ავტორი:

"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან

"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის ფილმის შესახებ, რომელიც 1990-იან წლებში ლეგენდარული ინდოელო მსახიობის რაჯ კაპურის ძმის, შაში კაპურის რეჟისორობით გადაიღეს. ფილმს "შავი უფლისწული აჯუბა" ერქვა და მასში მთავარ როლს ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი ასრულებდა. ფილმში მონაწილეობდნენ ასევე არიადნა შენგელაია, ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია და ირაკლი ხიზანიშვილი.

გიორგი დარჩიაშვილი 21 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი ბოლოს ჰოლივუდის ფილმში გადაიღეს და მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ინტერვიუზე დაგვთანხმდა:

- ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ ამ ფილმზე ინტერვიუს მიცემა 30 წლის შემდეგ მიწევს... არ მოველოდი! სასწაულების და მისტიკის არ მჯერავს, მაგრამ რასაც გიამბობთ, თქვენც გაგაოცებთ... თუ რამე განსაცდელი მაქვს, ხშირად თვეების განმავლობაშიც შეიძლება გამიგრძელდეს და გამოსავალს ვერ ვხედავდე, მაგრამ შემდეგ სიზმარში ვხედავ შვებას...

- რას გულისხმობთ?

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი ჩემი პროფესიის მიხედვით არსად არ ვიყავი დაკავებული, რასაც ძალიან განვიცდიდი. რასაკვირველია ძალიან მინდოდა ფილმებში ვყოფილიყავი გადაღებული... ამდენი ფიქრისა და ნერვიულობის შემდეგ მესიზმრა, თითქოს კედელზე ძალიან ბევრი ჩემი ფოტო იყო გამოფენილი და ყველა ფოტოზე სხვადასხვანაირი ჩაცმულობა მქონდა... რომ გამომეღვიძა, ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, იური მეჩითოვზე იყო გადაცემა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მისმა ფოტოებმა გაიმარჯვა. ვიფიქრე იური მეჩითოვთან მივსულიყავი, მის ფოტოატელიეში ფოტოები გადამეღო და საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების აღრიცხვაზე გამეგზავნა... იური მეჩითოვმა არაჩვეულებრივი ფოტოები გადამიღო და მისი წყალობით ინდური ჯგუფის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლზე აღმოვჩნდი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ როლზე კაპურის ძმიშვილიც იყო შერჩეული და მე დამატკიცეს, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი! იური მეჩითოვის გადაღებული ფოტოების მეშვეობით 6 ფილმში ვითამაშე, საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების მიწვევით... ფაქტიურად ქართულ ფილმებში არ ვყოფილვარ დაკავებული, სულ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომიწია გადაღება. ახლა კიდევ მითხრეს, რომ სულ მალე სიურპრიზის სახით მეტყვიან ორი ინდური პროექტის შესახებ...

- 30 წლით უკან რომ დავბრუნდეთ, გვიამბეთ მაშინდელ გადაღებაზე...

- დიახ, საბჭოთა კავშირში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა ლეგენდარული შაში კაპური. რუს რეჟისორებს დაუკავშირდა, რადგან გადაღებები რუსეთის ტერიტორიაზეც უნდა ყოფილიყო. მსახიობებიდან მხოლოდ ქართველები შეგვარჩიეს... რაც შეეხება გადაღებებს, მოგეხსენებათ რუსეთი ყოველთვის კონფლიქტური, პრობლემური იყო და მაშინაც შაში კაპურს ნერვები დააწყვიტეს, ჯგუფი ორად გაიყო და ფილმის ორი სხვადასხვა ვარიანტი გადაიღეს. ერთი საბჭოთა ხალხისთვის და ერთი როგორსაც ინდოელები იღებენ. შაში კაპური ეუბნებოდა, თქვენთან მუშაობა აღარ მინდაო... მეც თვენახევარი კიდევ უნდა მქონოდა ინდოეთში გადაღებები, მაგრამ რომ დამირეკეს, უარის თქმა მომიხდა... ყველაფერს "კაგებე" წყვეტდა და ჩემზე არაფერი იყო დამოკიდებული. ისე გადამიკეტეს გზები, ინდოეთში ვეღარ გადავფრინდი.

- ანუ "კაგებე" ყველას გავიწროვებდათ?

- წარმოუდგენლად გვავიწროვებდა... მე წინასწარ მკაცრად გამაფრთხლეს, რომ მათი ნებართვის გარეშე არაფერზე უნდა დავთანხმებოდი... ოთხ წელიწადში საბჭოთა წყობა დაინგრა და მაშინ რომ მცოდნოდა, ასე მალე დაინგრეოდა, გაცილებით მეტს გავბედავდი.

კადრი ფილმიდან "შავი უფლისწული აჯუბა"

- რა როლები გქონდათ ქართველებს, ფილმი რატომ ვერ გახდა საბჭოთა კავშირში პოპულარული?

- ფილმის პოპულარიზაციისთვის აღარავის ეცალა! 1991 წელი იყო, ომი, შიმშილობა და არეულობა დაიწყო... ინდოეთში კი ძალიან ცნობილი ფილმი გახდა, რადგან ინდოეთის ყველაზე აღიარებული და ძვირადღირებული მსახიობები იყვნენ ფილმში გადაღებული. რაც შეეხება ქართველების როლებს – არიადნა შენგელაია პრინცესას როლს თამაშობდა, შემდეგ ქვეყნის სათავეში დგება ვეზირი, რომლის შვილის როლს მე ვასრულებდი... ინდოელებს უყვართ სხვა ფილმებიდან სცენარების აღება და შემდეგ საკუთარზე მორგება. ეს ფილმიც "ზოროს" ინდური ვარიანტია.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინდურ კინოსტუდიასთან თანამშრომლობა?

- ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იყო, მაგრამ საწყენი ის იყო, რომ ყველა მიპატიჟებაზე უარის თქმა მიწევდა. თითქოს "კაგებეს" წარმომადგენლები ჩემზე ჭკვიანები იყვნენ და ყველა მიწვევაზე ჩემს ნაცვლად უარით პასუხობდნენ. რესტორანშიც კი თუ ვინმე დამპატიჟებდა, საიდანღაც "კაგებეს" წარმომადგენელი გამოძვრებოდა და ეუბნებოდა, ვერ შეძლებს წამოსვლას, არ სცალიაო... არ ვიცი, რამდენ სიკეთეზე მომიხდა უარი მათ გამო...

- რამდენი წელია ამერიკაში იმყოფებით?

- უკვე 21 წელია აქ ვარ... მეგონა მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ დღემდე შევრჩი. ბოლოს ჰოლივუდის ფილმში "ღამის მოსიარულე" გადამიღეს, პატარა და საინტერესო როლია, ციხის ზედამხედველი ვითამაშე. სად აღარ მომიხდა მუშაობა, ჩემს საქმეს ნელ-ნელა ვუბრუნდები. იგივე რეჟისორთან მალე უფრო მნიშვნელოვან როლზე თამაში მომიწევს.

- საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ შემოქმედებითი გეგმები?

- დიახ... ჩემი სცენარის მიხედვით ივნისში ფილმის გადაღებას ვიწყებ.

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი

"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება