ავტორი:

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

საბჭოთა ხელისუფლებამ, მეორე მსოფლიო ომში წასული და არდაბრუნებული ასობით ათასი ქართველის შესახებ, ოჯახებს ერთადერთი წინადადებისგან შემდგარი წერილით მიმართა: "დაიკარგა უზგო-უკვლოდ"... არადა, ათასობით ჯარისკაცი სამშობლოსთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე განისვენებდა და გაურკვეველი მიზეზების გამო, მათი ნეშტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ყირიმის სამძებრო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სუსანა კირაკოზიანმა, თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ, იმ ქართველების სიები აღმოაჩინა, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, რეალურად კი, ჩრდილოეთ ოსეთში, დაბა ელხოტოვოს საერთო სასაფლაოზე არიან დასაფლავებულნი.

1942-43 წლებში, ელხოტოვოში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რომელიც "კავკასიის ბრძოლების" შემადგენელი ნაწილი იყო.

ელხოტოვოს სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა სია ყირიმის სამძებრო კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა.

"როგორც ჩვენი კომისიის ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყვება, ქართველებს საერთო საფლავი ჰქონდათ.

მანვე მიამბო, რომ ერთ-ერთ ქართველს ლითონის ყუთში (რომელსაც სავარაუდოდ, თუთუნისთვის იყენებდა), სასწაულებრივად შემონახული წერილი და გაცრეცილი ფოტო უპოვეს. გამოსახულება თითქმის არ აღიქმება, მაგრამ ზედ გოგონაა აღბეჭდილი. სავარაუდოდ, შეყვარებული, ცოლი ან და...”- ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას სუსანა კირაკოზიანი.

აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულთა სია ყირიმის სამძებრო კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა. გთავაზობთ, ქართველების გვარ-სახელებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ:

რაჟდენ ანტონის ძე დონგაძე - დაბადებული 1903 წელს, ჭიათურაში, მაშინდელ ლენინის ქუჩის #58-ში. დაიღუპა 1942 წლის დეკემბერში. დასაფლავებულია ჩრდილოეთ ოსეთში, ალანიაში, ელხოტოვოში. წოდება - მაიორი.

გიორგი პავლეს ძე ნოზაძე - დაბადებული 1901 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ალიში. მეუღლე - ნინა გრიგორის ასული ნოზაძე. წოდება - ლეიტენანტი.

მიხეილ ივანეს ძე ბიაშვილი (ან იაშვილი) - გურჯაანი რაიონის სოფელ კარდენახიდან.

გრიგორი იოსების ძე ოჩხიტაძე (?!) - დაბადებული 1908 წელს, ჭიათურის რაიონში, წერეთლის # 19-ში. მეუღლე - ელენა თეოდორეს ასული.

ნექტორ დომენტის ძე თვალაბეიშვილი - დაბადებული 1914 წელს, ვანის რაიონის სოფელ ქვედა ვანში. და - თამარი.

შალვა ალექსანდრეს ძე ზინდრიაშვილი - დაბადებული 1912 წელს მარტყოფში.

ამირან ვლადიმირის ძე ქაბულაძე (ან ქებულაძე) - დაბადებული 1920 წელს ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძე) სოფელ კვირიკეთში.

პეტრე ისააკის ძე ნადიბაიძე - დაბადებული 1909 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბანში.

გრიგორი გედევანის ძე ბიწაძე - დაბადებული 1905 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ ტყემლოვანში. მეტყვიამფრქვევე.

გერასიმე პეტრეს ძე ჯანაშია - დაბადებული ლაგოდეხის რაიონში. ასევე მითითებულია სოფელი ჭყონი

ბიკენტი იაკინთეს ძე ცუცქირიძე - დაბადებული 1905 წელს, სოფელ სვირში.

გრიგორი ნიკოლოზის ძე მახარაშვილი - დაბადებული 1899 წელს ლაგოდეხის რაიონში, შაუმიანის ქუჩის #90-ში.

იპოლიტე იოსების ძე გრიგორაშვილი - დაბადებული 1918 წელს ქუთაისში.

პავლე ლუკას ძე ხომასურიძე - დაბადებული 1903 წელს საჩხერეში.