ავტორი:

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

2020 წელს, ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, 81 ადამიანი დამწვრობის ცენტრში აღმოჩნდა.

აქედან 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 33 - რეგიონებში.

დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელი გუგა ქაშიბაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდებში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებები მთელი ზამთრის პერიოდში გრძელდება. წელს ორ არასრულწლოვანს თითების ამპუტაციაც დასჭირდა.

"ამჟამად, დამწვრობის ცენრტში პიროტექნიკით დაშავებული არცერთი პაციენტი არ წევს. ყველას ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა. რამდენიმე პაციენტი გადამისამართდა ტრამვატოლოგიურში, რადგან დამწვრობის გარდა ჰქონდათ მოტეხილობები.

ჩვენი გამოცდილებით, ეს არ მთავრდება 9 იანვარს, გრძელდება ძველით ახალ წელსაც, იქამდე, სანამ ბოლო პიროტექნიკაც არ ამოიყიდება ქვეყანაში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასკოლო არდადეგებია და ბავშვებს უფრო მეტი დრო აქვთ გართობისთვის.

თუმცა, ისე არ მინდა გაიგოთ, რომ პიროტექნიკით მხოლოდ ბავშები ზიანდებიან. 65% ბავშვებზე მოდის, 35% მოზრდილებზე. ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია პიროტექნიკის გაყიდვა. შარშან მარიამ ჯაშის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითად არასრულწლოვანებზე აკრძალულია მიყიდვა, მაგრამ ყველგან იყიდება და ყველა ყიდულობს. ზოგადად ამ დიდი შუშხუნების ხელში დაკავება და ისე ანთებაც არ შეიძლება.

- ახალ წელს, სწორედ ამ მიზეზით, სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვიც...

- საბედნიეროდ გადარჩა და მართლა არანაირი დაზიანება არ მიუღია. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, დავურეკე და პირადადაც ვესაუბრე, მართლა ბეწვზე გადარჩა. იმ ღამეს, რადგან ვიდეო დადეს, მივხვდი, რომ სერიოზული არაფერი დაშავებია, მაგრამ მაინც მძიმე საყურებელი იყო.

- ყოველ წელს აფრთხილებთ მოსახლეობას, მაგრამ შედეგი მაინც არ არის...

- მესმის, ქართულ ტრადიციაში გვაქვს სროლა და ხმაური, ადრე თოფს ისროდნენ ხოლმე, შობას და ახალ წელს, ძეობას, მაგრამ პიროტექნიკა არ არის სათამაშო. შუშხუნა, რომელიც 150 მეტრამდე სიმაღლეზე ჰაერში ადის, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. გინდა ეგ გისვრია და გინდა გატენილი იარაღი. იმხელა მუხტს შეიცავს რომ სერიოზულ დაზიანებას აყენებს ადამიანს.

- რამდენიმე დღის წინ, იმერეთის ერთ-ერთ რაიონში, სანადირო თოფით 3 წლის ბავშვს 6 წლის ძმა შემოაკვდა...

- დიახ, ვიცი, მაგ შემთხვევის შესახებ. ასეთი საშიში საგნები ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, ამას ხომ სამი წლის ბავშვის სიცელქეს ვერ დააბრალებ?! ის შედეგებზე პასუხისმგებელი არ არის. ყოველთვის მიკვირს, რომ პიროტექნიკა საჩუქრად მიაქვთ დედებს, ბებია-ბაბუებს, რაც არ უნდა იაფი ღირდეს, როგორ შეიძლება მისი ჩუქება?!

ნებისმიერ დღესასწაულს ახლავს ტრავმიანობა, ამ დროს ყურადღება მოდუნებულია, დიასახლისები ამზადებენ სადილს, მამაკაცები ნაბახუსევი არიან, ან ალკოჰოლურ მდგომარეობაში, ბავშვებს არდადეგები აქვთ და უყურადღებოდ რჩებიან, თუ ამას პიროტექნიკის ჩუქებას დავუმატებთ, ცხადია, ტრავმები იმატებს.

- კიდევ რა ტიპის დაზიანებებით შემოჰყავთ დამწვრობის ცენტრში ბავშვები?

- სამ წლამდე ბავშვები, ძირითადად, იწვებიან ცხელი წყლით, ყავის და ჩაის გადასხმით. მოზრდილები, გაზის აფეთქებით, ბენზინის აალებით. დამწვრობის ცენტრში 55% ყოველთვის ბავშვები წვანან, დანარჩენი მოზრდილები. ხშირად ასეთი შემთხვევებია: ბავშვი ჩაჯდა ჭოჭინაში, იარა ოთახში, ბოლოს მიადგა ელექტრომადუღარას, მოქაჩა და გადაისხა წყალი ზედ.

სამ წლამდე ბავშვისთვის ელექტრომადუღარაში არსებული მდუღარე წყლის რაოდენობა საკმარისია, რომ რეანიმაციაში მოხდეს. სერიოზულ ღრმა დამწვრობას სიკვდილიანობა ახლავს თან. სამწუხაროდ, წელიწადში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ხოლმე.

- რა იწვევს ამას, მშობლების უყურადღებობა?

- ასეთი ტიპის ტრავმები ნებისმიერ ქვეყანაშია. დამწვრობა გაუფრთხილებლობით ხდება 80 პროცენტში და 20 პროცენტია მხოლოდ უბედური შემთხვევა. ძალიან ელემენტარულია, რომ ანთებული ასანთით არ უნდა ჩახედო ბენზინის ავზს, დედამ წყლის ტემპერატურა ჯერ თავად უნდა გააკონტროლოს და შემდეგ ჩასვას ბავშვი.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც დამწვრობის შემდეგ თვითმკურნალობას მიმართავენ.

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. დღეს მოიყვანეს ბავშვი, რომელმაც ახალი წლის პერიოდში მიიღო დამწვრობა და სახლში ჩატარებული მკურნალობის გამო მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. არ შეიძლება დედა ამ დროს საჭმელ სოდას აყრიდეს ჭრილობაზე! ზოგადად ყველა ოჯახში უნდა იყოს დამწვრობის სააწინააღმდეგო კრემი, რომელიც აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოთ და თავად არ უნდა დაამზადოთ.

კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი საიტის საშუალებით მოსახლეობა გავაფრთხილო. ბოლო წლებია ქართველებს ახალი გამოგონება გვაქვს, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს. ოჯახში სხვადასხვა ტიპის გამათბობელზე, "კარმაზე" დამცველს, გარეშეფუთვას ხსნიან, რომ თითქოს ამით ოთახში სითბო უკეთესად დაგროვდება.

არადა ის დამცავი სპეციალურად არის იმ ნივთიერებით შექმნილი, რომ ტემპერატურას გაუძლოს და ხელის მიდებისას არ დაგვეწვას. დამცავ ხუფსა და ღუმელს შორის არსებულ ჰაერის სივრცეში, ტემპერატურა ტრიალებს და ოთახში ისედაც მაქსიმალურ სითბოს გამოყოფს და არაფერ შუაშია მისი მოხსნა.

წარმოიდგინეთ, მშობლები ხსნიან "კარმას" დამცავ ხუფს და ამ დროს, ორი-სამი წლის ბავშვი დარბის ოთახში, ხელს წამოჰკრავს ან ფეხს მიადებს და უკვე მერამდენე შემთხვევა გვქონდა, რომ ბავშვები მოჰყავთ სერიოზული დამწვრობით. გაფრთხილებთ, ამით უკეთესად ვერ გაათბობთ სახლს და სავალალო შედეგს მიიღებთ! საკმაოდ მძიმე დამწვრობას იწვევს.

- ამ წელს დამწვრობის მძიმე შემთხვევა თუ გქონდათ დამწვრობის ცენტრში?

- ძალიან ცუდი რამ მოხდა ცოტა ხნის წინ კახეთის ერთ-ერთ სოფელში. დედას შეეშალა და ღუმელში ნავთის მაგიერ ბენზინი შეასხა. ცხრა წლის ბიჭი ადგილზე დაიწვა. დედა ჩვენს რეანიმაციაში გარდაიცვალა, სასუნთქი გზების 85 პროცენტი დამწვრობა ჰქონდა და ვერ გადავარჩინეთ... 6 წლის გოგონა გადარჩა. ძალიან რთული იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან დამწვრობა ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან, განსაკუთრებულად ბავშვებში.

დამწვრობა გაივლის, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს მიჰყვებათ ბავშვებს. ორი დღე გოგონა ხმას არ იღებდა, ფსიქოლოგები მუშაობდნენ მასთან და წარმოუდგენელი შრომა გაწიეს. ბავშვი მუდმივად ხატავდა, რამდენიმე ნახატი მეც მაჩუქა და კაბინეტში მაქვს.

ხატავდა სახლს საიდანაც კვამლი ამოდიოდა, ოღონდ ეს არ იყო ხანძრის კვამლი. უამრავი ტრაგედიიის მონაწილე ვარ, მაგრამ ამ ბავშვის სულისშემძვრელი ნახატები არასოდეს დამავიწყდება...

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი