ავტორი:

ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"

ზესტაფონში, 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა - "ათი წელი იმედიანად ვიყავით... ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით"

ზესტაფონში 51 წლის ქალი პირველად გახდა დედა. ირმა გაფრინდაშვილს ტყუპი - მარიტა და მელიტონი შეეძინა.

ირმა და მისი მეუღლე 54 წლის ემზარ მაცაბერიძე ზესტაფონში ცხოვრობენ. წყვილი ათი წელი ელოდა შვილს და იმედი არასდროს დაუკარგავთ, რომ მშობლები გახდებოდნენ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვებიან, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაულია.

მარიტა და მელოტონი 21 დეკემბერს, დღის სამ საათზე, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. გოგონა წონით 1 კგ და 800 გრამია, ვაჟი კი - 2 კგ და 140 გრამი. ოპერაცია კლინიკა "ელიტეში" ჩატარდა. ექიმების ინფორმაციით, მსგავსი მაგალითი მათ პრაქტიკაში არ ქონიათ.

"41 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 44-ის როცა დავოჯახდით. როგორც იტყვიან, ცოტა დავაგვიანე დაოჯახება, მაგრამ ალბათ, ესეც ღვთის ნება იყო. მიუხედავად დიდი სურვილისა, 10 წელი არ გვყავდა შვილი, ვმკურნალობდით, მაგრამ ჩვენი ოცნება არ ხდებოდა...

ათი წლის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეგვეძინა ორი პატარა, ძალიან ბედნიერები ვართ, ეს ყველაზე დიდი სასწაულია" - განაცხადა ირმა გაფრინდაშვილმა.

ბავშვების მამა ამ სიხარულს ღმერთის წყალობას და ცოლის დიდ სურვილს უკავშირებს. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ემზარ მაცაბერიძე აცხადებს, მისი მეუღლე ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მშობლები გახდებოდნენ, რისთვისაც ბევრი იბრძოლა.

"ათი წელი ჩემი მეუღლე არ დანებდა, ბოლომდე იმედიანად იყო და გაგვიმართლა. ძალიან გახარებულები, ბედნიერები ვართ ღმერთის ამ საჩუქრით, რასაც დედ-მამობა ჰქვია. მადლობა უფალს და ყველას, ვისაც ჩვენი ტკივილი ესმოდა და ეს წლები გვერდით გვედგნენ. ეს ყველაზე დიდი ახდენილი სასწაულია. ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერებას დ ყველას ვულოცავ შობა ახალ წელს" - ამბობს ახალბედა მამა.

ახლადშეძენილ ტყუპს მარიტა და მელიტონი დაარქვეს:

"ჩვენ ეკლესიის მრევლი ვართ, ჩვენს მოძღვარს მამა მელიტონს დიდი როლი აქვს ჩვენს სულიერ განვითარებაში, ვხუმრობ, ჩემი ცოდვები იტვირთათქო. ერთხელ გაგვეხუმრა, ბიჭი რომ გეყოლებათ, ჩემს სახელს ხომ დაარქმევთო და ამიტომ გვინდოდა მადლიერება ამ ფორმით გამოგვეხატა და შვილს მისი სახელი დავარქვით, მარიტა კი მელიტონთან მიახლოვებულია, ასევე მისი ფუძეა მარიამი" - განაცხადა ემზარ მაცაბერიძემ.

დედა და შვილები ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ფოტო: ტელეკომპანია არგო

300-წლოვანი ვაზი, ვენახის უნიკალური ჯიშები და უძველესი ყანწი მსოფლიოში - რის სანახავად დადიან ტურისტები წინანდალსა და ნაფარეულში

"რადისონ ბლუ ბათუმი” ადასტურებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს