ავტორი:

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"

ცნობილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის დახვეწილი და ელეგანტური სამოსის ბრენდი Blooms შექმნა.

"თბილისის მოდის კვირეულის" და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსის" დამაარსებელი ყოველთვის გამოირჩევა არაჩვეულებრივი სტილით, შესაბამისად, კოლექციის შექმნისას, კონცეფციაზე ბევრი არ უფიქრია და შექმნა ის, რასაც თავადაც სიამოვნებით ჩაიცვამდა.

იქონია თუ არა გავლენა მოდელის გადაწყვეტილებაზე მისმა მეგობარმა, მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ და რით არის გამორჩეული Blooms-ის სამოსი - თაკო ჩხეიძეს თავის ახალ ამპლუაზე სასაუბროდ AMBEBI.GE ჭონქაძის ქუჩაზე, ბრენდის შოურუმში ესტუმრა:

- თაკო, როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კოლექციის შექმნა?

- ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც წარმატება მოიპოვა 3 წლის წინ ანალოგიური კონცეფციით შექმნილმა ბრენდმა Bespoke Tbilisi, რომელიც იმავე მომსახურებას მამაკაცებს სთავაზობს.

ეს არის უმაღლესი ხარისხის ქსოვილებისგან შექმნილი სამოსი ახლა უკვე მანდილოსნებისთვისაც. ამ ეტაპზე ჩემს მიერ წარმოდგენილი კაფსულა-კოლექცია, 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

Blooms-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, ვისთვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხი და სტილი ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრენდის კიდევ ერთი უპირატესობა მსოფლიოში ცნობილ ქსოვილების მწარმოებელ ბრენდებთან ექსკლუზიური თანამშრომლობაა, რაც გულისხმობს წვდომას მოდის სამყაროში ისეთ პოპულარულ სახელებთან, როგორებიცაა: Loro Piana, Dormeuil, Vitale barberis Canonico,Fratelli Tallia Di Delfino, Paolo De Olivera, Maecotto, Marlane, Lanificio Di Pray, Alfredo Rodina, Carlo Barbera, Tollegno, Angeliko, Duka Viskonti Brisbane, Drago, Solbiati, Cerutti...

- ხომ არ იქონია თქვენს ახალ გამოწვევაზე გავლენა თქვენმა მეგობარმა დემნა გვასალიამ?

- პირველ რიგში ვიტყვი, მე დიზაინერი არ ვარ. ქართველი მანდილოსნები მუდმივად გამოირჩევიან გემოვნებით და დახვეწილი ჩაცმულობით, თუმცა ბევრჯერ მსმენია, რომ მათ უჭირდათ ხარისხიანი კლასიკური სტილის სამოსის შეძენა, ამიტომ რასაც მე ვიცმევ, ის შევქმენი კოლექციის სახით.

დემნას რაც შეეხება, მას ამაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რატომ არ აკეთებ საკუთარ კოლექციასო. ეს იყო და ეს. ის იმდენად დაკავებულია, როცა ვხვდებით, ჩემს გეგმებზე სასაუბროდ არ გვცალია.

- ცნობილია, რომ დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე თქვენს მიერ შექმნილი სამოსი გეცვათ...

- კი, ჩემს მიერ შექმნილი "ელექტრიკი" ლურჯი ფერის სამოსი მეცვა. დაემთხვა და როდესაც ჩვენებაზე მივედით, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ლურჯი ფერის იყო, რის გამოც შემდეგ მეხუმრებოდნენ, თუმცა არ შეგვითანხმებია, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი მეგობრობა?

- დემნასთან 2010 წლიდან ვმეგობრობ. იმ დროს ის "მარჯიელაში" მუშაობდა. თბილისის მოდის კვირეულზე გვყავდა მოწვეული და პერფორმანსი გააკეთა. ორ წელიწადში კი ახალბედა დიზაინერების ჟიურის წევრი გახლდათ, ამდენი წელია ერთად მოვდივართ.

- დამოუკიდებლად ქმნით ამ კოლექციას?

- თავდაპირველად ვფიქრობდი დიზაინერთან მეთანამშრომლა, მაგრამ შემდეგ შევცვალე გეგმები, გადავწყვიტე რაც მე მომწონს და მაცვია, ისეთი კოლექცია შემექმნა, ამან კი ძალიან გამიმარტივა მუშაობა.

კლასიკური სტილის სამოსს ნებისმიერი ქალის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ ის დახვეწილი და ხარისხიანი უნდა იყოს.

- მაღალი ფასები აქვს თქვენს ნამუშევრებს?

- უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით ვქმნი კოლექციას, შესაბამისად ფასი დაბალი არ არის, თუმცა ვინც ნახა, იმდენად ხარისხიანია, მითხრეს, რომ უფრო მაღალ ფასებს ელოდნენ.

- ხომ არ გეგმავთ Blooms-ის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას?

- ჯერჯერობით ქართული ბაზრისთვის ვიმუშავებ, ასეთი დიდი გეგმები არ მაქვს...

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან