ავტორი:

"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს

"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს

ახალი ტრენდი, რომელიც მძიმე და სავალალო შედეგს იწვევს, დიდი ხანია გახდა პლასტიკური ქირურგების შეშფოთების მიზეზი.

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიზუალურად მძიმედ სანახავი ფოტოები, წარმოუდგენლად გადიდებული ტუჩები, შეშუპებული სახე, მკერდი, რომელიც დასიებული და არაპროპორციულად გაზრდილია... ამ უმძიმეს შედეგებს, ერთი შეხედვით, უსაფრთხო - E ვიტამინი იწვევს, რომლის შეძენაც აფთიაქში ძალიან იაფად არის შესაძლებელი.

ზეთოვანი ვიტამინის მიღება რეალურად მხოლოდ დალევითაა დასაშვები და ისიც ექიმის დანიშნულებით. მისი კუნთში შეყვანა, თვითნებურად, სხვადასხვა ორგანოს გადიდების მიზნით, სწორედ ისეთ სავალალო შედეგებს იწვევს, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს, რომ არ გაუკვირდება თუ მალე აფთიაქებში E ვიტამინს რეცეპტის გარეშე აღარ გაყიდიან:

"ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები, რომლებსაც E ვიტამინის თვითნებურად მოხმარების შედეგად პრობლემები უჩნდებათ. ასეთი პაციენტები მყავდნენ, ტუჩების, მკერდის, დუნდულების პრობლემებით. ზოგჯერ, თავად არ იციან რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს, მიდიან სალონში დაქალთან ერთად, ან რომელიმე მეგობართან სახლში იკრიბებიან და ისე იკეთებენ. ეს პროცედურა ძალიან იაფფასიანი გახლავთ. მისი ნემსით გაკეთება არ შეიძლება, ეს გახლავთ ვიტამინი, რომელიც უნდა დალიოთ, მოხვდეს კუჭში და იქ დაიშალოს.

მეოცე საუკუნიდან დაიწყო ტუჩის და ცხვირის კორექცია, გაუწოვადი უცხო სხეულებით. თავიდან დაიწყეს პარაფინით, ვაზელინით, E ვიტამინით, სალონებში აკეთებდნენ ბიოპოლიმერს. ნებისმიერი გელი, რომელიც არ იწოვება, არის სარისკო. პირველ პერიოდში შედეგი შესაძლოა იყოს კარგი, მაგრამ შემდეგ იწყება ფიბროზირება, ამ ე.წ. "ფილერის" ირგვლივ იქმნება კაფსულა და დროთა განმავლობაში ჩირქდება.

მე მყავდა პაციენტი, რომელსაც დასჭირდა რამდენიმე ოპერაცია. მკერდზე გაკეთებული ჰქონდა ბიოპოლიმერი, მკერდიდან გადასული იყო მუცელზე და დუნდულებში, ასევე ტუჩებში შეყვანილი E ვიტამინი შეიძლება გადავიდეს ნიკაპში.

- რას ამბობენ ეს პაციენტები, რატომ გაიკეთეს?

- ისტორია ერთი და იგივეა - მეგობარმა წამიყვანა კოსმეტიკურ სალონში ან სადღაც სახლში გაიკეთა, მომეწონა და მერე მეც გავიკეთე. ამის შემდეგ შეუძლებელია მხოლოდ ამ გელის ამოღება, უნდა მოიკვეთოს სხვა ქსოვილებიც და ტარდება ოპერაცია, რა დროსაც ტუჩის ქსოვილებთან ერთად ვიღებთ დანეკროზებულ E ვიტამინს.

გაუწოვადი ფილერის ტუჩიდან ამოღება 1000-2000 ლარამდე ღირს და ეს პაციენტისთვის ცალკე შოკია ხოლმე.

- თუ არ ამოიღეს კაფსულა, ერთის მხრივ რომ ვიზუალურად მძიმე სანახავია, მაგრამ ორგანიზმში რა მოხდება?

- ეს არის ბომბი, არავინ იცის, როდის დაჩირქდება. შეიძლება 20 წელი გავიდეს და ყველაფერი კარგად იყოს და შემდეგ უბრალო "პრიშიკიდან" ინფექცია გადავიდეს კაფსულაზე და დაჩიქრდეს. ასეთი პაციენტის მიღება კი პლასტიკურ ქირურგს აღარ შეუძლია და ზოგად ქირურგთან უნდა წავიდეს, რომელიც უფრო მეტ სხეულებს ჭრის გარშემო, რის შემდეგაც რჩება დეფექტები.

- E ვიტამინის მოხმარებამ გარდა ნეკროზებისა, შეიძლება ასევე გამოიწვიოს ალერგია?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროვოკატორია ალერგიის. მხოლოდ კანში შეყვანა დიდი საფრთხეა ალერგიისა და ანაფილაქსიური შოკის განვითარების. თან თუ პროცედურა კეთდება სახლში ან სალონში, შეიძლება ვერც გადაარჩინონ...

მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ტუჩში ჰქონდა შეყვანილი E ვიტამინი და წლები ისევ იმატებდა. ასეთ პაციენტს ვერ გაუკეთებ შემდეგ კარგ ფილერს, რადგან ნებისმიერი ჩხვლეტა დაუშვებელია. ამ დროს ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული ჩარევა, მაგრამ შესაძლოა გართულდეს რეაბილიტაცია და ტუჩს ვერ დაუბრუნო პირვანდელი სახე.

- სალონებში ინიექციური პროცედურების გაკეთება რამდენად დასაშვებია?

- სამწუხაროდ, ეს კეთდება და აბსოლუტურად დაუშვებელია. სალონში ექიმი არასოდეს იმუშავებს, იქ მუშაობენ კოსმეტოლოგები, რომლებსაც რაღაც კურსები აქვთ გავლილი, იციან სახეზე წერტილები, მაგრამ არ იციან ანატომია და ფიზიოლოგია. ტუჩებზე იმდენი სისხლძარღვია, რომ უცხო სხეულის ერთი მოხვედრა, მაშინვე ნეკროზს გამოიწვევს. თუ ძალიან არ გაუმართლა და მოხვდა არტერიაში, შესაძლოა, დაბრმავდეს პაციენტი.

საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ კონტროლი არ ხდება. რთულია გააკონტროლო სახლში ვინ რას აკეთებს. პაციენტებისგან ვიცი სალონები, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებ. არ არსებობს ჩეკი, ხელშეკრულება, მივიდა ქალი თავის ნებით და გაიკეთა პროცედურა.

ასეთი პაციენტები შემდეგ სახის დეფორმაციებით რჩებიან და ვერავინ უშველით, ქირურგის გარდა.

- ძირითადად, რა ასაკის არიან E ვიტამინის შედეგად დაზარალებული პაციენტები?

- ყველა პაციენტი, რომლებმაც ასეთი პრობლემით მომმართეს, 16-18 წლისები იყვნენ. მე არ მახსოვს ამ პრობლემით პაციენტი 25 წლის ზემოთ, რადგან დიდ ასაკში ნაკლებად უჯერებენ ასეთ რაღაცებს. განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა აზერბაიჯანში. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ასეთი პაციენტი ვერავის უმხელს ამის შესახებ, განსაკუთრებულად თუ მკერდი გაიდიდა და E ვიტამინის გარშემო წარმოქმნილი კაფსულა ჩირქდება და პაციენტი მკერდს, დუნდულას ან ტუჩებს კარგავს.

- ცხვირის ფილერზე გკითხავთ, რამდენად უსაფრთხოა?

- ძალიან კარგი შედეგებია, მეც ვაკეთებ გამწოვ ფილერებს ცხვირის მიდამოში. ამას იკეთებს პაციენტების ჯგუფი, რომელიც არასოდეს გაიკეთებს რინოპლასტიკას, ფინანსების ან შიშის გამო.

ცხვირი ყველაზე სარისკო მიდამოა, აუცილებელია ექიმმა დაიცვას უსაფრთხოების წესები. ბანალურ ანტისეპტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, არ შეიძლება სალონში ჩატარდეს და ექიმმა გამოიყენოს ნემსი. ამისთვის არსებობს სპეციალური ბლაგვი კავი, რომელიც სისხლძარღვებს არ აზიანებს.

ცხვირზე არის არტერია, რომელიც თვალისკენ მიდის და იქ თუ მოხვდა ფილერი, დაბრმავების შანსი ძალიან დიდია. მთელ მსოფლიოში რეკომენდირებულია რომ 0.5 მილილიტრზე მეტი ფილერის შეყვანა ცხვირში არ შეიძლება. ყველა პაციენტს მოვუწოდებ, რომ ნებისმიერი პროცედურის გაკეთებამდე ჰკითხოს ექიმს რას იკეთებს, მოიძიოს, გაიწოვება თუ არა პრეპარატი.

- ბიშექტომიაზე რას გვეტყვით, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოდურია?

- ბიშეს ბურთულები მდებარეობს ლოყის ქვემოთ, ტუჩთან ახლოს. ეს არის ცალკე ცხიმი, რომლის ამოღებაც პირის ღრუდან ხდება. მარტივი ოპერაციაა, და შედეგად პაციენტი იღებს ჩავარდნილ ლოყებს, თხელ სახეს. პროცედურა 25 წლის წინ მოიგონეს, მაგრამ "ინსტაგრამის" სახეებმა გახადეს პოპულარული.

დღეს ყველას უნდა "კურნოსა" ცხვირი, დიდი ტუჩები, მაღალი წარბები, ჩავარდნილი ლოყები და გრძელი ნიკაპი. ბიშექტომიის გაკეთება ყველასთვის არ შეიძლება, რადგან იწვევს ადრიან დაბერებას. ქსოვილები უფრო სწრაფად ჩამოდის ქვემოთ და მალე ნაოჭდება კანი. არ შეიძლება მსუქან სახეზე ამის გაკეთება, მხოლოდ თხელ სახეს უხდება.