ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის სატელევიზიო ეთერს სკანდალურობა არ აკლია, მაგრამ ინტერვიუც თუ ასეთი გამოვიდოდა, ნამდვილად არ ველოდი. რთული ჟურნალისტური გზა გაიარა, მაგრამ არაფერს ნანობს. ზოგი სამსახური თავად დატოვა, ზოგიც დაატოვებინეს. პასუხი ყველა კითხვაზე აქვს და საკმაოდ გულახდილად საუბრობს. ზოგი ამას მინუსად უთვლის, თუმცა მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობს კოლეგებზე და ტელეკომპანია "მაესტროში" მომხდარ გაუხმაურებელ სკანდალზე.
რატომ დატოვა "მაესტრო" ნინო ჟიჟილაშვილმა
- ალეკო, პოპულარობა "კავკასიის" ეთერმა მოგიტანათ, მანამდე რა გზა გაიარეთ?
- ეს იყო გრძელი და მტანჯველი გზა. თხუთმეტი წელია, რაც ჟურნალისტი ვარ. ჩემი მოღვაწეობა პრესიდან დაიწყო. პირველი მასალა 1996 წელს ჩეჩნეთის ომზე მოვამზადე. მერე აჭარაში, ასლან აბაშიძის თვითმმართველობის არჩევნებზე ვიმუშავე. მახსოვს, პირველად გაზეთში ჩემი სახელი და გვარი რომ დაიბეჭდა, ძალიან მაგარი განცდა დამეუფლა. შვიდასჯერ მაინც გადავშალე იმ გვერდზე, ხომ ნამდვილად მე ვარ-მეთქი (იცინის).
- ტელევიზია მალე შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში?
- არც ისე. ჯერ იყო რამდენიმე გაზეთი. მერე ორი საინფორმაციო სააგენტო. ამის შემდეგ "მოამბეში" ვმუშაობდი კორესპონდენტად. 19 წლის ვიყავი, როცა ნინო მეუნარგიასთან ერთად "ალიონი" მიმყავდა. უშუქობის პერიოდი იყო და წვერს ლამფის შუქზე ვიპარსავდი. ვერ მოვერგე დილის გასართობ გადაცემას და მალე შევეშვი. ყოველთვის პოლიტიკა მომწონდა და სამხედრო თემებზე ჭკუა მეკეტებოდა. ვმუშაობდი რადიოში, "მეცხრე არხზე", რომელიც, ალბათ გახსოვთ, საკმაოდ უცნაურად დაიხურა. ბოლოს ისევ "პირველ არხზე" დავბრუნდი, ზვიად ქორიძესთან ერთად ვიყავი და თვე-ნახევარში, როცა ზვიადს სამსახური დაატოვებინეს, მეც გამომიშვეს.
- მართლა მძიმე გზა გაგივლიათ...
- თან იმ პერიოდში დავოჯახდი და სამი თვე უმუშევარი ვიყავი. რადიოს სივრცე ძალიან მომწონდა და მუშაობა რადიო "თავისუფლებაში" გავაგრძელე. იქ სამი წელი დავყავი და მერე "მაესტროზე" გადავედი. ახლა "კავკასიას" შემოვრჩი.
- ხშირად იზღუდებოდა თქვენი თავისუფლება?
- არასოდეს. თავიდან არც ისეთ მნიშვნელოვან გადაცემებს ვაკეთებდი, რომ ვინმეს ჩემზე ზეწოლა დასჭირვებოდა. "პიკის საათის" დროს იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ჩემამდე არავის მოუტანია. დოდო შონავა მაგ საქმეში ფარი და მახვილი იყო და კარგად იგერიებდა. ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, იდეებით ატაცებული ვიყავი და თათბირზე სულ რაღაცას ვაპროტესტებდი.
- ახლა ხშირად გაქვთ ხმაურიანი ეთერი. ყველაზე სკანდალურად რომელ გადაცემას მიიჩნევთ თქვენს კარიერაში?
- კარიერა?.. არ მიყვარს ეს სიტყვა. რა ვიცი, ხალხმა ძირითადად იმ გადაცემით გამიცნო, კეზერაშვილს რომ ნარკომანი ვეძახე. ჩემი ჩათვლით ყველას ეგონა, რომ რაღაც შარში გავეხვეოდი, მაგრამ არაფერი დამმართნია. რა ვქნა ახლა, ძალით ხომ არ მივალ და თავს ხომ არ გავატეხინებ ვინმეს. ამის შემდეგ კეზერაშვილს ერთხელ შევხვდი რესტორანში. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი და გვერდიგვერდ მაგიდასთან აღმოვჩნდით, მაგრამ ის ადგა და გავიდა.
