როგორ გახდა კეიპტაუნი დათო მინაშვილის საოცნებო ქალაქი

როგორ გახდა კეიპტაუნი დათო მინაშვილის საოცნებო ქალაქი

დათო მინაშვილს საფეხბურთო კომენტატორობა ბავშვობიდან ნდომებია, რომ გაიზარდა, ოცნება აისრულა და ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა შესაბამის სპეციალობაზე. მისი აზრით, ფეხბურთსაც ცოდნა უნდა და გულშემატკივრობასაც. მისთვის გაუგებარია ის, რომ ქართველები სხვა ქვეყნის ნაკრებებს გადამეტებულად გულშემატკივრობენ, რადგან ბევრ ქვეყანაში ჰყავთ წარუმატებელი ნაკრებები, მაგრამ მაინც მათ ქომაგობენ.

- რა შორიდან მაწყებინებ მოყოლას? სპორტული კომენტატორობა ბავშვობიდან მინდოდა. ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე სპორტულ ჟურნალისტიკაზე. ხშირად წარმომედგინა, როგორ წავიყვანდი მატჩს, როცა კოტე მახარაძეს ვუსმენდი. სარკის წინ არ მივარჯიშია მაგრამ ყოველთვის მინდოდა და მეგონა, რომ შევძლებდი.

გვასწავლიდნენ სპორტის ისტორიას, უშუალოდ ჟურნალისტიკას. კარგი პედაგოგები გვყავდა, საინტერესო ლექციებს გვიკითხავდნენ. პირველი პრაქტიკა "პირველ რადიოსა" და სახელმწიფო ტელევიზიაში გავიარე.

- ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაშისას 22 კაცი დასდევს ერთ ბურთს და ვერ წარმოუდგენია, რატომ შეიძლება გიყვარდეს სპორტის ეს სახეობა.

- არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ფეხბურთი გიყვარდეს, შესაძლოა, ვიღაც კალათბურთის მოყვარული იყოს, მაგრამ ალბათ რაღაცის მიმართ სწრაფვა უნდა გქონდეს. სპორტი და ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრების წესია.

- რეიტინგების მიხედვით, მამაკაცების სალაპარაკო თემა ქალებზე წინ ფეხბურთია.

- პერიოდულად ალბათ კი, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. სამხრეთ აფრიკაშიც და საქართველოშიც სალაპარაკო თემა იყო ფეხბურთი, აეროპორტში, რესტორანში თუ სხვა ადგილას. ასე რომ, ეს ერთი თვე რეიტინგი რეალობას ასახავს, თუმცა ვერ განვაზოგადებ. მაგალითად, ჩემს სამეგობროში არიან მამაკაცები, რომლებთანაც სალაპარაკო თემა ფეხბურთია, თუმცა არა ყველასთვის.

მე სადაც მივდივარ, რასაკვირველია, ყველგან სალაპარაკო თემა ფეხბურთია და პირველი შეკითხვა ყოველთვის არის რა ეშველება ქართულ ფეხბურთს. ეს რომ ვიცოდე, კარგი იქნებოდა, ამ თემაზე გამუდმებით მიმდინარეობს სჯა-ბაასი, ისევე, როგორც პოლიტიკაზე. აეროპორტში საბაჟოდან დაწყებული ყველა სპორტზე მელაპარაკება (იცინის).

მხოლოდ საქართველოში მოისმენ მოსაზრებას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი ჩაწყობილი იყო. სამხრეთ აფრიკაში რომ გახლდით, ყველა უცხოელ ჟურნალისტს ვკითხე ამის შესახებ და წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ეს ჩემთვისაც წარმოუდგენელია. ალბათ ეჭვიან ადამიანებს ახასიათებთ ასეთი აზრები. თუ იცოდით, რომ ჩაწყობილი იყო, დაგედოთ იმ ნაკრებზე ფული და მოგეგოთ-მეთქი, ვეუბნები ასეთ სკეპტიკოსებს. ისე, რვაფეხამ ყველაფერი გაარტყა...

- სამხრეთ აფრიკაში რომ მიემგზავრებოდით, შიშის გრძნობა არ გქონდათ? ძალიან დაულაგებელი ქვეყანაა.

- მესამედ გახლდით, ზოგიერთებისთვის ეს შაყირის თემაა, ძალიან დიდი გზაა. იქ გამგზავრება ყოველთვის სპორტულ თემას უკავშირდება, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო წილისყრაზე გახლდით პირველად, დურბანში, ულამაზესი ქალაქია, რამდენიმე დღე გავატარე, შარშან კონფედერაციის თასზე ვიყავი და იოჰანესბურგიც ვნახე. სამხრეთ აფრიკაში მეგობრებიც მყავს, ჩემი მეუღლის ნათესავია საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ექიმი, რომელიც კერძო პრაქტიკას ეწევა იოჰანესბურგში, ვახტანგ რეხვიაშვილი. მისი ოჯახის მასპინძლობაზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. არაჩვეულებრივი ოჯახია, კიდევ არიან ქართველები და ყველა გავიცანი.

მუშაობა სამივე შემთხვევაში ძალიან გაგვიადვილეს, რადგან იქ კამერით მუშაობა დიდ საფრთხეს უკავშირდება. დურბანში სანდრო მინდიაშვილი ცხოვრობს, რომელიც 17 წლის გახლავთ და რაგბის აკადემიაში სწავლობს. რაგბი სამხრეთ აფრიკაში რელიგიის დონეზეა აყვანილი, ათწლეულებია, ნომერ პირველ სპორტად ითვლება. ფეხბურთი დამთავრდა თუ არა, მეორე დღეს სამხრეთ აფრიკის ტელევიზიები ისევ რაგბის აჩვენებდნენ. სანდროსთვის ძალიან კარგია იქ სწავლა.

დურბანში რომ მივფრინავდი, შეიძლება ითქვას, გადავრჩი, თვითმფრინავი ორი საათი ვერ ჯდებოდა, იმავე დღეს იყო მატჩი და ვერ მოვხვდებოდი სტადიონზე, რომ არა სანდრო. ისეთი გზებით მიგვიყვანა, რომ მოვასწარით, თორემ დიდი შანსი იყო, ვერ მიგვესწრო და რეპორტაჟი ჩაიშლებოდა.

- ჟურნალისტები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არსებული საფრთხეების გამო ჩიოდნენ.

- ის, რომ გარეთ გასვლა საშიშია, ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. პირველად მაშინ მენიშნა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა სასტუმროდან გარეთ გასეირნება მოვინდომე და მითხრეს, დაცვას გაგაყოლებთო. სამხრეთ აფრიკა დიდი კონტრასტების ქვეყანაა, უღარიბესი და უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს. ეს ყველაფერი იქ ვნახეთ. კეიპტაუნის სანაპიროზე არის უბანი, სადაც მხოლოდ მილიარდერები ცხოვრობენ და არც ერთი მილიონერი. იმ უბნებში, კეიპტაუნის აეროპორტიდან რომ გამოდიხართ, გზად შეგხვდებათ მუყაოს სახლები, სადაც ხალხი ცხოვრობს.

იოჰანესბურგში ბევრი ემიგრანტია ჩასული უფრო ღარიბი აფრიკული ქვეყნებიდან, შესაბამისად, დიდია კრიმინალი, ყველას ეშინია ქუჩაში გასვლის, შეიძლება გადაგეყაროს ხუთი შავკანიანი, წაგართმევენ ყველაფერს, გცემენ და შეიძლება მოგკლან კიდეც. მოსახლეობის დიდ ნაწილს შიდსი აქვს და ყველაფერზეა წამსვლელი. ასე რომ, დაცვის გარეშე მანქანითაც კი საშიშია გავლა.

ერთადერთი ქალაქი, სადაც გარკვეულ უბნებში შესაძლებელია ფეხით გავლა, კეიპტაუნია. იქაურ მოსახლეობას განსაკუთრებით კამერები აღიზიანებს. უცხოურ ტელევიზიებს, ძალიან ცნობილებსაც კი, ამ ჩემპიონატიდან არ ჰქონიათ ქუჩის რეპორტაჟები.

