ავტორი:

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციისამებრ, გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უჩვეულო იყო ერთი ფაქტი, რომელიც დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიამ თამრიკო ჭოხონელიძისა და მარიამ როინიშვილის გარეშე ჩაიარა. ისინი წლებია საშობაო ლიტურგიაზე სამების ტაძრის სასულიერო დასის გუნდთან ერთად გალობენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ჭოხონელიძის ოჯახი ლიტურგიაზე შეგნებულად არ მიიწვიეს. რაც მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.

AMBEBI.GE მთელი დღის მანძილზე ცდილობდა საპატრიარქოს პრესსამსახურთან და თავად თამრიკო ჭოხონელიძესთან დაკავშირებას. საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს ხვალ გააკეთებს. მასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით:

- ქალბატონო თამრიკო, საშობაო ლიტურგიამ სამების საკათედრო ტაძარში გუშინ თქვენი და თქვენი ქალიშვილის გალობის გარეშე ჩაიარა, რამაც საზოგადოებაში გაკვირვება გამოიწვია.. რა იყო ამის მიზეზი, თქვენი განცხადებები ხომ არა?

- მინდა ამ შეკითხვას ხალხმა გასცეს პასუხი, ამიტომ ცოტა ხანს კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებ ამ საკითხს. როგორ ფიქრობს ხალხი, რაშია საქმე? მე კარგად ვარ. ეს ცოტა გასაკვირი იყო, მაგრამ არ მწყენია, იმიტომ რომ დღეს მე არაფერი აღარ მიკვირს. მე ჩემს პატარა ტაძარში ყველაფერს კარგად ვაკეთებ. სიყვარული სუფევს ჩემს ოჯახში, ღმერთი კი სიყვარულია. გუშინ გადასარევად მოვახერხე ამის დამტკიცება, ჩემი სახლიდან ტკბილხმოვანება ისმოდა. რა თქმა უნდა, თავისთავად არ არის გასახარელი ამბავი, მაგრამ არ მინდა სიღრმეები ვეძიო.

- ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იგალობებს საშობაო ლიტურგიაზე?

- არამგონია პატრიარქი წყვეტდეს. ვერ მივაღწიე იქამდე, ვიცი პატრიარქი სხვაგვარად აზროვნებს. მას არ უყვარს მონები და ბრმად გამყოლი ხალხი. მინდა მას ვკითხო, მაქვს თუ არა უფლება ჩემი აზრი და პოზიცია გამაჩნდეს? რამდენიმე მხრიდან ვცადე პატრიარქთან შესვლა და ვერ შევხვდი. ადრე ყოველთვის თვითონ ითხოვდა ჩვენთან შეხვედრას. მინდა მივიდე ილია მეორესთან, მოვეფერო და ვუთხრა, მე არასდროს არავისთვის მიღალატია და მითუმეტეს, პატრიარქისთვის.