიან:

თამარ არველაძე: "ერთ-ერთ აფთიაქში 2 წლის შვილთან ერთად შევედი. სანამ კონსულტანტს ვესაუბრებოდი, ბავშვმა თაროდან საჭმლის ბოთლი გადმოაგდო და გატეხა. დაახლოებით, 8 ლარის ღირებულების იყო და თანხა გადამახდევინეს. არ მიფიქრია, რომ არ უნდა გადამეხადა, თუმცა ხომ შეიძლებოდა იმ წუთას ფული არ მქონოდა?! რა უნდა მექნა?! ეს ძალიან ჩვეულებრივ ამბად მიიჩნია ყველამ, კონსულტანტებმა, მენეჯერმა.“

მარიამ წეროძე: "ჭურჭლის მაღაზიაში, რომელიც ძალიან ვიწრო იყო, ვაზას გამოვედე, დაიმსხვრა და თანხა გადავიხადე. კიდევ კარგი, ძვირი არ ღირდა. მენეჯერი გამოვიდა და მითხრა, რომ მე არ გადამეხადა, კონსულტანტი გადაიხდის თანხასო.

ძალიან შემეცოდა ის გოგო, მისი ბრალი არაფერი არ იყო. მაღაზია ვიწრო იყო ისედაც და სხვაგვარად ვერ დადებდა. ბევრი აღარ ვიჩხუბე და გადავიხადე, თუმცა ვთვლი, რომ არ ვიყავი დამნაშავე. სამწუხაროდ, ჩვენთან არც მომხმარებლის უფლებებია დაცული და არც დასაქმებულის".

თეა ბეჟანიძე: "ერთ-ერთ მაღაზიაში ღვინის ბოთლი გამიტყდა. არ ვიცი როგორ გამოვედე. მოვიდა მენეჯერი, ამოიღეს კამერით გადაღებული კადრები და მიიჩნიეს, რომ ჩემი ბრალი არ იყო. მენეჯერი მეუბნება, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ, კონსულტანტი გადაიხდის, ბოთლი წინ იყო გამოწეულიო, არასწორად იდოო. არ ვიცი, მე იმ კონსულტანტსაც ვერ დავაბრალებ, ბოთლები იქ სულ ეგრე დევს. გავგიჟდი კინაღამ, რას ნიშნავს კონსულტანტი გადაიხდის, ისედაც რა ხელფასებზე მუშაობენმეთქი.საბოლოოდ, გადავიხადე მე“.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ თუ მაღაზიაში ისეა განთავსებული ნივთები, რომ შესაძლოა, მომხმარებელმა ის შემთხვევით დააზიანოს, ამ შემთხვევაში, თავისუფლდება გადასახადისგან და უდანაშაულობის დასამტკიცებლად სასამართლოში დავაც შეუძლია:

"თუ ნივთი მომხმარებლის ბრალეულობით დაზიანდა, რა თქმა უნდა, მან ეს უნდა აანაზღაუროს, მაგრამ თუ თვლის, რომ მისი ბრალი არ იყო, შეუძლია, არ გადაიხადოს ღირებულება და ამ შემთხვევაში, მეწარმემ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს მომხმარებლის ბრალი. ბრალის, ასევე უდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებები ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება კანონს, არ არის დეტალურად გაწერილი, რა შემთხვევაში დაეკისრება საფასურის გადახდა მომხმარებელს და რა შემთხვევაში - არა. მაგრამ ზოგადად, თუ განზრახ, ან გაუფრთხილებლობით დაზიანდა ნივთი, ზარალი მომხმარებელმა უნდა აანაზღაუროს.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ იყო განთავსებული მაღაზიებში პროდუქტი, ნივთები, ანუ ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მომხმარებელმა შემთხვევით ვერ დააზიანოს

თუკი ეს პირობა არ არის დაცული, მაშინ მომხმარებელი თავისუფალია პასუხისმგებლობისგან და ამ შემთხვევაში შეუძლია იდავოს" - ამბობს კობალაძე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მეწარმე, მაღაზიის მეპატრონე მომხმარებლის მიერ ნივთის დაზიანების შემთხვევაში, საფასურის გადახდას კონსულტანტს ავალდებულებს.

როგორც "სოლიდარობის ქსელის" იურისტი, დავით ომსარაშვილი გვეუბნება, ეს დასაქმებულის უფლებების დარღვევაა.

"როდესაც დასაქმებულის ბრალეულობა არ იკვეთება და მას თანხის გადახდას ავალდებულებ, ჯარიმას აკისრებ, ცალსახად არასწორია. რა თქმა უნდა, ეს არის შრომის უფლებების დარღვევა.

პირველ რიგში, როდესაც რაღაც სანქცია წესდება, უნდა გააფრთხილონ კონსულტანტი, უნდა გამოიცეს რაღაც შიდა დოკუმენტი, რომლითაც აეხსნება, თუ რა სანქცია დადგა მის მიმართ. სანქციის დაკისრებამდე დამსაქმებელი ვალდებულია მოუსმინოს დასაქმებულს და ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მისცეს საშუალება დასაქმებულს, რომ თავი იმართლოს.

თუ ეს შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ დასაქმებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გაასაჩივროს სასამართლოში ნებისმიერი სანქცია. არ არის აუცილებელი დასაქმებული გაათავისუფლონ სამსახურიდან და მხოლოდ მას შემდეგ წავიდეს სასამართლოში.

დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დამსაქმებლისგან ინფორმაცია და ყველა დოკუმენტაცია რის საფუძველზეც მას თანხის გადახდა, ან ესა თუ ის სანქცია დაეკისრა და თუ არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.

შრომის კოდექსი ითვალისწინებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წამოჭრილ დავას - ერთი შემთხვევა არის, როდესაც საქმე გვაქვს კერძო დავასთან, ანუ ერთი კონკრეტული დასაქმებული ედავება დამსაქმებელს და ამასთანავე, არსებობს კოლექტიური დავა, რაც ნიშნავს შემდეგს: დასაქმებულებს შეუძლიათ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიტრს მისწერონ (ეს არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული) და მოითხოვონ მედიაცია. ასეთ დროს სამინისტრო კონკრეტულ ობიექტზე მედიატორს ავლენს, რომელიც ცდილობს, რომ დავა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს. თუ ამ მოლაპარაკებას არანაირი შედეგი არ აქვს, მაშინ დასაქმებულებს უფლება აქვთ, გაიფიცნონ.

თვითონ დამსაქმებლები ხშირად მორალურად ზემოქმედებენ დასაქმებულებზე, უწოდებენ ინტრიგანს და ა.შ. ცდილობენ, რომ კულუარული მოლაპარაკებებით გავიდნენ ფონს, რაც არასწორია. როგორც კი დასაქმებული დაიწყებს მისთვის სამართლებრივად მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას, ოფიციალური დოკუმენტით, ოფიციალური წერილით მიმართავს დამსაქმებელს, ის უფრო მოდის მოლაპარაკებებზე, ამიტომ სჯობს, რომ დასაქმებულმა დავა ყოველთვის გააოფიციალუროს“, - ამბობს დავით ომსარაშვილი.

მსგავსი შემთხვევები მხოლოდ საქართველოში არ ხდება და ეს პრობლემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს აწუხებს. მაგალითად, ახალ ზელანდიაში, კანონის თანახმად, თუ ხანძრის მანიშნებელი სიგნალიზაცია ჩაირთო და ამ დროს სიჩქარეში რაიმეს წამოედე, დააზიანე, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ გეკისრება.

დიდ ბრიტანეთში თუ ძვირადღირებულ ნივთს დააზიანებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაძლევთ კანონი უფლებას, რომ იდავოთ თქვენს ბრალეულობაზე, ხოლო იაფფასიანი ნივთის დაზიანების შემთხვევაში, მისი ფასი უნდა გადაიხადოთ. "თუ დააზიანებ ნივთს, ის უნდა იყიდო კიდეც" - ამბობენ ბრიტანელები.

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება ღია იქნება - რას აღნიშნავენ მორწმუნეები