ჩვენ ერთხელ მედიაავტობუსი აგვერია და სხვა უბანში მოვხვდით, მოსახლეობა ძირს იჯდა, გაბოროტებული თვალებით გვიყურებდნენ, სხვათა შორის, სოვეტოშია აშენებული სტადიონი, სადაც მიმდინარეობდა მსოფლიო ჩემპიონატი. გაუგებარია, რატომ ააშენეს ყველაზე ღარიბულ და კრიმინალურ უბანში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ ეს უბანი შედარებით გაკეთილშობილდეს, ვერ გეტყვით...

ზოგადად ამ ჩემპიონატს ზედმეტი უსაფრთხოებაც ჰქონდა. სტადიონთან საჯარისო ნაწილები იყო განლაგებული. პირდაპირ გეტყვით, საფეხბურთო ზეიმი სამხრეთ აფრიკაში ვერ შედგა და ვერც შედგებოდა. გერმანიაში ოთხი წლის წინ იტალიამ რომ მოიგო და ტრიუმფალურ თაღთან მისი გულშემატკივრები მთელი ღამე აღნიშნავდნენ, მათთვის კი ხელი არავის შეუშლია, სამხრეთ აფრიკაში კი ქომაგები ჩიოდნენ, რომ სტადიონიდან ფაქტობრივად გამოყარეს.

ეს ფიფას მხრიდან აფრიკის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ფეხბურთი უნდა ჩატარდეს საფეხბურთო ქვეყანაში. თანაც, თუ სიცივესაც გავითვალისწინებთ, ჰავაც კონტრასტულია. დღისით ცხელა, საღამოს კი მხოლოდ სამი გრადუსია.

- ფინალს როგორ გაიხსენებ?

- მერგო ბედნიერება, ფინალს დავსწრებოდი. გამორჩეული თამაში იყო, თუმცა უფრო მეტს ველოდი. ჩაკეტილი თამაში იყო ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის, ორივე პირველად იბრძოდა მსოფლიო ჩემპიონობისთვის. მე ორივე გუნდის მიმართ თანაბარი სიმპათია მქონდა.

- ფოტოები დავათვალიერე და ლომს როგორ მოეფერე?

- შარშანაც მოვეფერე და შეჩვეული ვიყავი, ჩვეულებრივი ამბავია (იცინის). ლომების პარკი, სადაც ჩვენ ვიყავით, რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა გადაჭიმული. სხვა ცხოველებიც ჰყავთ. ლომი ცოტას შემოგიღრენს, თუ კარგ ხასიათზეა, გეთამაშება. ერთ-ერთ ფოტოზე პითონი მყავს შემოხვეული. გიდმა მითხრა, ეს პატარა ზომისააო. ხელში რომ დავიჭირე, გათავისუფლებას ცდილობდა და წელზე შემომეხვია, არ იყო მთლად კარგი შეგრძნება და სწრაფადვე დავაბრუნე თავის ადგილას.

რამდენიმე კვირის ნიანგიც დავიჭირე ხელში. ამ ცხოველების დათვალიერებაში ფულს იღებენ და ამით ცხოვრობს იქ ხალხი. დიდი ლომების დათვალიერებაც შესაძლებელია, თუმცა მანქანის მინის ჩამოწევა სასტიკად იკრძალება. ჩვენ ქართველები ვართ, მაინც ჩამოვწიეთ და გიდი მოვარდა, რას შვრებით, სამსახურს მაკარგვინებთო (იღიმება).

- არ აუხსენით, რომ ქართველები ხართ?

- უხსენი რამდენიც გინდა, მაინც ვერ იგებენ (იცინის). უჭირთ გაგება, სად არის და რა არის ეს ჯორჯია. საბჭოთა კავშირი და რუსეთი კი იციან, თურქეთიც, მაგრამ შავი ზღვა არ გაუგიათ. შავკანიან მოსახლეობას განათლება საერთოდ არ აქვს, ისინი მეკითხებოდნენ და ვერაფერს იგებდნენ. თავს მიქნევდნენ, კი, გავიგეთო, მაგრამ ძალიან მეეჭვება.

