ავტორი:

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

საქართველოში ბავშვების 44%-ს საბავშვო წიგნები არ აქვს - სპეციალისტი გირჩევთ, რომელ ასაკში რა უნდა წაუკითხოთ პატარებს

საქართველოში ბავშვების თითქმის ნახევარს საბავშვო წიგნები არ აქვს. ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა. ორგანიზაციამ სპეციალური კითხვარებით საქართველოში 14 000-მდე ოჯახი გამოკითხა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 56%-ს სამი საბავშვო წიგნი მაინც აქვს, ბავშვების 44%-ს კი ხელი არ მიუწვდება მათზე.

მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მონაცემების სხვადასხვა ჭრილში განხილვაც. მაგალითად, ყველაზე ღარიბ მოსახლეობაში, ბავშვების 26%-ს აქვს ხელმისაწვდომობა საბავშვო ლიტერატურაზე, ხოლო ყველაზე მდიდარ სეგმენტში ეს მაჩვენებელი 75%-ია. აღსანიშნავია, რომ მდიდარ მოსახლეობაშიც კი, კვლევამ სრული ხელმისაწვდომობა არ აჩვენა, რაც, შესაძლოა უკავშირდებოდეს, მშობლების ცნობიერების დაბალ დონეს ადრეულ ასაკში ბავშვთა წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ.

თუ მონაცემებს ეთნიკურ ჭრილში შევხედავთ, სახეზეა ბავშვთა უთანასწორო მდგომარეობა ეთნიკური ნიშნით: ეთნიკურად ქართველი ბავშვების 70%-ს მიუწვდება ხელი წიგნებზე, ეთნიკურად სომეხი ბავშვების - 35%-ს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებში კი ეს მაჩვენებელი 11%-ია.

უთანასწორო მდგომარეობაა სოფელსა და დედაქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შორისაც. თუ დედაქალაქელი ბავშვების 68%-ს მიუწვდება ხელი საბავშვო ლიტერატურაზე, სოფლის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 38%-ია.

რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ბავშვების ადრეული განვითარების პროცესში? როგორ უნდა შევურჩიოთ სწორად წიგნები ბავშვს ასაკის მიხედვით? რამდენად ასრულებენ საბავშვო ბაღები ადრეულ ასაკში ბავშვთა წიგნიერების მიმართულებით დაკისრებულ მოვალეობას?

AMBEBI.GE ამ საკითხებზე სასაუბროდ გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტს ანა ჯანელიძეს დაუკავშირდა:

"ასაკობრივად შესაბამისი, სურათებიანი წიგნების ქონა უმნიშვნელოვანესია ბავშვის ადრეული განვითარების პროცესში. არამხოლოდ სასკოლო მზაობისთვის, არამედ მისი ემოციური, სოციალური განვითარების კუთხითაც.

წიგნის მეშვეობით ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კონტაქტი მყარდება ბავშვსა და მშობელს, აღმზრდელს შორის. რადგანაც ადრეულ ასაკში ბავშვმა კითხვა არ იცის და მათ უფროსები უკითხავენ, აცნობენ წიგნებს, რის მეშვეობითაც უყალიბდებათ პირველი წარმოდგენები წიგნზე და უვითარდებათ წიგნიერების საწყისი უნარები.

მაგალითად, ბავშვები პირველ ჯერზე იწყებენ გაცნობიერებას, იგებენ იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება სიმბოლურად, წერილობითი ფორმითაც გადმოიცეს; რომ შინაარსი შესაძლებელია ერთდროულად ნაწერი სიტყვებითა და ვიზუალურად, ნახატებითაც გადმოიცეს; აცნობიერებენ, რომ მაგალითად ჩვენ მარცხნიდან მარჯვნივ ვკითხულობთ; რომ ტექსტი სიტყვებისგან შედგება, სიტყვები ასოებისგან; რომ საჭიროა წიგნებს მოვუფრთხილდეთ და ასე შემდეგ.

ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა, ერთად თვალიერება ხელს უწყობს მათ შემეცნებით, სოციალურ-ემოციურ, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარებას. როდესაც უფროსი უკითხავს ბავშვს წიგნს, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო, ახლის შემეცნების მდგომარეობაა ბავშვისთვის.

- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად წიგნები ასაკის მიხედვით და რა ასაკიდან უნდა დიწყოს წიგნისა და ბავშვის ურთიერთობა?

- წიგნის სწორად შერჩევას ასაკის მიხედვით დიდი დატვირთვა აქვს. მინიმალური ასაკი ბავშვისთვის წიგნის მიწოდებისა, არ არსებობს. შეიძლება ორი-სამი თვიდანაც კი მივცეთ მას წიგნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისი. არსებობს ამ ასაკისთვისაც სპეციალური წიგნები, როდესაც შეუძლია კონტრასტების დანახვა, ფერების აღქმა - მუყაოს ფურცლებით, კონტრასტული ფერებით, ტაქტილური წიგნები, სადაც სხვადასხვა მასალებისგან დამზადებული ვიზუალებია. ჭრაჭუნობს, ფაფუკია და ა.შ.

თვეების ბავშვმაც კი შეიძლება გაიგოს მთავარი პრინციპი, იწყებს წიგნთან ურთიერთობის სწავლას, მაგალითად გადაფურცვლას

ერთი წლიდან უკვე სხვანაირი წიგნები შემოდის. ასაკის მატებასთან ერთად, საბავშვო წიგნებში იმატებს ტექსტი, თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის გამიზნული წიგნი აუცილებლად კარგად ილუსტრირებულია. ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი მეუბნებოდა, რომ ვერ აინტერესებს ბავშვებს წიგნებით. ვთხოვე, ეჩვენებინა წიგნი და ეს იყო დიდი ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი, ყოველგვარი ილუსტრაციების გარეშე. ცხადია, პატარა ასაკის ბავშვს ასეთი წიგნით ვერ მიიზიდავ. მას ტექსტის აღსაქმელად აუცილებლად სჭირდება, მეტად აინტერესებს, ფერები, ვიზუალები, ილუსტრაციები, გამოსახულებები.

- რა ტიპის ლიტერატურა უნდა წავუკითხოთ ბავშვებს ადრეულ ასაკში?

- არსებობს წარმოდგენები იმის შესახებ, რომ ბავშვებისთვის მაინცდამაინც მხოლოდ ზღაპრებია განკუთვნილი, თუმცა როგორც დიდებისთვის, ასე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის წიგნები. არსებობს წიგნები პატარა ამბებითა და ისტორიებით, პოეტური კრებულები, ჯადოსნური ზღაპრები, ენციკლოპედიები, კონკრეტული წიგნები რაიმე ცნებების ან მოვლენის შესახებ.

მაგალითად, შეიძლება იყოს წიგნი ფეხსაცმელების შესახებ, რომელიც ბავშვს მისი ასაკისთვის შესაბამისი და გასაგები ფორმით, ინფორმაციას მისცემს ამ კონკრეტულ თემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნები იყოს ბავშვების უშუალო გამოცდილებასთან ახლოს - მოცემული თემები, ურთიერთობები, მოვლენები, რაიმე სახით უნდა უკავშირდებოდეს მათ პირად გამოცდილებას.

ზოგადად, რაც შეეხება ჯადოსნურ ზღაპრებს, გასათვალისწინებელია, რომ თავიდან ზღაპრები ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში როგორც წესი ბავშვებისთვის არ შექმნილა - მას ზრდასრულები ერთმანეთს უყვებოდნენ. თუმცა შემდეგ, დროთა განმავლობაში ზოგი ზღაპარი საბავშვო აუდიტორიას მოარგეს.

ახლა ბევრი ძველი ზღაპარი მოიცავს საშიშ ამბებს, მოგვითხრობს ძალადობაზე, სიკვდილზე. ზოგიერთი იმდენად საშიშია, რომ ბავშვი შეიძლება დათრგუნოს და დასტრესოს, ტყუილ-უბრალოდ ჩამოუყალიბდეს შიშები რაღაცეების მიმართ

ამის გამო, ტრადიციულ ზღაპრებს სჭირდებათ ადაპტირება. თუმცა იქმნება თანამედროვე ახალი ჯადოსნური ზღაპრებიც. ტენდენცია არის იქეთკენ, რომ იქმნება ისეთი ისტორიები თუ ზღაპრები, რომლებიც ბავშვის გამოცდილებასთან არის ახლოს, მარტივი ისტორიები, რომლის საშუალებით ბავშვები გაიგებენ მეტს გარესამყაროს შესახებ, ისწავლიან თანაგრძნობას, სხვებზე და გარემოზე ზრუნვას და ა.შ.

- ბოლო დროს საზოგადოების აქტიური განსჯის საგანი გახდა საბავშვო ლექსების თემა. "ფეისბუქზე" მშობლების ნაწილი მიიჩნევდა, რომ არაფრის მომცემი და ასე ვთქვათ, უშინაარსო ლექსისთვის ბავშვების მოცდენა არ ღირს. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ასეთი მსჯელობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ლექსები?

- დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ არ უნდა იყოს სტერეოტიპული, რომ ის აუცილებლად ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს, ან იმის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად რაღაც ახალი უნდა გავიგოთ ან შევიმეცნოთ. ლიტერატურა ყოველთვის რაღაცის მისაცემად არ არის, როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.

პირველ რიგში ის უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას მკითხველს, ან სხვანაირად ანახებდეს ამა თუ იმ საკითხს, ან რითმა ჰქონდეს საინტერესო. მთავარი ლექსში არის მეტაფორა და რაღაცის ახლებურად დანახვის შესაძლებლობა. როდესაც ბავშვებისთვის იქმნება ლიტერატურა, აუცილებელია ბავშვის სამყაროს, მისი ასაკობრივი თავისებურებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინება.

ის უფრო დიდი პრობლემაა, როცა ადრეული ასაკის ბავშვებს ასწავლიან ვრცელ ლექსებს აბსტრაქტულ ცნებებზე, რაც დიდების აზრით სავალდებულოა, რომ ბავშვმა იცოდეს. აიძულებენ, დაისწავლონ ლექსები - სამშობლოზე, გმირობაზე, სისხლზე, თავგანწირვაზე და ა.შ.

ადრეული ასაკის ბავშვისთვის ასეთი ლექსების შინაარსი გაუგებარია, ვერ აღიქვამს და ამ პროცესს მისი კოგნიტური თუ ემოციური განვითარებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, მეტიც - ამ დროს ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება ლიტერატურის, პოეზიის მიმართ. რაც ბავშვს მოსწონს და მის განვითარების დონეს შეესაბამება ის უნდა წავუკითხოთ და დავათვალიეროთ ერთად.

- რა მდგომარეობაა სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ამ მხრივ? რამდენად ფლობენ საბავშვო ბაღების პედაგოგები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ ცოდნასა და უნარებს?

- ამ მხრივ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. მშობლებთან საბავშვო ბაღი უნდა მუშაობდეს ამ კუთხით, უხსნიდეს და ასწავლიდეს, აცნობდეს, რა შეიძლება ასწავლონ, წაუკითხონ ბავშვებს ასაკის მიხედვით, როგორ შეარჩიონ წიგნები. მაგრამ საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს და პედაგოგებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენციებია.

2016 წლამდე "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის" მიღებამდე, ყველა მუნიციპალიტეტი თვითონ წყვეტდა, როგორი აღმზრდელი ჰყოლოდა. მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულოა უმაღლესი განათლება ჰქონდეს ბაღის აღმზრდელს. 2017 წელს მთავრობამ დაამტკიცა “აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული სტანდარტი“, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან უკვე სავალდებულოა ბაღის პედაგოგს ჰქონდეს დარგობრივი განათლება.

დაახლოებით ათი წლის წინ არსებობდა უნივერსიტეტებში ადრეული სკოლამდელი პედაგოგიკის სპეციალობები, რომლებიც გაუქმდა. ახლა ისევ ხდება პროგრამების შემუშავება ამ მიმართულებებით. ეს იქნება 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები. უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო მომზადება, მაგრამ ჯერჯერობით უნივერსიტეტები ელოდებიან სამინისტროს მიერ დარგობრივი მახასიათებლების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საბაკალავრო პროგრამების აკრედიტირება.

დღესდღეობით, ბაღის აღმზრდელების დიდ ნაწილს არ აქვს არანაირი ცოდნა ადრეული განათლების მიმართულებით. უმრავლესობას არ ჰქონია გადამზადების შესაძლებლობაც

ვისაც აქვს ასეთი განათლება, უმრავლესობას 20-40 წლის წინ მიღებული. ამიტომ ეს ცოდნა დღეს არ არის რელევანტური, ხშირად არ შეესაბამება ახალ სახელმწიფო სტანდარტებს და საჭიროა გადამზადება.

არადა სწორედ ეს ასაკია უმნიშვნელოვანესი ადამიანის ჩამოყალიბების განვითარების პროცესში. პიროვნული ფუნდმენტური უნარები და დამოკიდებულებები სწორედ ადრეულ ასაკში ყალიბდება. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც დაწყებით კლასებში ბავშვები შედიან არათანაბარი სასკოლო მზაობით, შემდეგ კიდევ უფრო ღრმავდება ეს უთანასწორობა და დიდ ნაპრალს აჩენს აკადემიურ მოსწრებებს შორისაც.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელს შემოკრებილი ჰყავდა ირგვლივ ბავშვები, წინ ედო წიგნი და უკითხავდა, თუმცა ისე რომ არ აძლევდა ნახატების დათვალიერების საშუალებას, რადგან სავარაუდოდ არ იცოდა, რომ ილუსტრაციები პატარა ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსის აღსაქმელად, წიგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად...

ეს ელემენტარული უნარია, რასაც უნდა ფლობდეს აღმზრდელი. ასეთი მარტივი უნარები, არ მოითხოვს განსაკუთრებულ თეორიულ ცოდნას, შესაძლებელია, ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობითაც განუვითარდეთ პედაგოგებს. აუცილებელია, აღმზრდელთა დაიგეგმოს პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

აქვე გთავაზობთ 5 საბავშვო წიგნს "პალიტრა L"-სგან, რომელიც საახალწლოდ უნდა წააკითხოთ თქვენს პატარებს:

საშობაო სიმღერა, ჩარლზ დიკენსი
ახალი წლის ამბები

გუნდა და მისი მეგობრები

ძმები გრიმები - ოქროს კოლექცია

ჩემი პირველი საგანძური - თოვლიანი ზღაპრები

საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

"მათ გაუმართლათ, რადგან სამხედრო ტყვეებს პირდაპირ ხვრეტდნენ... ტყვიით სიკვდილი იქ ფუფუნება იყო" - ქართული გვარ-სახელები აუშვიცის "სიკვდილის ბანაკიდან"

"ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა... მეუბნებოდა, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალო" - რას ამბობს მეუღლე ბიჭზე, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა