ავტორი:

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

ბოლო ათ თვეში ათასზე მეტ ოჯახს გაუყიდეს სახლი, როგორც მევახშეებმა, ისე კომერციულმა ბანკებმა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა.

AMBEBI.GE-ს რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გვიყვება საკუთარ ისტორიას და ამბობს, რომ მევახშეებს ძირითადად მსესხებლის ქონება აინტერესებთ და არა ვალის დაფარვა. მისივე თქმით, ხშირად ისე ხდება, რომ აუქციონზე საკუთარ ახლობლებს არეგისტრირებენ და ქონების რეალურ ღირებულებაზე ბევრად იაფად ახერხებენ ქონების ხელში ჩაგდებას.

“მაქსიმალურად ვცდილობდით გამოგვენახა გზები ვალის გასასტუმრებლად. თუმცა ისე მოხდა, რომ გარდა ბინის გაყიდვისა, სხვა ვერანაირი გზით ვერ ვახერხებდით თანხების მოძიებას.

გადავწყვიტეთ გაგვეყიდა საკუთარი სახლი ნორმალურ ფასში, გადაგვეხადა ვალიც და ჩვენც დაგვრჩებოდა გარკვეული ნაწილი თანხიდან. ბუნებრივია, დრო დაგვჭირდა კლიენტის მოსაძებნად, რომელიც იმ ფასს შემოგვთავაზებდა რაც ღირს რეალურად საცხოვრებელი. ყველა 37 000 დოლარის ფარგლებში გვთავაზობდა, რაც ძალიან ცოტა იყო ჩვენი ბინისთვის. პარალელურად სახლი უკვე აუქციონზე გაიტანეს...

ამასობაში ოჯახის წევრი გარდაგვეცვალა და აუქციონისთვის არავის ეცალა, გამოგვეპარა... სახლი აუქციონზე გაუყიდიათ 20 000 დოლარად. მოვიდა ახალი მეპატრონე. ვეხვეწეთ, გვადროვეთ, ამდენი ადამიანი - ქალები, ბავშვები ქუჩაში ვრჩებით-თქო.

როცა იაფად გიყიდიან ბინას, ძირითადად მათივე წარმომადგენელი ყიდულობს ხოლმე... როგორც ჩანს, აქაც ასე იყო. ვეხვეწეთ ახალ მეპატრონეს, მოგვეცით ცოტა დრო, გავყიდით სახლს და რაც გადაიხადეთ იმაზე 5 000 დოლარით მეტს მოგცემთ-მეთქი, მაგრამ მაინცდამაინც ჩვენი სახლის ხელში ჩაგდების ინტერესი ჰქონდათ და არაფრით დაგვთანხმდნენ. დაცალეს მთელი სახლი და გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი ხელში" - უყვება AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

გამოსახლებების პრობლემა საქართველოში წლებია მწვავედ დგას. ამ კუთხით ბოლო პერიოდში სამართლებრივი რეგულაციები შემუშავდა, კერძოდ: თუ 2015 წლამდე გამსესხებელს შეეძლო პოლიციის მეშვეობით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გამოესახლებინა მსესხებელი საცხოვრებლიდან, მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება გამოსახლება.

ექსპერტები დადებითად აფასებენ ამ ფუნქციის სასამართლოსთვის გადაცემას, თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ცვლილებას მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოუღია.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მკვლევარი ლელა გვიშიანი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს და გადაწყვეტილება, თითქმის ყველა შემთხვევაში მიიღება გამსესხებლის სასარგებლოდ.

"კანონის შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაარკვევდა, აქვს თუ არა ადამიანს სხვა საცხოვრებელი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩება; შემცირდა თუ გაიზარდა პირის გადახდისუნარიანობა და სამართლიანია თუ არა, რომ ახალი ვადები დაუწესდეს მას აღებული სესხის დასაფარად. რეალურად მივიღეთ ის, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ქონების ჩამორთმევის საკითხს და მაინც მივდივართ გამოსახლებამდე.

ჩვენი კვლევის საფუძველზე გავეცით შემდეგი რეკომენდაციები: აუცილებელია გამოსახლებამდე გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა საჭიროებების შესწავლა, ამ ჯგუფის ინტერესების განხილვა. ამ პროცესში გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს კანონი და სახელმწიფო უნდა აფასებდეს, სწავლობდეს უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ადამიანების მდგომარეობას და ობიექტურად იღებდეს გადაწყვეტილებას.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირების ვალდებულება, საცხოვრისით დაკმაყოფილების პოლიტიკა, რომელიც უსახლკარობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ კუთხით საპრევენციო სამუშაოები საერთოდ არ არსებობს", - ამბობს ლელა გვიშანი.

ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ სახელმწიფომ თანაბრად უნდა დაიცვას როგორც უკანასკნელი საცხოვრების დაკარგვის რისკის პირას მყოფი მოქალაქეები, ისე გამსესხებლებიც.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას გამსესხებლის ინტერესიც - ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფულით გააკეთოს უფრო მეტი ფული. მოვალეებმა ისიც უნდა გააცნობიერონ, რომ სესხს დაბრუნება სჭირდება. თუმცა, არსებობს საპირწონე ინტერესიც - საცხოვრისით უზრუნველყოფის უფლება. უსახლკარობის რისკის წინაშე არსებული პირები უნდა იყვნენ გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან.

საკუთრების დაცვის პრაქტიკა არის დაცული მთელს მსოფლიოში და ითვლება ხელშეუხებლად. ჩვენთან სახელმწიფო არ ზრუნავს ბინადაკარგულ ადამიანებზე

როდესაც ვსაუბრობთ გამოსავალზე, ამ ამ მხრივ ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება სოციალური საცხოვრისების მშენებლობა. ეს არის მიღებული პრაქტიკა ცივილიზებულ ქვეყნებში. ეს საცხოვრისები გადაეცემათ სარგებლობის უფლებით იმ ადამიანებს, რომლებმაც უკანასკნელი საცხოვრებელი დაკარგეს. მათ შეუძლიათ იცხოვრონ იქ სამუდამოდ, თუ დასჭირდებათ, თუმცა არ აქვთ ამ ქონების განკარგვის უფლება. ეს შეიძლება იყოს ერთი ნაბიჯი გამოსავლისკენ.

ასევე, აუცილებელია საპოცენტო განაკვეთის რეგულირებაც. მაგალითად, საფრანგეთში სესხის საპროცენტო განაკვეთი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ და თუ განაკვეთი მაღალია, მიიჩნევა მევახშეობად. გამსესხებელს ეძლევა გაფრთხილება, რომ დაწიოს მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ასეთი მიდგომა რომ იყოს ჩვენთანაც, ძალიან ბევრი ადამიანი არ აღმოჩნდებოდა ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე" - აცხადებს ლია ელიავა.

2019 წლის ათ თვეში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1 039 უძრავი ქონება, საიდანაც ყველაზე მეტი - 514 კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 უძრავი ქონება მოდის. 114-ის შემთხვევაში კი კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" უახლეს კვლევაშია აღნიშნული.

"მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად, დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს).

პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია" - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.“

კვლევიდან გამომდინარე, "საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება;
  • სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;
  • მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
  • აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

  • რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოქალაქის გამოსახლება?

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლებას სხვისი ქონების უკანონოდ ფლობის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდაპირველად გამოსახლების კომპეტენცია სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ მინიჭებული, დღეს კი გამოსახლებას ახდენს მხოლოდ აღმასრულებელი.

ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, რა შემთხვევაში აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების უფლება:

  1. თუ თქვენ უკანონოდ ფლობთ სხვის უძრავ ქონებას ან არ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ვალდებულებას, მესაკუთრეს/კრედიტორს თქვენი გამოსახლების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
  2. თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას განხორციელდება თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო მესაკუთრისათვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით, მოვალის გამოსახლებას განახორციელებს აღმასრულებელი
  3. თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო შესაბამისი მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება.

თუ გამოსახლება ხორციელდება კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარესთან 15 დღის ვადაში ან სასამართლოში 1 თვის ვადაში.

"მგზავრებისთვის ერთადერი მოთხოვნაა..." - კახა კალაძე მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებამდე მოქალაქეებს მიმართავს

ხვალ და ზეგ საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა