ავტორი:

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“, განსახილველი საკითხი პირველი იყო.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.

ამასთან, მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა. საქართველოს მთავრობის შეფასებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

ბაგა-ბაღები თბილისში, რომლებსაც წელს დაანგრევენ - "მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება"

ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა

"გუდაურს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, ბაკურიანის იმ ნაწილისთვისაც, სადაც პრობლემა იყო, წყლის მიწოდებას დღეს შევძლებთ"