- სკანდალებს თავად ქმნით, თუ რესპონდენტები გაძლევენ ამის საშუალებას?
- მე ნამდვილად არ ვაწყობ სკანდალებს და ეს არც მაშინ მიცდია. უბრალოდ, ის გულის ნადები გამოვთქვი, რაც აგვიტოს ომის მერე მკლავდა. ნაღდად ნარკომანია კეზერაშვილი და ამას დღესაც დავუმტკიცებ. ამას წინათ ამერიკელმა ჟურნალისტმაც თქვა, მაგას ფული და ნარკოტიკები უყვარსო. აბა, მე კი არ მომადგა ენაზე.
- ძალიან ხმაურიან განცხადებებს აკეთებთ, მართლა არ გეშინიათ?
- აბა, რა ვქნა? სხვანაირად არ გამოვა. ახლა მივეჩვიე, მაშინ მართლა მეშინოდა. ვინც მიცნობს, სულ ასეთი ვარ. რაც ვიცი, ვამბობ, სხვაგანაც მქონია სკანდალები. მაგალითად, "პირველი არხიდან" ზვიად ქორიძე რომ გამოუშვეს, ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ, კორუმპირებულს ეძახდნენ. მეც ავხტი-დავხტი და მიმაყოლეს. არადა მითხრეს, გაჩუმდი, ენა გააჩერე და შენთვის იმუშავეო. სხვათა შორის, ისიც დაწერე, ბექაური რომ ახლა ენას ატლიკინებს, ჟიჟილაშვილი რა პროფესიონალია, გავუშვითო.
- "მაესტროს" დირექტორ კახა ბექაურს გულისხმობთ?
- დიახ, ნინო ჟიჟილაშვილი დიდი სკანდალით გაუშვეს "მაესტროდან". ინტერვიუ ჩაწერა გიგა ბოკერიასთან და ახტნენ, ჩვენ როგორ არ შეგვითანხმეო. ეგ ბექაური იყო, ზაზა შენგელიასთან ერთად ტყავს რომ აძრობდა სახელმწიფო ტელევიზიას. არსენა ოძელაშვილი არ ვარ, მაგრამ უსამართლობას ვერ შევეგუები. ბექაური - ეს კორუმპირებული პიროვნება, ციხეში რომ უნდა იჯდეს, ბრალს სდებდა ზვიად ქორიძეს, ბათუმის მივლინების ფული მომპარაო. არადა, ერთი კვირა მე და ჩემი გადამღები ჯგუფი მშივრები ვიყავით. უსირცხვილო, უტიფარი კაცი. დადიან ახლა ეგ და ზაზა შენგელია და კიდევ ბევრს ლაპარაკობენ.
- ალეკო, "მაესტროს" თავისუფლების ერთ-ერთ შუქურას ეძახიან და სწორედ ამ ტელევიზიის დირექტორია კახა ბექაური.
- ძალიან ვწუხვარ, რომ მამუკა ღლონტმა მაგ ხალხს ჩაუგდო ხელში ჩემი საყვარელი "მაესტრო". რა თქმა უნდა, მამუკას უფრო უყვარს, მაგრამ მე პირადადაც ვუთხარი, დასანანია-მეთქი.
- თქვენ ხშირად გაკრიტიკებენ, სუბიექტურობაშიც არაერთხელ დაგდეს ბრალი.
- ეგ ქებაა და ძალიან მომწონს. ყველას ვეუბნები და ახლაც ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, ჟურნალისტია თუ ზეინკალი, არის სუბიექტი. მე არ ვარ მაგიდა და დიქტოფონი, არც ვიდეოკამერა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც თავისი აღქმა აქვს და უფლება მაქვს ვილაპარაკო.
- კონკურენტი არხების ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? მახსოვს, ერთხელ "მაესტროზე" "რეალ-ტივის" ჟურნალისტთან იჩხუბეთ.
- ისინი არ არიან ჩემი კონკურენტები. ისინი მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელევიზიაში. ერთხელ "მეორე არხიც" მწარედ გავაკრიტიკე და ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. კარგი პროექტია, რაც გააკეთეს.
