ავტორი:

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

ამბობენ, რომ მშობლისა და შვილის სიყვარული უპირობო და ყველაზე სუფთა რამაა ამქვეყნად. სიყვარულს მშობლები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ზოგიერთი კი თავის პატარას ტუჩებშიც ჰკოცნის, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ყოველივე ბავშვისთვის? ამ თემაზე ხშირად წააწყდებით დისკუსიას დედების ჯგუფებში, თუმცა საერთო აზრამდე, ცხადია, ვერ მიდიან.

ალბათ, "ინსტაგრამზეც" გინახავთ როგორც კოცნიან ტუჩებში პოპულარული ადამიანები თავიანთ შვილებს. მათ შორის არიან დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები, კრიშტიანუ რონალდუ და სხვები.

როგორც ბავშვთა ამერიკელი ფსიქოლოგი, შარლოტა რეზნიკი ამბობს, ბავშვის ტუჩებში კოცნა სულაც არ არის კარგი იდეა. შარლოტა განმარტავს, თუ რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში:

ეს შეიძლება არღვევდეს ბავშვის პირად სივრცეს, მის საზღვრებს - როდესაც ბავშვს ტუჩებში ჰკოცნით, ამით მას უჩნდება განცდა, რომ შეიძლება ტუჩებში სხვებმაც აკოცონ და რომ ეს ნორმა, ჩვეულებრივი ამბავია. მომავალში, ზრდასრულ ასაკში ასეთ ბავშვებს უჭირთ „არას“ თქმა, თვლიან, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვთ მათი შეხების, მათი საზღვრების დარღვევის უფლება. ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში უჭირთ პირადი სივრცის დაცვა.

თუ შვილს ტუჩებში ჰკოცნით, ეს არაჰიგიენურია და მის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებთ - სტომატოლოგები, ამბობენ, რომ პირში უამრავი მიკრობია, რომელიც შეიძლება ზრდასრულისთვის სახიფათო არ იყოს, თუმცა სახიფათოა მოზარდისთვის და სანამ ბავშვის იმუნური სისტემა განვითარების პროცესშია და სუსტია, ტუჩებში კოცნა ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. შარლოტა რეზნიკის თქმით, შესაძლოა, პატარას ორგანიზმში მშობლის პირის ღრუდან სახიფათო ინფექციები მოხვდეს.

ბავშვმა შეიძლება სხვა ადამიანებსაც აკოცოს ტუჩებში სიმპათიის გამოსახატად - ფსიქოლოგის თქმით, საერთოდ, ბავშვი საზოგადოებაში ისე იქცევა, როგორც სახლში, მშობლისგან სწავლობს. ის მშობლისგან ყველაფერს ისრუტავს. ამიტომ, თუ ტუჩებში ჰკოცნით, დიდი ალბათობით, სხვა ბავშვებს, ან ზრდასრულებს სიმპათიის გამოხატვის ნიშნად, ტუჩებში აკოცებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მშობლისა და შვილის ტუჩებში კოცნა უცოდველი ჟესტია, მაგრამ როცა პატარა სხვა ადამიანებთანაც იგივეს იმეორებს, ის ვერ აცნობიერებს ქმედების ინტიმურობას და დაუცველია.

ფსიქოლოგი რეკომენდაციას უწევს მშობლებს, რომ ბავშვს მხოლოდ ლოყაზე, ან შუბლზე აკოცონ.