ავტორი:

ქართველი ბარონესას ამერიკული ცხოვრება - როგორია ჰოლივუდის ვარსკვლავების მეზობლობა და რა აკავშირებს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან

ქართველი ბარონესას ამერიკული ცხოვრება - როგორია ჰოლივუდის ვარსკვლავების მეზობლობა და რა აკავშირებს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან

6 წლის წინ ცისნამი საყვარლიშვილმა ამერიკული ოცნების ახდენა გადაწყვიტა და იტალიაში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ, შტატებში წავიდა სასწავლო ვიზით.

წარმატებული გოგონა სოფელ ვაჩნაძიანიდან - ასე მოიხსენიებდნენ მას წლების წინ ქართულ მედიაში, იბეჭდებოდა ინტერვიუები ამერიკული ცხოვრების შესახებ, ერთვებოდა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თოქ-შოუებში, თუმცა ბევრს მისი წარმატებების არ სჯეროდა. ბევრჯერ სკანდალშიც გაეხვა, თუმცა დღეს მისი ცხოვრება დაუჯერებლად შეიცვალა.

ცისნამი ორი წელია გერმანელ ბარონზეა შეყვარებული და მასთან ოფიციალურ ქორწინებაშია. როგორც AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, მისი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა და ახლა "სუპერბედნიერი" ადამიანია.

"სოციალურ ქსელში ხშირად ვაქვეყნებ ფოტოებს ჩვენი მამულიდან, ჰამპტონებიდან, სადაც შაბათ-კვირას ვატარებთ მე და ჩემი მეუღლე. აქ ულამაზესი ბუნებაა - ოკეანე, ტყე, საოცარი ჰაერი. სამუშაო დღეებში მანჰეტენზე ვცხოვრობთ. ერთი წელია რაც ოფიციალურ ქორწინებაში ვართ, თუმცა უკვე ორი წელია ერთად ვართ.

აქამდე რამდენჯერაც გამოვფინე ჩემი პირადი ცხოვრება, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა... ბევრი სიბოროტე გამიკეთეს ქართველებმა და ეს არის მიზეზი, რატომაც არ ვწერ ხშირად ჩემ მეუღლეზე... ის წოდებით ბარონია, გვარად ვან მალსონი, გერმანიის სამეფო ოჯახის გვარია. მისი წინაპრები პირველი ბანკირები იყვნენ ნიუ იორკში. ჯორჯ ბალანჩინს ჩემი დედამთილის ბიძა დაეხმარა, რომ ამერიკაში პირველი საბალეტო სკოლა გაეხსნა.

მე ამ სამყაროს ნაწილი ვარ, მაგრამ ჩემი სულიერი საზრდოა ქართველებთან კონტაქტი. ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს. ყოველი ჩემი დღე სიყვარულისთვის ლოცვაა, ძალიან მიყვარს ადამიანები, ისინიც კი ვინც ბოროტება გამიკეთეს.

- ცისნამი, გყავს შვილი, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. მოგვიყევი მასზე...

- ერთი ვაჟი მყავს, 12 წლის ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. მისი საბუთები საემიგრაციოშია გაგზავნილი, ჩემი მეუღლეა მისი სპონსორი და ველოდებით, როდის მოგვარდება, რომ ჩვენთან ჩამოვიდეს საცხოვრებლად.

6 წელია ირაკლი არ მინახავს, მაგრამ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა. ერთი სული აქვს ამერიკაში როდის ჩამოვა და აქაურ საკალათბურთო სკოლაში ისწავლის. ჩემ მეუღლეს ინგლისურად ესაუბრება, მისთვის ცხენიც კი გვყავს შერჩეული.

- შენი ყოფილი მეუღლე პატრიარქის ნათესავია?

- ჩემს ყოფილ მამამთილს ბიძად ეკუთვნის უწმინდესი. შიოლაშვილებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. პირველ მეუღლესთან ერთად ერთი წელი ვიცხოვრე, არ მინდა ამ თემაზე ვრცლად საუბარი. დაშორებიდან ერთი წლის თავზე იტალიაში წავედი, იქ დავამთავრე მაგისტრატურა, თან ვმუშაობდი. ბავშვს მამასთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს.

- "ფეისბუქზე" პიანისტ ბექა გოჩიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გაქვს გამოქვეყნებული, როგორც ვხვდები მეგობრობთ.

- ბექას დაბადებიდან ვიცნობ, მამამისი ვალერი გოჩიაშვილი, ჩემი სოფლიდან, ვაჩნაძიანიდანაა და მამაჩემი მისი მუსიკის მასწავლებელი იყო, ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა შეასწავლა. როდესაც ვალერიმ თბილისში ჩააბარა, ლოტკინზე ცხოვრობდა ბებიაჩემთან. იქ გაიცნო მისი მეუღლე სოფო, ბექას დედა.

მე და ბექა ზაფხულის სამ თვეს სოფელში ვატარებდით, ალაზანზე დავდიოდით, ვერთობოდით. ყოველთვის ძალიან ჭკვიანი და განათლებული იყო, ბავშვებს ჩხუბისას არიგებდა, მეც არაერთხელ დავურიგებივარ. გენიოსი დაიბადა! 4 წლის იყო, პიანინოს ვერ სწვდებოდა და ჩვენთან რომ მოდიოდა, ფეხზე იდგა და ისე უკრავდა. ჩემს მშობლებს დიდი ხანი არ ჰყავდათ შვილი და ბექას მამა ისე უყვარდათ, როგორც საკუთარი.

ბექა ყოველ წელს ჩამოდის ნიუ იორკში და სტენი კლარკლთან ერთად აქვს კონცერტები, სულ ვესწრები. წელს ჩემი მეუღლე გავაცანი, ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. ნიუ იორკში ყველას უყვარს ბექა.

- ამერიკელი ვარსკვლავებიდან იცნობ ვინმეს?

- ჰამპტონებში, ჩვენს მამულებთან ახლოს სულ ვარსკვლავები ცხოვრობენ. აქ ხშირად ვხვდები ცნობილ ადამიანებს, როდესაც ძაღლები გამყავს სასეირნოდ, ან ყავის მაღაზიაში შევდივარ. ჰოლივუდის ცნობილ მსახიობთან ალეკ ბოლდუენთან ჩვენ ოჯახს ახლო მეგობრობა აკავშირებს. ალეკი ჩემი მეუღლის ბადია - ასე ეძახიან ერთმანეთს.

ალეკ ბოლდუინის მეუღლე იოგის მასწავლებელი იყო. მე კიდევ, ერთი მებრძოლი ადამიანი ვარ და უცხო ქვეყნიდან ჩამოვედი სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად. მე ყველას ვუამბობ ჩემი ქვეყნის შესახებ. მეუღლე ჩემი აქტივობით ამაყობს და ყველას უყვება, რომ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკას ვაპროტესტებ.

ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი მეუღლე შემდგარი კაცია, მისი სიტყვა ოჯახში კანონია. ქართველი დედიკოს ბიჭი კი არ არის, დედის ჭკუაზე რომ გაიაროს.

- იტალიაშიც იცხოვრე, ახლა აშშ-ში ხარ... ამ ქვეყნების ცხოვრების სტილი ალბათ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან...

- რა თქმა უნდა, იტალიაში უფრო მეტი ურთიერთობებია, ამერიკაში კი ხალხს ამისთვის დრო არ რჩება, აქ სულ შრომობ, პროგრამასავით გაქვს მთელი დღე გაწერილი. დილას ყავას სვამ, გაზეთს კითხულობ, შემდეგ სამსახური, შესვენება, საღამოს სახლში დაბრუნებული, ერთ საათს მაინც იტოვებ ვარჯიშისთვის.

ამერიკაში შაბათ-კვირას ატარებენ ოჯახში ან მეგობრებთან მიდიან. იტალიაში „ლანჩის“ დროს ყველაფერი იკეტებოდა, იქ ამერიკელებივით ქუჩაში არ ჭამდნენ. ამერიკაში ვინ დაკეტავს ჭამის გამო ოფისს? აქ 24 საათი მუშაობენ, აქ ცხოვრება ძალიან ძვირია და თუ არ მუშაობ, მკვდარი ხარ.

იტალიაში კარგი სამსახური მქონდა, მუდმივი კონტრაქტით, იტალიელ პოლიტიკოსთან მატეო რენცისთან ერთად ყოველ დილას ყავას მივირთმევდი. ადგილობრივმა ტელევიზიამ ჩემზე სიუჟეტიც კი გააკეთა. 4 წელი ვიცხოვრე, შევდიოდი ქართულ ციხეებში, საავადმყოფოებში თარჯიმნად და ვეხმარებოდი ქართველებს. საემიგრაციოში იმ პერიოდში ერთადერთი ქართველი ვიყავი, ვინც ამას აკეთებდა.

საქართველოში 2013 წელს რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, რომ მანდ გამეგრძელებინა კარიერა. ახალი შეცვლილი იყო მთავრობა და წარმოდგენა არ ჰქონდათ მინისტრებს, ვინ რას აკეთებდნენ, თავისი ხალხი დაასაქმეს. მე ერთი გლეხის შვილი ვიყავი და თუ ვინმე არ გედგა თავზე, ვერაფერს გააკეთებდი. დავბრუნდი იტალიაში და სასწავლო პროგრამით ამერიკაში წავედი. ეს იყო ბავშვობის ოცნება, ქვეყანა, სადაც ყველა ოცნება სრულდება!

