ავტორი:

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება  ამირანში

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტი აღმოჩნდა გია ყანჩელის მუსიკის შესრულება კინოთეატრის სცენაზე ახალი თაობის ვარსკვლავების მონაწილეობით და მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის "სევდის ანგელოზების" ჩვენება. კინოთეატრ "ამირანის" ინიციატივითა და კომპანია "გალფის" წარდგენით პროექტი წელს 8 იანვარს განმეორდება.

ფილმის ჩვენებამდე გამართულ საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია, დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი.

საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელმა მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმი "სევდის ანგელოზები", რომლის ავტორია სცენარისტი თეონა ჯორბენაძე განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოვა.

თეონა ჯორბენაძე, "სევდის ანგელოზების" სცენარის ავტორი და რეჟისორი: "„ნამდვილად არ ველოდი მაყურებლის მხრივ ასეთ გამოხმაურებას, რატომღაც მივიჩნევდი, რომ ეს ფილმი მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანებისთვის იქნებოდა საინტერესო. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო ჩემს საქმიანობაში, როდესაც აუდიტორიაზე არ ვფიქრობდი, მიხაროდა კიდევ მონტაჟის დროს, რომ არავის წინაშე არ ვიყავი ანგარიშ-ვალდებული და მხოლოდ მთავარი გმირის აზრი მაინტერესებდა. ეს პროექტი კიდევ იმით მომწონს, რომ იმ ახალგაზრდების შეკრება გახდა შესაძლებელი, ვისთვისაც ბატონი გიას წასვლა შემოქმედებით შთაგონებად იქცა. თქვენ იცით, რომ პატარა მუსიკოსებმა ნაწარმოებები მიუძღვნეს. ცნობილი პოსტერის „ის აქ არის“ ავტორები ელენე და მარიამ ღვინეფაძეებიც ვიპოვნე და ძალიან საინტერესო ატმოსფერო შეიქმნა".

"სევდის ანგელოზები" გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში გადაიღეს (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).

ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლებისთვის მებრძოლ, უკომპრომისო პიროვნებად დარჩა.

ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.

პროექტის ორგანიზატორები: ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტ Art, კინოთეატრი "ამირანი" და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 59 წლის ქალი გარდაიცვალა

"ჯერ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმიც არ გამომივლენია" - როგორ მოხვდა მეგობრის საგულშემატკივროდ მისული ნიკა შუბითიძე "მხოლოდ ქართულში"