- კოლეგებს თქვენი კრიტიკა არ სწყინთ?
- ვისაც ვაკრიტიკებ და ნაძირალად მიმაჩნია, იმათ არც ვესაუბრები. ზოგთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ვესალმები. ცოტა ხნის წინ გურამ დონაძე დავინახე. სახეზე მეწერა, რა დამოკიდებულებაც მაქვს მის მიმართ. აბა, მარტო ეთერში კი არ ვამბობ. ჟურნალისტი და დაცვით დადიოდეს? ეგ რა ჟურნალისტია საერთოდ. "კაგებესთან" თანამშრომლობდა დღე და ღამე. კახა თარგამაძის დროს, იმ ადამიანის გვარი და სახელიც ვიცი, ვისაც მიწისქვეშა გასასვლელთან ხვდებოდა, ფულს იღებდა და უყვებოდა, რა ხდებოდა "რუსთავი 2"-ში. ჰკითხეთ და ყველა ძველი "რუსთავი 2"-ელი გეტყვით ამას.
- "მაესტროს" ეთერში ჩხუბზეც გკითხეთ...
- ა, დიახ. ის ტიპი გაიძახოდა, მე "რეალ-ტივის" ჟურნალისტი არ ვარ, ჩემი გაზეთი მაქვსო, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანტორაა ორივე. დერეფანში კინაღამ შემომელახა. თან სასაცილო ტიპია. დადგა და მერე ინტერვიუს იძლეოდა, ელისაშვილი ხელიდან ძლივს გამაგდებინეს, თორემ იმ ცხვირს გავუერთიანებდიო. რამის თავი რომ ჰქონოდა, კი არ გამექცეოდა. კი ვიფიქრე, ვცემ-მეთქი და დავბღუჯე, მაგრამ გამომგლიჯეს და გაიქცა. ღმერთმა ხელი მოუმართოს...
- ჟურნალისტებს არ სწყალობთ, არც ამ არხებს უყურებთ?
- "რეალ-ტივის" მტერმა უყურა, მირჩევნია "სვარკას" ვუყურო. საერთოდ, ტელევიზიას არ ვწყალობ. თუ გავიგე მერე, რომ სადმე რამე საინტერესო იყო, ინტერნეტით ვადევნებ თვალს.
- "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" გამოტოვეთ? პრეზიდენტთან ჰქონდა ინტერვიუ...
- სიმართლე გითხრათ, მიჭირს სააკაშვილის ყურება. არ ვუყურე და არც ვუყურებ. არ შემიძლია ამ უბედურ ქვეყანაში ბედნიერი ხალხის ყურება. ჩვენი მთავარი დარდი თურმე პრეზიდენტის ჩუსტები ყოფილა. ვაიმე, ახლა იმაზე ვიდარდო, აქვს თუ არა ჩუსტები სააკაშვილს. ან ის გადაცემა რა ჯანდაბა იყო. რა დღეში არიან ამ გაღლეტილ ქვეყანაში. ან ეს ნანუკა ჟორჟოლიანი, სააკაშვილები, კოდუები... სადაც წახვალ, ყველგან კოდუას სასტუმროა, კოდუას რაღაც შენობაა. გულაობენ რა, აიწყეს ცხოვრება, ვერ ვუყურებ ასეთ ბედნიერ ხალხს. მე ისეთ ქვეყანაში დავდივარ, სადაც ხალხი ბოთლებს აგროვებს და ხელგაწვდილი დგას. გადაცემაზე მომიყვნენ და მერე წავიკითხე, რაც ილაპარაკა. მაინც საქმის კურსში უნდა ვიყო, ჩემი პრეზიდენტი რაზე ფიქრობს.
- ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას. მათი მხარდამჭერებისგან აგრესია არასოდეს გიგრძნიათ?
- სულ სამჯერ იყო ეგეთი შემთხვევა. ერთხელ მესაუბრნენ, ორჯერ კი საშინელი სიძულვილი ვიგრძენი. ორი ქალი და ერთი ასაკოვანი მამაკაცი იყვნენ. მითხრეს, ცუდ საქმეს აკეთებ, ასე რატომ ლაპარაკობო. უფრო რჩევის სახე ჰქონდა. მამაკაცი შედარებით კორექტული იყო. როგორც ჩანს, ის ადამიანები, ვისაც გულზე არ ვეხატები, მერიდებიან.
- ბევრია ისეთი რესპონდენტი, ვინც ეთერში მოსვლაზე უარს გეუბნებათ?
- მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, გადაცემაში ყველას ვეპატიჟები, მაგრამ არ მოდიან. აი, მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი. იცის, რომ საშინელებებს ვეტყვი. მოვიდეს, რა ვიცი, ყველა მოვიდეს. სააკაშვილიც მოვიდეს თავისი ჩუსტებით.
- ეთერში დასმული კითხვა არასოდეს გინანიათ?
- კი, შეიძლება, თუმცა არ მახსოვს. მარტო ის მახსოვს, კეზერაშვილზე რომ ვთქვი, ცინგლიანი მაიმუნი-მეთქი. ნარკომანობაზე დღესაც იმავეს ვიტყვი, მაგრამ ცინგლიანისთვის დავით აქუბარდიას ეთერში ბოდიში მოვიხადე.
- სექსუალური უმცირესობებიც ითხოვდნენ თქვენგან ბოდიშის მოხდას...
- საბჭომ ბოდიში არ დამაკისრა, მარტო შენიშვნა მომცეს. თუმცა დასკვნას ველოდები. ისე მეგონა, რომ შარში გავეხვეოდი.
- ხომ არ დაგემუქრნენ?
- არა, მაგათი მუქარაღა მაკლია. ერთხელ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერი გავაკრიტიკე და მისმა მხარდამჭერმა მუქარის შემცველი მესიჯი გამომიგზავნა. საზიზღრობები მივწერე.
- ნაციონალური არხებიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არასოდეს გქონიათ?
- კი, "იმედი" და "რუსთავი 2"-დან. ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იყო, "ხარება და გოგიაში" რომ არის - "კაცობაზე ხელი აიღე და ბოზობა დაიწყეო". ასევე შემომთავაზეს უზრუნველყოფილი ცხოვრება და მამაძაღლობა. არ დავთანხმდი. ახლახანაც იყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ოღონდ არა ტელევიზიიდან.
- გამინისტრებას ხომ არ გიპირებდნენ?
- (იცინის) არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი, უარი ვთქვი. ამით მაზანდის აწევა კი არ მინდა, უბრალოდ, ასე ვცხოვრობ.
- თქვენი მოქრთამვა არ უცდიათ?
- იყო ასეთი შემთხვევაც, თუმცა რესპონდენტისგან არა. "ამქართან" დაკავშირებით, ენაზე კბილის დაჭერა შემომთავაზეს. 100 ათას დოლარზე იყო საუბარი, ოღონდ ძალიან ტექნიკურად, ვერ ვიტყოდი, ფულს როგორ მთავაზობთ-მეთქი. თუმცა დარწმუნებული ვარ იმ საუბარს იწერდნენ. მეორე მცდელობაც იყო, ოღონდ ამ შემთხვევაში თანხაზე მიმანიშნეს.
- თვის ბოლოს შვებულებაში გადიხართ. როგორ აპირებთ ცხელი აგვისტოს გატარებას?
- ფეხით მინდა შემოვიარო სვანეთი, ფშავი. სექტემბრიდან რამდენიმე სიახლით დავბრუნდები. აღდგება გადაცემა "ცხელი ხაზიც".
- პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას ელოდებით?
- ამ პოლიტიკოსების დაქადნებული შემოდგომა და გაზაფხული არ გაიშვა. ზაფხულში შემოდგომით იმუქრებიან, ზამთარში - გაზაფხულით.
- აბა, თუ არაფერი მოხდება, რაზე ააწყობთ ეთერს?
- ვნახოთ, ეროვნული ფორუმი რას იზამს. რაღაც მოლოდინი შექმნეს. ან დანარჩენები როგორ მოიქცევიან. პოლიტიკური დუღილი არ არის, მაგრამ ფუთფუთი იგრძნობა. სხვა თუ არაფერი, თავის ჩუსტებზე მაინც მოგვიყვება ჩვენი უფროსი.
- პრეზიდენტის ჩუსტები ძალიან აქტუალურ თემად იქცა.
- უფრო სწორად, უჩუსტობაზე მოგვიყვება. აბა, სამარცხვინო არ არის, პრეზიდენტი კაცი ჯერ ჩუსტებზე ლაპარაკობს და მერე ამბობს, ჩუსტები არ მაქვსო. აბა, ტუალეტში როგორ დადის, მაინტერესებს.
- ალბათ ფეხსაცმლით.
- არა მგონია (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)