ავტორი:

"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე

"გინეკოლოგი რომ ორსულს ეუბნება გრიპზე არ აიცრას, სასწორზე დებს დედის და ბავშვის სიცოცხლეს" - სპეციალისტის რეკომენდაცია ვირუსების სეზონზე

სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა, ბაღებსა და სკოლებში კი სასწავლო პროცესს სულ უფრო მეტი მოზარდი არ ესწრება. დეფიციტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც, რომელსაც მოსახლეობა ოქტომბრის დასაწყისიდან ელოდა და ქვეყანაში ნოემბრის ბოლოს შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინის დეფიციტი გაზრდილმა მომართვიანობამ გამოიწვია, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ეჭვით უყურებს ვაქცინაციას და ისეთი რისკ-ჯგუფების დიდი ნაწილი, როგორებიც ბავშვები და ორსულები არიან, აუცრელები რჩებიან.

ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:

- შარშანდელთან შედარებით ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ ნელ-ნელა მზარდი დინამიკა შეინიშნება. ერთეული შემთხვევებია გრიპის, ასევე სახეზეა სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები A და B ტიპის, რის გამოც, გაზრდილია ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში მიმართვიანობა.

- წელს დაგვიანდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში...

- დიახ, ადრეც აღვნიშნე, რომ გაზაფხულზე ერთი თვით დააგვიანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ერთი შტამის დასახელება და ვაქცინას დააგვიანდა შემოტანა.

- თუმცა ახლა მაინც დეფიციტია ფარმაცევტულ ბაზარზე...

- სახელმწიფო ყოველწლიურად მზარდი რაოდენობით ყიდულობს ვაქცინას. პირველად 2013-2014 წლებში შევისყიდეთ 4 000 და წელს უკვე 100 000 ვაქცინა. ჩემი ინფორმაციით, წელს კერძო სექტორშიც ძალიან ბევრი რაოდენობის ვაქცინა შემოვიდა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ დეფიციტი შეიქმნა.

სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს ვაქცინა და აქტიურად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების უფასოდ აცრა. ვაქცინა ძალიან კარგი საშუალებაა, რომ დაიცვა შენი თავი და გარშემომყოფები დაავადებისგან.

მე ყველას ვურჩევ, რომ აიცრან. ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ადრე 5-6 ათასი ადამიანი იცრებოდა, წელს მხოლოდ კერძო სექტორმა 40 ათასამდე ვაქცინა შემოიტანა და კიდევ დეფიციტია. მოსახლეობა ნელ-ნელა უფრო დადებითად განწყობილია ვაქცინაციის მიმართ.

შემიძლია დაგისახელოთ ორსულები, მათთვის რეკომენდირებულია, რომ ფეხმძიმობის ნებისმიერ ტრიმესტრში აიცრან, მათთვის უფასოა ვაქცინა, თუმცა 1 800-მდე ორსულია მხოლოდ აცრილი. მეტი არ მივიდა. როდესაც ჩავატარეთ კვლევა, მათი პასუხი ასეთი იყო - "მე უნდა მითხრას ჩემმა გინეკოლოგმა", დანარჩენი არავის რჩევას არ უჯერებენ. მეანებიც ისევე არ ურჩევენ, როგორც პედიატრები.

ეს არის ჩვენი საზოგადოების უბედურება. ან სჯერათ არასწორი ინფორმაციების, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება და მტკიცებულებას მოკლებულია. როდესაც დარგის სპეციალისტი ეუბნება, რომ ეს კარგია და ორსული უნდა აიცრას, არ სჯერათ. არადა ამას ამბობს არაერთი უმაღლესი ინსტიტუცია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაგრამ მაინც თავისი გინეკოლოგის სჯერათ.

ის გინეკოლოგი, რომელიც ორსულს ეუბნება, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაიტაროს, სასწორზე დებს ორსულისა და ბავშვის სიცოცხლეს.

მე პირადად პრობლემას ექიმთა განათლებაში ვხედავ, რაც მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის, თვითგანვითარებასაც უნდა ეწეოდნენ, წაიკითხონ რაღაცები.

- A და B ტიპის ვირუსებს რომ დავუბრუნდეთ, ეს ღორის და ქათმის გრიპია, რაც ამ სახელწოდებით არის ხალხში გავრცელებული?

- არა, ამას ჰქვია სეზონური გრიპი, ღორები და ქათმები არაფერ შუაში არ არიან. ადამიანისთვის არ არის განსხვავება, რომელი ტიპის დაემართება, რადგან გართულებები ერთნაირია და სიმტომებიც. ეს არის ტემპერატურის მოულოდნელი მატება. სიცხე უცებ იწევს მაღალ რიცხვებამდე, თან ახლავს თავის და ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და იშვიათად ცხვირის გაჭედვა ან სურდო. ერთი კვირის თავზე დამატებითი სამედიცინო ჩარევების გარშე, ცხელი სითხეებით, სახლში დარჩენით, გაივლის.

თუმცა, ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს გრიპის დასაწყისიდანვე აქვს სუნთქვის პრობლემა. ცხვირ-ტუჩის არეში სილურჯე, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლნარევი ნახველი ან ცხვირიდან სისხლნარევი გამონადენი. ბავშვებში ემატება ყიფლიბანდის დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში ხდება ჰოსპიტალიზაცია და სჭირდება პაციენტს "ტამიფლუს" მიღება.

ხანდახან გრიპი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს რომ შეიძლება დასრულდეს ლეტალურად.

- რეკომენდაციები როგორია, გარდა იმისა, რომ სასურველია ავიცრათ?

- მაშინ როცა გრიპი გავრცელებულია, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დაავადებული უნდა მოერიდოს სხვებთან კონტაქტს და უნდა დარჩეს სახლში.

დამქირავებლებმა მეტი პასუხიმგებლობა უნდა იქონიონ თანამშრომლების მიმართ. ამით შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. თუ ეს ადამიანი წავა და სახლში მოირჩენს ვირუსს, ის არ გადასდებს სხვა თანამშრომელს, რომლისთვისაც შეიძლება საფრთხის შემცველიც კი აღმოჩნდეს.

იმის გასარკვევად, რამდენად მომატებულია ბავშვებში ვირუსული ინფექციები, ერთ-ერთი პედიატრიული კლინიკის დირექტორს ნინო ბოჭორიშვილს ვესაუბრეთ. ის AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკაში მიმართვიანობა ზამთრის დადგომისთანავე გაიზარდა:

- დეკემბრის დასაწყისიდან კლინიკაში მომართვიანობა გაიზარდა. ბაღის ასაკის ბავშვები ყოველ წელს იგივე რაოდენობით გვაკითხავდნენ, მაგრამ დეკემბრის თვეში უფრო მეტი A და B ტიპის ვირუსი. გაზრდილია ასევე სასწრაფოთი გადმოყვანილი პაციენტების მომართვიანობა.

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ჩვენი ექიმები აცხადებენ, დაავადებული ბავშვები და მოზარდები არ არიან გრიპის ვირუსზე აცრილები.

- ტამიფლუს მარაგი თუ გაქვთ კლინიკაში?

- დიახ, მაგრამ ამ სეზონზე ჯერჯერობით მოხმარებაში არ გაგვიშვია. არ ყოფილა ამის საჭიროება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენს კლინიკაშიც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა დეფიციტშია და ვეღარ შემოგვაქვს. გვყავს პაციენტები, რომლებსაც უნდათ აიცრან, მაგრამ არ გვაქვს, რადგან შარშანდელთან შედარებით ძალიან გაზრდილია ვაქცინაციაზე მოთხოვნა.

- ვირუსის ძირითადი სიმპტომები როგორია?

- მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და გულისრევა, სამწუხაროდ ამ სიპტომების მოხსნა, მარტივად, სტაციონარის გარეშე არ გამოდის. ზოგიერთი მშობელი თავის თავზე იღებს და ავადმყოფი ბავშვი ხელწერილით მაინც მიჰყავთ სახლში, მაგრამ შემდეგ ისევ უწევთ უკან დაბრუნება, რადგან შეუძლებელია ამ სიმტომების მოხსნა სახლის პირობებში.