- ამერიკული ტრადიციებიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?

- "მადლიერების დღე" - ეს არის ულამაზესი ტრადიცია, რასაც აქ მცხოვრები ყველა რასისა და რელიგიის ადამიანი აღნიშნავს. ამ დროს ოჯახის წევრები, მეგობრები, იკრიბებიან სუფრასთან, ამზადებენ კერძებს, ტკბილეულს, წელიწადში ერთხელ მადლობას უხდიან ერთმანეთს, ღმერთს, შვილებს, უფროსს, სამსახურს. მადლიერების ნიჭი რომ გაქვს ადამიანს და თუნდაც წელიწადში ერთხელ ამას აღიარებ, მართლა სასწაული შეგრძნებაა.

მე ბედნიერი ყოველთვის ვიყავი, რადგან წვრილმანებიც კი მაბედნიერებს. დილას მზეს რომ ვხედავ, უკვე მიხარია, აბაზანაშიც ვმღერი. ზუსტად ეს მოსწონს ჩემს მეუღლეს, ჩემი სიხალასე, პატიოსნება, მხიარულება. მეკითხებიან, არასოდეს ჩხუბობთო, რაზე უნდა ვიკამათოთ, ჩხუბობ მაშინ, როცა რაღაც გინდა და არ გაქვს. უსიამოვნება ეკონომიური პრობლემებიდან მოდის, მე კიდევ ყველაფერი მაქვს!

მართალია, მეც „ფრაივაით პერსონა“ გავხდი, მაგრამ ხშირად ვხვდები მეგობრებს, დავდივარ მათთან ერთად გამოფენებზე. უბრალოდ, ვცდილობ, ფოტოები სოციალურ ქსელში მხოლოდ მეგობრებისთვის გავაზიარო. ახლა ვეღარავინ გამიფუჭებს საქმეს, რაც არ უნდა ეცადონ. ძალიან გულღია ვიყავი, სუფრებს ვამზადებდი და სახლში ყველას ვუშვებდი. ახლა უბრალოდ ვცდილობ, ქართველებთან ურთიერთობისგან თავი შევიკავო.

- მართალია, ამბობ, რომ ქართველებთან ნაკლებად კონტაქტობ, თუმცა რამდენიმე დღის წინ პატრიარქის ყოფილ დაცვის უფროსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე. კომენტარებში წერდი, რომ თუ ოდესმე გულახდილად საუბარს გადაწყვეტს, მხოლოდ შენთან ისაუბრებს. სოსო ოხანაშვილს საიდან იცნობ?

- დიახ, დამპირდა, რომ ჩემთან ისაუბრებს ამ თემაზე და იმედია პირობას შეასრულებს. სოსოს წლებია საპატრიარქოდან ვიცნობ, იქ ყველა მიცნობდა. პატრიარქსაც კარგად ვიცნობ. ყოველ კვირას მივდიოდი ჩემ შვილთან ერთად წირვაზე და პატრიარქი რომ გამოდიოდა, სამების ეკლესიაში წასვლამდე გვლოცავდა.

ბატონ სოსოს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. რომ გავიგე აშშ-ში ჩამოვიდა, დავურეკე და შევხვდით ერთმანეთს. არ მაინტერესებს მასზე ვინ რა სისულელეს იტყვის, ვიცი ის როგორი ადამიანიცაა.

- როდის ისაუბრებს მომხდარზე, ამერიკაში ვისთან ერთად ცხოვრობს?

- როდესაც გადაწყვეტს ყველაფრის თქმას, დავსხდებით და ვისაუბრებთ. მაგარი კაცია ძალიან, არაფერი დაიჯეროთ, რასაც მასზე ამბობენ. საპატრიარქოში რაც მოხდა, ეს არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ოინები, მას უნდოდა რომ ეკლესიაშიც შესულიყო და ძირი მოეღო ყველაფრისთვის, ბოლომდე გაათახსირა კიდეც. მეტი სოსოზე საუბარი არ მინდა ამ ინტერვიუში.

- დასასრულს გვითხარი, როგორ ემზადებით ამერიკაში ახალი წლისთვის?

- აქ იმხელა მნიშვნელობას არ ანიჭებენ ახალ წელს, როგორც შობას. შობას მივდივართ ჰამპტონების სახლში, ოჯახის ყველა წევრი ერთად ვიკრიბებით. ვრთავთ ნაძვის ხეს, დილას ბეიგელს ვჭამთ და შემდეგ "კოფი შოპში" მივდივართ. საღამოს ვახშმისთვის ყველა ერთად ვამზადებთ კერძებს, ვხსნით საჩუქრებს. სხვათაშორის, წინასწარ ვეკითხებით ერთმანეთს ვის რა გაუხარდება და იმ ნივთს ვყიდულობთ, რომ მერე გული არ დასწყდეთ.