ავტორი:

"ათივე მშობელი და მასწავლებელი ინფორმირებული იყო ფოტოსესიის შესახებ... ყველა ესწრებოდა გადაღებას" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალები

"ათივე მშობელი და მასწავლებელი ინფორმირებული იყო ფოტოსესიის შესახებ... ყველა ესწრებოდა გადაღებას" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს მტკიცებულებები, რომ დაკავებულებმა იცოდნენ, რა შინაარსის ფოტოსესიაში იღებდნენ ბავშვებს და ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ მათ ანაზღაურება აიღეს.

"არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ამჟამად, დღევანდელ განსახილველ საქმეზე დაბარებულია საერთო ჯამში 21 ადამიანი, აქედან 10 ადამიანის აღკვეთი ღონისძიება უკვე იყო, 11-ის აღკვეთი ღონისძიება განიხილება დღეს.

10 მშობელია, 1 მასწავლებელი, ათივე მშობლის შემთხვევაში, ისევე, როგორც მასწავლებლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც ხდებოდა ფოტოების გადაღება.

ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად, გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული, აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები.

ვინც დაკავებულია, ყველა მათგანი ესწრებოდა ფოტოგადაღებას”, - განაცხადა პროკურორმა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. გამოძიებისვე ინფორმაციით, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს

დიღომში ქალი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

სოფელ დირბში სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლისძმა დააკავეს