ავტორი:

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება

შოუს "დიდი სცენა" "რუსთავი 2"-ის ეთერში მაყურებელი მალე იხილავს. როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, საინტერესო სანახაობა მზადდება - კარგი ჟიურით, კონკურსანტებით და წამყვანებით...

AMBEBI.GE დღეს ერთ-ერთ წამყვანს ნინი კუპრაძეს გაგაცნობთ. ის "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის "დილა უქმეებზე" ჟურნალისტია. ნინი შოუს დეტალებზე, მის საქმიანობაზე და დედაზე გვიყვება, რომელიც ცნობილი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია და რომლის გავლენითაც ეს პროფესია აირჩია.

"ვსწავლობ ბიზნეს-ადმინისტრირებისა და ტურიზმის ფაკულტეტზე, მაგრამ ჩემი სპეციალობით არ ვმუშაობ. პარალელურად ჟურნალისტიკაზეც ვსწავლობდი, ისე, არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ჩემი სპეციალობითაც ვიმუშავო. ჯერჯერობით ისე მომწონს ჟურნალისტობა, რომ სხვას არაფერს ვაპირებ," - გვეუბნება ნინი კუპრაძე, რომელიც უკვე 2 წელია "რუსთავი 2"-ში საქმიანობს.

ამბობს, რომ თავიდან "კურიერის" ვებგვერდზე მუშაობდა - ტექსტებს წერდა, შემდეგ პროექტ "მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონზე... ერთი სიტყვით, ტელევიზიაში ბევრ პოზიციაზე გამოსცადა თავი. "მხოლოდ ქართული 3" რომ დავიწყეთ, იქ ერთ-ერთი წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არხის გარშემო განვითარებული ამბების გამო, ყველაფერი შეიცვალა. მე ეს მხარე ავირჩიე, დავრჩი "რუსთავი 2"-ზე, სადაც ასევე დაიწყო პროექტი "დიდი სცენა".

ამ შოუში სარეკლამო ჭრების წამყვანი ვიქნები, ასევე ჩვენი სპონსორის "ევროპის უნივერსიტეტის" ოთახიდანაც წავუძღვები პროექტს," - აღნიშნავს ნინი და გვიხსნის, რომ "დიდ სცენას" სხვა შოუებთან შედარებით, განსხვავებული წესები ექნება. კონკურსანტი პირველ ლაივზე არ გავარდება. აუტსაიდერებს შემდეგ ლაივზე ექნებათ შანსი, ძალები ისევ მოსინჯონ და მორიგი ლაივის პირველი 15 წუთი სწორედ მათ დაეთმობათ - ისევ წარდგებიან მაყურებლის წინაშე, ერთმანეთს დუეტის სახით შეეჯიბრებიან.

"მე ამ 2 აუტსაიდერს გავესაუბრები, მათ გვერდით ვიქნები და შემდეგ უკვე სარეკლამო ჭრები იმავე ოთახიდან გვექნება, რა დროსაც მაყურებელს კადრს მიღმა შევახედებ," - ამბობს ნინი.

- ჟურნალისტიკა ასე რომ შეგიყვარდა, სავრაუდოდ, დედის დამსახურება უნდა იყოს, რადგანაც ცნობილი ჟურნალისტის თამარ ბაღაშვლის შვილი ხარ...

- კი ასეა, მისი დამსახურებაა. პატარა რომ ვიყავი, ჟურნალისტობა არ მინდოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაც მომეწონა, თუმცა სულ იმას ვამბობ, რომ პოლიტიკური ჟურნალისტი არ ვიქრები, ჯერჯერობით ამის სურვილი არ მაქვს, რადგანაც თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ისე, ხვალ რა იქნება, არ ვიცი, შეიძლება ბოლომდე დედაჩემის კვალს გავყვე... ამას მომავალი გვიჩვენებს.

- ბავშვობაში ჟურნალისტიკა ალბათ დედას "გართმევდა" და ამიტომ, არ გინდოდა ამ პროფესიას გაყოლოდი?

- კი, სულ დედის დეფიციტი იყო... თან, მუდმივად ცხელ თემებზე მუშაობდა - პოლიტიკაში. ამას დიდი დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ არ მსიამოვნებდა. მოკლედ, არ მინდოდა, იგივე მეკეთებინა, მაგრამ როდესაც ჟურნალისტობა დავიწყე, დედამ ხელი შემიწყო, ძალიან მგულშემატკივრობს, ყველა ჩემს ეთერზე ნერვიულობს. გადაცემის "დილა უქმეებზე" კულტურის ჟურნალისტი ვარ, კრიტიკული თვალით მიყურებს და მაფასებს. ისე მეტად უფრო თავიდან მაკრიტიკებდა, უნდოდა, უკეთესი ვყოფილიყავი. ახლა ცოტა განეიტრალდა - მაკრიტიკებს და კარგ რაღაცებსაც მეუბნება.

- მკაცრი დედაა?

- უფრო მომთხოვნი, ბევრ რაღაცას ითხოვს. ჰგონია, რომ მეტი და მეტი შემიძლია. უნდა, რომ საუკეთესო ვიყო და საქმეში მთელი გული ჩავდო, თავი, დრო და ენერგია არ დავზოგო.

- მაგრამ დედა-შვილი დღეს სხვადასხვა არხზე მუშაობთ...

- ბევრი ვისაუბრე ამაზე, მაგრამ პასუხი მაინც ერთია - ადამიანური ურთიერთობები უფრო ღირებულია. მეგობრები მყავს როგორც "რუსთავი 2"-ში, ასევე ყველა ტელევიზიაში და იმას, ვინ სად მუშაობს, ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია. ვიმეორებ, არ ვარ პოლიტიკური ჟურნალისტი. ასე რომ, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი და დედაჩემმა - თავისი, - ყველას არჩევანს პატივს ვცემ.

- შოუს რომ დავუბრუნდეთ - რას ჰპირდება "დიდი სცენა" მაყურებელს?

- არაჩვეულებრივ შოუს გპირდებით, იქნება განსხვავებული. სიმღერის კონკურსია და ამიტომ მოვიძიეთ მომღერლები სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ სიმღერა - ეს არის პერფომანსები, შოუს სახით დადგმული ელემენტები, მსგავსი პროექტი ჯერ არ გაკეთებულა. ამასთან, არ გვინდა, რომ კონკურსანტები განაწყენებულები წავიდნენ. ასევე აღსანიშნავია, ჟიურის წევრების დამოკიდებულება, ამას ნახავთ კიდეც, რომ კონკურსანტები არ არიან გულდაწყვეტილები იმ სერიებში, რომელიც 15 დეკემბერს დაიწყება. ჟიური არგუმენტირებულად უხსნის თითოეულს, თუ რატომ "არა". შოუს წარმატებას ეს ჟიური ხელს უწყობს და დიდად ეხმარება. ასე რომ, გვიყურეთ!

გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი