ავტორი:

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. უწყების ინფორმაციით, მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.

2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება - აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმურ აცრებს.

ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ.

"უსაფრთხო სისხლის" სახელმწიფო პროგრამის - 2020 წლის პროექტის ფარგლებში, იცვლება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად. ამასთან, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას, იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება, ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს.

ცვლილებაა კიბოს სკრინინგის კომპონენტშიც - გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება, რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას.

ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც - სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც - ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც სამინისტროს ცნობით, უფრო ხარჯთეფექტურია.

იცვლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი - ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა.

"აივ-ინფექცია/შიდსის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე: გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი, დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება.

ამასთანავე, გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოს ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა - 1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში. 2. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა