ავტორი:

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

სერია "ქართველი მეფეები", რომლის მიმართაც მკითხველის დიდი ინტერესია, 24-ე ტომის - "დავით ულუს" გამოსვლით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მკითხველებს გაუჩნდათ უკმარისობის გრძნობა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი ქართველი მონარქის ბიოგრაფია...

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, პროექტის გაგრძელება და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების მეტნაკლებად სრული გამოცემის შექმნა.

"ორი წლის წინ, როდესაც გადაწყდა „ქართველი მეფეების“ სერიის მომზადება, ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს პროექტი ესოდენ დიდ მასშტაბებს შეიძენდა. რა თქმა უნდა, ჩვენში ისტორიისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სამეცნიერო გამოცემები ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში.

"ქართველი მეფეების“ თითოეული ტომი კი, ძირითადად, პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომია. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მართლაც რომ ელოდა ამ პროექტს" - პროექტის ავტორი, ჯაბა სამუშია.

გათვალისწინებულ 24 ტომში სულ 28 მეფის ბიოგრაფია უნდა შესულიყო (რამდენიმე ტომში, ერთდროულად, ორი მონარქის ბიოგრაფია შედიოდა). თავიდან განისაზღვრა სია მონარქებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ნარკვევები დაიწერებოდა. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა პირველად იწერებოდა. ამიტომ, ავტორებადაც, საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ეპოქებზე.

"თამარ მეფის" მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა; შემდეგ იყო მეორე ტირაჟი, ისიც უმალვე გაქრა; შემდეგ - მესამე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მსგავსი შინაარსის პროექტი, რომელსაც ასეთი რეზონანსი ჰქონოდა," - ამბობს ჯაბა სამუშია.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გადაწყვეტილებით, სერიას 12 ტომი დაემატა და იგი 24-ის ნაცვლად, 36 ტომს გააერთიანებს. გამოცემა თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.