ავტორი:

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გაიცანით სანა მარინი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გაიცანით სანა მარინი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 34 წლის სანა მარინი პრემიერის სავარძელს ოფიციალურად ამ კვირაში დაიკავებს.

აქამდე სანა ფინეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრად მუშაობდა. მარინი კვირას, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ აირჩია, რაც უკვე ყოფილმა პრემიერმა, ანტი რინემ პოსტი დატოვა.

მარინი ფინეთის მესამე ქალი პრემიერია. არჩევის შემდეგ მარინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეეცდება საზოგადოების ის ნდობა დაიბრუნოს, რომელიც წინამორბედი მინისტრის მმართველობის დროს შემცირდა.

„ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ნდობის აღსადგენად“, - ამბობს მარინი.

აქამდე მსოფლიოს მოქმედი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერები უკრაინის 35 წლის პრემიერ- მინისტრი ალქსეი გონჩარუკი და ახალი ზელანდიის 39 წლის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი იყვნენ.

სანა მარინი, ჯასინდა არდენის მსგავსად, პოლიტიკურ საქმიანობას დედობასაც უთავსებს. ის ახალბედა დედაა.

პოლიტიკური მოღვაწეობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მშობლიურ ქალაქ ტამპერეს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა.

„არასოდეს მიფიქრია ჩემს სქესსა და ასაკზე, ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც პოლიტიკაში მოვედი და იმ საკითხებზე, რომლითაც ამომრჩევლის ნდობა მოვიპოვეთ“, - ამბობს სანა მარინი.

მას ტამპერეს უნივერსიტეტის მეცნიერების ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ფინეთის პრემიერს ერთი შვილი ჰყავს მარკუს რაიკუნენისგან, რომელთანაც უკვე წლებია ცხოვრობს.

ფინური გამოცემის, YLE. Fi-ს ცნობით, სანე მარინი მარტოხელა დედამ და მისმა მეგობარმა ქალმა გაზარდეს. ის ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა, მამის შესახებ კი არაფერი იცის.

მარინი ღიად საუბრობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, მათ უფლებებზე და ამბობს, რომ საზოგადოებაში ერთნაირსქესიანთა სიყვარულის შესახებ არსებული სტიგმის გამო ბავშვობაში თავს შეუმჩნეველ ადამიანად გრძნობდა.

„ჩვენ არ ვიყავით აღიარებული როგორც ნამდვილი ოჯახი. გაჩუმება ძალიან რთული იყო. როდესაც საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ვგრძნობდი, რომ პოლიტიკოსები სრულიად განსხვავდებოდნენ და ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია ჰქონდათ. იმ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ მეც ჩავებმებოდი პოლიტიკაში.

ყველა ადამიანი თანასწორად მიმაჩნდა და ეს უბრალოდ მოსაზრება არ არის, თანასწორობა ყველაფრის ფუნდამენტია“, - ამბობს სანა ფინურ გამოცემა menaiset.fi-სთან საუბრისას.