ავტორი:

"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

"მხოლოდ ქართულში" ნიჭიერი კონკურსანტების რიცხვი არ ილევა. როგორც იცით, უკვე შეიკრიბა საუკეთესო ათეული, რომელიც 16 დეკემბრიდან მაყურებლის წინაშე ლაივკონცერტებით წარსდგება. მარიამ მახათაძე ჟიურის მიერ ერთხმად მოწონებული კონკურსანტია, მან სამი "კი" დაიმსახურა.

მარიამი სამართალმცოდნეა, მოქმედი იურისტი, თუმცა ჯერ კიდევ სწავლობს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, რადგან სამომავლოდ ლექტორობასაც აპირებს. სანამ მის მუსიკალურ მონაცემებზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ კალიგრაფიითაცაა გატაცებული და საკმაოდ კარგად წერს.

"დედა პროფესიით მხატვარია და ეტყობა, მისგან გამომყვა ეს მონაცემები, თუმცა ხატვა არ განმივითარებია, გადმოხატვა კი კარგად გამომდის... კალიგრაფიაში ნებისმიერ ენაზე შემიძლია ძალიან ლამაზად მუშაობა. სკოლაში კალიგრაფიის კონკურსში გავიმარჯვე და სიგელით დამაჯილდოვეს" - გვეუბნება მარიამი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მომავალში საკუთარი ხელნაწერი წიგნიც კი გამოსცეს, მაგრამ ეს მომავალში, ახლა სხვა საფიქრალი აქვს.

- იურისტი ხარ, თუმცა ახლა თავის წარმოჩენას მუსიკით აპირებ... რატომ?

- ბავშვობიდან ვმღერი, როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, დავიწყე სიმღერაც... მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე - დედა, მამა, ბებია, ბაბუა - ყველა მუსიკოსი მყავს. აფხაზეთის ეროვნული კაპელა ბატონ გურამ ყურაშვილის სახელობის არის, რომელიც ჩემი ბაბუაა. ასე რომ, მუსიკა გენებში მომდევს და ეტყობა, ამიტომაცაა, რომ სხვანაირად მიყვარს. ასე რომ, მუსიკა, ხელოვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ოჯახის რელიკვიასავითაა... გარდა სიმღერისა, გიტარაზე ვუკრავ, ვუკრავ ფორტეპიანოზეც, შვიდწლედი დავამთავრე და კიდევ, ჯაზი მიყვარს. ახლა გეგმაში მაქვს, საყვირსა და საქსოფონზე დავუკრა, ეს ოცნებაა, კარგად მინდა, რომ ავითვისო და ვისწავლო ამ საკრავებზე დაკვრა.

- თურმე შენს საყვარელ გატაცებებში კითხვა და მოგზაურობაცაა...

- კითხვა ძალიან მიყვარს, თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს კიდეც. ვკითხულობ ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურას. კითხვა განსაკუთრებით მოგზაურობის დროს მსიამოვნებს.

- კონკურსში რატომ მოხვედი და ამ პროექტის საშუალებით რის თქმას აპირებ?

- ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა. ვთვლი, რომ "მხოლოდ ქართული" ერთ-ერთი კარგი პროექტია საქართველოში, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი ნიჭის დემონსტრაცია მოვახდინო. აქაური პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით კი მუსიკაში გზა სწორად გავიკვლიო. "მხოლოდ ქართული" ჩემთვის ბევრის მომტანია... შესაძლებელია, ჩემი ეს ჰობი, რაც მაქვს, მუსიკის სახით, შემდგომ პროფესიულ ხაზადაც ვაქციო, რასაც ჩემი ძირითადი პროფესია ხელს სულაც არ შეუშლის. მოკლედ, დიდი მოლოდინი მაქვს.

- შესარჩევ ტურზე სამი "კი" დაიმსახურე, მარინა ბერიძის მკაცრ შეფასებებს მარტივად დაუძვერი...

- კი, მოვეწონე ჟიურის. ათეულში რომ შემარჩიეს, ვერც ვიჯერებდი, საოცარი ემოციები განვიცადე... ისე, ჟიურიზე იყო დამოკიდებული, როგორ დავამყარებდით ერთმანეთთან კომუნიკაციას. თავიდანვე გამიღიმეს და დაძაბულობა გამიქრა. ქალბატონი მარინა ჩემს მიმართ ძალიან კარგად განეწყო და შემდგომ ჩვენი ურთიერთობაც რეპეტიციებზე ძალიან მეგობრულად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან გამიხარდა. ამან გარკვეული ძალა მომცა.

ახლა საპასუხისმგებლო ტური გვაქვს, ბატონი გია ყანჩელის სიმღერები უნდა ვიმღეროთ. არ მინდა, ჟიურის წევრებს მოლოდინი გავუმტყუნო. შორიდან მომწონდა შოუ და როდესაც მის კულისებსაც გავეცანი, იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა - ბევრად კარგი სიტუაცია დამხვდა. მეტად დახვეწილა და განვითარებულა...

ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ვმუშაობთ და მინდა, ამ პროექტის მეშვეობით გამოვავლინო ის, რისი ძალაც მუსიკალური კუთხით მაქვს. თუ დავიმსახურებ მაყურებლის მოწონებას და დავრჩები პროექტში, რა თქმა უნდა, კარგია. რაც დიდხანს დავრჩები, უკეთესი. ამის სურვილი მაქვს, თუმცა რადგან ათეულში მოვხდი, ესეც გამარჯვებად მიმაჩნია.

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე