ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.
როგორც ჩომახაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შუამდგომლობას არ დააყენებს.
"დაცვის მხარე გაეცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილია სასამართლოში. ადვოკატებს არანიაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ აქვთ. ბრალდების მხარის ვერსია, რომ დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ დაზარალებული ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ პირველები სუფრიდან ადგნენ ბრალდებულები და მათ გამოდევნა ცოტნე გამსახურდია. ეს დასტურდება ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებით. აქედან გამომდინარე ,თუ შეკითხვები არსებობს, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიმართ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ამ ეტაპზე ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი ურთიერთშელაპარაკების მოტივი და ამ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. სტატისტიკურად 90 პროცენტი ასეთი კონფლიქტის დაწყების ურთიერთშელაპარაკებაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე,ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მე არ დავაყენებ შუამდგომლობას აღკვეთის ღობისძიების სახედ გირაოს დაყენების თაობაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე. მიზეზი იყო ურთიერთშელაპარაკება, პირადი არასიმპატიები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს",- განაცხადა ჩომახაშვილმა.