ავტორი:

"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები

"მაყურებლები" და "პრივილეგირებული პატიმრები" ქართულ ციხეებში - ვის გავლენებზე საუბრობენ ომბუდსმენი და უფლებადამცველები

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლებისა და "ავტორიტეტების" არსებობა სიახლე არ არის. ომბუდსმენის ანგარიშებში ყოველწლიურად ხვდება ციხეში არსებული მდგომარეობა, თუმცა სახალხო დამცველმა ციხეებში კრიმინალურ სუბკულტურასა და არაფორმალურ მმართველობაზე ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა, თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ მოუგვარებენ პრობლემებს... რეალურად, ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს" - განმარტა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლების გასაუბრებას მსჯავრდებულებთან ხშირად ესწრებიან ე.წ ავტორიტეტები და ფაქტობრივად, აკონტროლებენ პატიმრების საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან.

ამ პრობლემის სიმწვავეზე უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია საუბრობენ. მეტიც - ისინი ციხის ადმინისტრაციას კრიმინალებთან ალიანსში და ერთობლივ მმართველობაში ადანაშაულებენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ე.წ. მაყურებლებს, ციხის ადმინისტრაცია ციხეებში კონტროლის დამყარებისთვის იყენებს, შედეგად ეს მსჯავრდებულები გაწეული სამუშაოსთვის პრივილეგიებს იღებენ.

"არაერთხელ უთქვამთ პატიმრებს ჩემთან შეხვედრისას, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლები განაგებენ სიტუაციას და შეთანხმებულები არიან ციხის ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაცია მათ იყენებს სიტუაციის სამართავად, რაც საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.

თუ არის ციხეში კრიტიკული მსჯავრდებული, რომელიც პრობლემებს უქმნის ადმინისტრაციას, "მაყურებლებს" უგზავნიან და აჩუმებენ. შედეგად ეს "მაყურებლები" იღებენ, მაგალითად ინტერნეტთან წვდომის უფლებას, ან სხვა პრივილეგირებულ მდგომარეობას, რაც პატიმრისთვის დაუშვებელია.

რუსთავის #6 დაწესებულებიდან მოგვწერა მსჯავრდებულმა, რომელსაც ჰქონდა ადმინისტრაციასთან პრობლემა. ადმინისტრაციამ პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ჩართო ციხის "მაყურებლები". ეს პატიმარი იძულებული გახდა ღია დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა მოეთხოვა, რადგან მას სერიოზული დისკომფორტი შეუქმნეს „მაყურებლებმა“ და მისი იქ დარჩენა საფრთხის შემცველი იყო" - უყვება AMBEBI.GE-ს დიმიტრი ნოზაძე.

ციხის ადმინისტრაცია რომ კრიმინალებთან ალიანსშია და ზოგიერთ მათგანს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, ამას მოწმობს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი საქმეც. N17 დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმარზე ფიზიკურად იძალადეს ე.წ პრივილეგირებულმა მსჯავრდებულებმა, რაც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა წამებად. ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილების გადამეტებაში, ვინაიდან "პრივილეგირებულ პატიმრებს" დაწესებულების ტერიტორიაზე ღამის საათებში შეუზღუდავი გადაადგილების უფლება ჰქონდათ მინიჭებული.

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ამ პრობლემაზე საუბარია წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის ანგარიშშიც. დოკუმენტში საუბარია, რომ "ერთ-ერთ დაწესებულებაში, პატიმრების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც დაწესებულების მართვაზე დიდი გავლენა აქვს, იმყოფება სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგალითად, მათ საკანში აქვთ პლაზმური ტელევიზორი, აკვარიუმი, რბილი ავეჯი, სურათები კედლებზე და ა.შ."

ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სისტემის განვითარებას. კრიმინალური გავლენებით შეუძლებელი ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარი მიზნის მიღწევა, რისთვისაც არსებობს დაწესებულება - არა დასჯისთვის, არამედ პატიმართა რესოციალიზაციისთვის. ამ მიზნებს ემსახურება დაწესებულებებში მოქმედი საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამები, სადაც ჩართვის გარეშეც, რეაბილიტაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. კრიმინალური სუბკულტურისთვის, ე.წ „ქურდული გაგებით“ კი ციხეში შრომა და განათლება, მიუღებლად ითვლება.

განსაკუთრებული პრობლემები დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებში იკვეთება (მაგ. რუსთავის N17, გეგუთის N14, ქსნის N15), სადაც პატიმართა დიდი ნაწილი იხდის სასჯელს. ციხის ადმინიტრაციის თანამშრომლების სიმწირის გამო ვერ ხერხდება შეაბამისი დისციპლინისა და კონტროლის დამყარება. სწორედ ამიტომ, ომბუდსმენის მთავარი რეკომენდაციაა, ყურადღება გამახვილდეს მცირე, დახურული ტიპის დაწესებულებების მშენებლობაზე.

რატომ გახდა დაუძლეველი პრობლემა ქართული სასჯელაღსრულების სისტემისთვის ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტი და მისი გავლენები ციხეებში - ამაზე სასაუბროდ კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს პროფესორ გიორგი ღლონტს მივმართეთ.

პროფესორი ამბობს, რომ ახლა საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები თითქმის არ არიან და "ქურდული მენტალიტეტიც" მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, რადგან საზოგადოებისთვის "ქურდული გაგება“ დრომოჭმული გახდა.

"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში "კრიმინალური ავტორიტეტების" გავლენა ძალიან დაბალია. თქმულება "კანონიერი ქურდის" რაინდობაზე წარსულს ჩაბარდა. ახალგაზრდობა ადრე სულ შავებით რომ დადიოდა, ეს ქურდული მენტალიტეტის გავლენა იყო. დღეს აღარ არის ქურდების თემა პოპულარული, დრო მოჭამა.

ამასთან, ვინც არიან დარჩენილები „ქართველი ქურდები", ძირითადად, უცხოეთში არიან, რადგან მათთვის აქ ხელსაყრელი გარემო არ არის - საქართველო ღარიბი ქვეყანაა, არც დიდი ბიზნესები არსებობს. ვინც აქ არის, უმრავლესობა ციხეშია. ამიტომ თუ რამე ხდება ციხეებში ისევ, ეს გაცილებით დაბალ კრიმინალურ დონეზეა წარმოდგენილი და მათზე კონტროლის დამყარება, თუ ციხის ადმინისტრაციამ მოინდომა, უმარტივესია“ - ამბობს კრიმინოლოგი.

AMBEBI.GE ომბუდსმენისა და უფლებადამცველების მიერ წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, თუმცა უწყებას საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