- მსგავს უცნაურ ადგილას მოხვედრილხართ?

- ეგვიპტეში, ასევე ჩინეთში მოვხვდი ისეთ უბანში, თვითონაც უკვირდათ, იქ როგორ აღმოვჩნდი. არ დაიჯეროთ, რომ ჩინეთში ჩახვალთ და რაიმე ენას გააგებინებთ, მეგრული და ინგლისური თანაბრად გადის (იცინის). ბოლოს ლუდი დაგვალევინეს. მთავარია, სხეულის ენით დაელაპარაკო. სამხრეთ აფრიკაში ენები ნამდვილად იციან, ინგლისურის ცოდნა ჩვეულებრივი ამბავია, ბევრი ბერძენია იოჰანესბურგში, რასაკვირველია, ჩინელებიც.

კეიპტაუნში პირველად ვიყავი და ყველა მეუბნებოდა, რომ ამ ქალაქის ნახვის გარეშე არ შეიძლება თქვა, რომ სამხრეთ აფრიკა გაქვს ნანახი. კეიპტაუნი ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც ორი ოკეანე ერთდება, პინგვინები დადიან, ვეშაპები მოცურდებიან და საოცარი სანახაობაა. ფლორა და ფაუნაც გამორჩეულია, არაჩვეულებრივი ჰავაა, დგას ანანასის პალმები და გვერდით გაშენებული აქვთ ვენახი, სასიამოვნოდ დასალევი ღვინოა. გამიკვირდა, რომ სამხრეთ აფრიკული ღვინო არსებობს. ტრადიციით ვერ შეგვედრებიან, მაგრამ რაც აქვთ, კარგია.

- საინტერესოა, ქომაგები როგორ იქცეოდნენ?

- ნორმალურად. საერთოდ, ჩვენგან განსხვავებით, რეალურად უყურებენ ყველაფერს. მახსოვს, გერმანია მესამე ადგილას რომ გავიდა წინა ჩემპიონატზე, ბერლინში ეს სერიოზულ წარმატებად აღიქვეს, საქართველოში წარუმატებლობად. ქართველები ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს. ბრაზილიის მიმართ მაქვს სიმპათია, მაგრამ ბრაზილიელი ვერ გავხდები. საქართველოს ნაკრები თუ თამაშობს, ძალიან ვნერვიულობ და სახლში გათიშული მივდივარ, მაგრამ ბრაზილიის წაგებას ვერ გადავყვები. ვერ წარმომიდგენია, სხვა ქვეყნის ჰიმნი ვიმღერო და დროშასა და გერბს ვკოცნო.

- სპორტულ კომენტატორებსაც გადამეტებული კრიტიკით ვუდგებით ქართველები.

- არ ვამბობ, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ვისაც უნდა წაეყვანა, მაინც მოუძებნიდნენ ნაკლს. ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ სპეციალისტებისგან და მოუციათ კიდევაც შენიშვნა, მაგრამ პატარა ბავშვი რომ შეუარცხყოფას გაყენებს, მიუღებელია. მან გუშინ ნახა ფეხბურთი, ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და არ მოეწონა დათო მინაშვილი, რადგან მის საყვარელ ნაკრებს არ გულშემატკივრობდა.

რაც შეეხება წაყვანის ხარისხს, მგონი, ჩემს კოლეგებს არაფერი დაეწუნებათ. ზოგს ვიღაცის ხმა აღიზიანებს, ზოგს წაყვანის მანერა. ზოგს ფეხბურთის ცოდნა ორჯერ რომ ტოტალიზატორში ფული მოიგო, ის ჰგონია. თუმცა ზოგს ჩემზე უკეთესადაც ესმის. ფეხბურთის ცოდნაზე თუ გაქვს პრეტენზია, ამ სპორტზე ყველაფერი უნდა იცოდე და ბავშვობაში მაინც უნდა გქონდეს ნათამაშები.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები