ავტორი:

"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო

"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო

2011 წლის მარტში, სირიის ქალაქ დარააში, 14 წლის მოსწავლეებმა სკოლების კედლებზე დატოვეს წარწერა - "შენი დროც მოვა ექიმო“.

ფრაზის მთავარი ადრესატი, პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგი, დიქტატორი ბაშარ ალ ასადი იყო, რომლის ბრძანებითაც აღნიშნული მოზარდები დააპატიმრეს. 22 მოსწავლე ციხეში სასტიკად აწამეს.

ამ ყოველივეს დარაასა და შემდეგ მთელს სირიაში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

2011 წლის აპრილში სირიის პოლიციამ კიდევ ერთი მოზარდი დააკავა - ეს იყო 13 წლის ჰამზა ალი ალ-ხატები, რომელიც ციხეში წამების შედეგად დაიღუპა. მას სხეულზე დაზიანებები და სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

მოზარდები ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ და სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო და ფრაზა - "შენი დროც მოვა, ექიმო“ ადამიანების დახოცვის საბაბად იქცა.

სირიელი დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი პროფესიით ოფთალმოლოგია და ამის შესახებ მოზარდებმა, ცხადია, იცოდნენ.

წარწერის გაკეთების იდეის ავტორი და შემსრულებელი მოზარდები, რომლებიც კონფლიქტს გადაურჩნენ, 2011 წლის გაზაფხულზე მომხდარს ასე იხსენებენ:

"ჩვენ შთაგონებულები ვიყავით არაბული გაზაფხულით, საპროტესტო აქციებით, რომელიც იყო ტუნისში, ეგვიპტეში... ვხედავდით, როგორ წერდნენ აქციის მონაწილეები კედლებზე სლოგანებს - „თავისუფლება“, „ძირს რეჟიმი“ და ჩვენც დავწერეთ - "თავისუფლება, ძირს რეჟიმი, შენი დროც მოვა ექიმო“.

სირიელი ახალგაზრდა ყვება, რომ ორი დღის განმავლობაში მოზარდების ოჯახებში სამართალდამცველები დადიოდნენ, იკვლევდნენ მათ ოჯახებსაც, ვინც ამ წარწერასთან არაფერ შუაში იყვნენ, თუმცა წარწერის შინაარსს იზიარებდნენ.

"ვამაყობ იმით, რაც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რეჟიმი ასე სასტიკად მოგვექცეოდა..." - ამბობს წარწერის ერთ-ერთი ავტორი.

2011 წლის მოვლენებს იხსენებს კიდევ ერთი ბიჭი, სამერი ქალაქ დარაადან:

"დაახლოებით ერთი თვე და ათი დღე ციხეში ვიყავით გამომწყვდეულები. როცა გამოვედით ვნახეთ წარმოუდგენელი პროტესტი დარაასა და მთელს სირიაში. შემდეგ კი შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩავებით, რომელმაც 500 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეს ყველაფერი ჩვენ გამო მოხდა...“, - ამბობს სამერი.

უკვე მეცხრე წელია სირიაში ომი მიმდინარეობს. ეს არის მეორე ყველაზე სისხლისმღვრელი ომი 21-ე საუკუნეში. 2016 წლის მონაცემებით, კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 300 000-დან 600 000-მდე მერყეობს.