ავტორი:

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე

სახალხო დამცველის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმები გამოიკვეთა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ომბუდსმენის განმარტებით, მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს.

"სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი "მაყურებლები" ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

რეალურად ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან" - განმარტა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის განმარტებით, არაფორმალური მმართველობისა და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT).

როგორც სახალხო დამცველი ამბობს, აღნიშნულ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პატიმრები იყრიან თავს, შესაბამისად, ნინო ლომჯარია პრობლემის მოგვარებას ციხის ინფრასტრუქტურის შეცვლაში, მცირე ზომის საპატიმროების აშენებაში, ბადრაგის, ციხის ადმინისტრაციისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდაში ხედავს.