მექსიკის ჩრდილოეთით ნარკოკარტელის წევრებმა ოთხი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო "ესოშიეითიდ პრესი" იუწყება.
საუბარია ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ერთ ჟურნალისტზე, გაზეთ "ელ ვესპერტინოს" კორესპონდენტსა და ტელეარხ "ტელევისას" ორ რეპორტიორზე. ისინი დურანგოსა და კოაუილას შტატების საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, სადაც ისინი ნარკოკარტელის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის შესახებ რეპორტაჟების სერიას ამზადებდნენ.
ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გამტაცებლები ითხოვდნენ, ეჩვენებინათ ტელევიზიით ვიდეორგოლი, რომელშიც საუბარი იქნებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფისა და მაღალი თანამდებობის პირების ფედერალური დონის თანამშრომლობაზე.