ავტორი:

"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

"მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ ცოცხლად... ჩვენ კი ძალიან გვიან ვიღებთ ხმას" - რას წერს გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძეზე

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია გარდაცვლილი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის შესახებ ემოციურ პოსტს წერს.

კალანდიას თქმით, ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მოშურნეებმა შეიწირეს, მის დასაცავად კი საზოგადოებამ არაფერი გააკეთა.

"რომ არ დამეწერა არ შემეძლო! გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი - ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა...

დიახ, მხოლოდ საქართველოში, "ოსკარზე" და "ოქროს გლობუსზე" ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო. ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას, როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვიში და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია!

არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის!

მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემს მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე, უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, ჰოდა დაიწყო... ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს!

და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს....

დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე ვითარცა რკინა და „უშიში ვითარცა უხორცო“, რადგან როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს.

ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა!

ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენ ხსოვნას მივუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედრკულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ მიისწრაფოდა... მარად შენი მეგობარი გიორგი კალანდია" - წერს კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გული სახელდება. ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო...

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

რეჟისორს 12 დეკემბერს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

როგორი ნაძვის ხე აქვს კახა კალაძეს სახლში - ფოტოები ანუკის "ინსტაგრამიდან"

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო