ავტორი:

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

პროცესები ჯანსაღად რომ წარმართულიყო, ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი ახლა დასრულების პირას უნდა იყოს, მაგრამ სახელისუფლებო პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა ყველაფერი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამავდროულად კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებდა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აღედგინა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა.

„ის, რაც დღეს მოხდა, ლოგიკური დასასრული იყო იმ „შულერული თამაშისა“, რასაც ხელისუფლება ეწეოდა მთელი 2019 წლის განმავლობაში, როდესაც რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამასთანავე, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში, ამით პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობდა და ამ ვითარებაში როდესაც კონსორციუმის მენეჯმენტს უმძიმეს დანაშაულში სდებ ბრალს, არც ერთი ინვესტორი რისკს არ გასწევს და ფულს არ ჩადებს. ამ ყველაფერს ხელოვნური პოლიტიკური კონტექსტი გასდევდა. გარდა ამისა, ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე პროექტის მიმართ პოლიტიკური ინტერესი გაუჩნდა და მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, რომ მასზე კონტროლი აღედგინა. პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 1 წლის წინ იქნა მიღებული. ამის შემდეგ, მთელი ეს „შულერული თამაში“ მიმდინარეობდა, რაც ლოგიკური ფინალით დასრულდა.

მე კონსორციუმი ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციის შეძენის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას ძალიან წაადგებოდა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი ვარაუდით, ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები ამ გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო სასამართლოში იდავებენ, რაც ქვეყანას კომპენსაციის სახით, შესაძლოა, ასეულობით მილიონი დაუჯდეს. ხუხაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო დავის შემთხვევაში, ანაკლიის პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ანაკლიის კონსორციუმი მაღალი ალბათობით საერთაშორისო სასამართლოში წავა. არამხოლოდ მამუკა ხაზარაძე იდავებს, არამედ იქ იყვნენ ამერიკელი და სხვა ინვესტორები, რომლებიც აგრეთვე დაიწყებენ დავას და ეს საერთოდ ბუნდოვანს ხდის ამ პროექტის მომავალს. საკმაოდ ბევრი არგუმენტი დაუგროვდათ იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება სადავო გახადონ და ძალიან დიდ კომპენსაციაზე იქნება ლაპარაკი, ალბათ ასეულობით მილიონზე.

ახლა არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტზე კონტროლის აღების პირობებში ხელისუფლებას სურვილი ჰქონდეს, რომ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ თუ საერთაშორისო დავები დაიწყო, სადავო აქტივზე არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი არ გარისკავს მილიარდობით დოლარის ჩადებას. ხელისუფლებას ერთადერთი გზა რჩება, რომ ისევ თვითონ ან მასთან აფილირებულმა პირმა გასწიოს რაღაც ტიპის რისკი, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი ვითარება იქმნება ამ პროექტის გარშემო, რაც მის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვანს ხდის, რაც არ უნდა ოპტიმისტური განცხადებები აკეთოს დღეს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის, რომ ანაკლიის პორტით დავკარგეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია, პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში, ეს ფაქტია. მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან, - ასე აფასებს აღნიშნულ ფაქტს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.

ექსპერტი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განხორციელება მთავრობის ინტერესში არ შედის და თუ პორტს ააშენებენ, ეს რუსული, ჩინური ან თავად ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელდება. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ინვესტორი კომპანია უნდა ყოფილიყო ამერიკული, აკაკი ცომაია ამბობს, რომ შესაძლებელია გამოჩნდნენ ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიები, რომლის უკან დგანან ინვესტორები რუსეთიდან ან ჩინეთიდან.

„მთავრობას რომ არ უნდა ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს, ეს უკვე დიდი ხანია გამოჩნდა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პროექტი მათთვის სასურველი არ არის. ამდენად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ის, რომ ანაკლიის პორტით ჩვენ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ივესტიცია და არა მხოლოდ დიდი ინვესტიცია, არამედ პოლიტიკური უსაფრთხოების სხვადასხვა გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ფაქტია. ქვეყანამ ის უბრალოდ გაუშვა ხელიდან მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირი განცხადებისა. ამდენად, ამ მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან.

ანაკლიის პორტის პორტის მშენებლობა შეიძლება განახორციელოს მთავრობამ, მაგრამ აქ იქნება უკვე ჩინური, რუსული ფული, სავარაუდოდ, თავად ივანიშვილის ფული და შესაბამისად, ნაკლები იქნება დასავლეთის ინტერესი.

ინვესტორი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, იმის უკან კვლავ შეიძლება იდგას ივანიშვილი. 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ინვესტიცია განხორციელდეს პანამიდან ისეთი სახელმწოდებით, რომელიც რეგისტრირებულია აშშ -ში და მათ უკან დგანან რუსი ან ჩინელი ინვესტორები, უამრავი მეთოდი არსებობს და მერე უნდა ამტკიცო, რომ ეს ის არ არის და როგორც ხდება ხოლმე მთავრობამ ეს უნდა „გააპრავოს“ - „რას ამბობთ, პოლიტიკური პარტიები არ ცვლიან ისევ თავიანთ დღის წესრიგს და ა.შ.“ და არის ჩვეულებრივი პინგ-პონგის თამაში,“- აცხადებს აკაკი ცომაია.

ექსპერტი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ანაკლიის პორტში სერიოზული ინვესტორების მონაწილეობა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ პროექტით, იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ საქართველო მიმზიდველი გახდებოდა სხვა მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვისაც, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი პორტის აშენება ნიშნავს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„ერთი, რასაც ვხედავთ არის ის, რომ სახეზეა და დამნახავი კარგად დაინახავს, თუ როგორ მიზანმიმართულად ჩააგდო მთავრობამ ანაკლიის პორტი და გაყარა ყველა ინვესტორი და თითოეულ ინვესტორს, რომელიც იყო წარმოდგენილი, დასახელებული და მზად იყო ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო, საკმაოდ დიდი ისტორია, გამოცდილება გააჩნდა.

ის ინვესტორები, რომლებიც შემოდიოდნენ საქართველოში იყვნენ მსხვილი ცნობილი ამერიკული, ევროპელი ინვესტორები, ეს კი სხვა ინვესტორებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ ასევე საქართველოში, ანუ მულტიპლიკაციის ეფექტი აქვს ამას. როცა ასეთი ინვესტორები შემოდიან, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ისინი გრძნობენ გარკვეულ პოლიტიკურ გარანტიებსაც, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ სტრატეგიული მოკავშირეების და პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ გარკვეული ინტერესი აქვთ ანაკლიის პორტში და თუ ჩინეთი, ან რუსეთი წამოყოფს თავს, ამერიკის მთავრობის გარანტიები არსებობს ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ლოკომოტივი და შექმნას კარგი საფუძველი მომავალში ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანაში. ამის ნიშნები იყო ანაკლიის პორტის პროექტის სახით და მთავრობამ ის ხელიდან გაუშვა. არ ვიცი, ეს მათი გულუბრყვილობით, უტვინობით, მიზანმიმართულად მოდა თუ ყველაფერი ეს ერთად აღებული იყო, მაგრამ სახეზეა, რომ ეს ასე მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში გონიერი ადამიანები მუშაობენ, ეს ნამდვილად არ არის ასე, ვერ ვიტყვი ასევე, რომ მთავრობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის ბედი და მომავალი, რადგან ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ და იკვეთება ისიც, რომ მთავრობაში არიან ნეპოტიზმის ნიშნით შეყრილი ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ და აინტერესებთ კერძო ინტერესი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს, დიდ თანხებზე იქნება საუბარი - შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, რომ ამას ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტა მოსალოდნელი იყო.

„ეს არ არის ისეთი რამ, რაც სიურპრიზად მოგვევლინა. ბიძინა ივანიშვილის სრული სტრატეგია იყო აქამდე მიღწევა, რათა შეთანხმება გაუქმებულიყო და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო, რადგან პოტენციური მეწილეები დაფრთხნენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დისკრედიტირდნენ. ასე რომ, რაც მოხდა, სრულებითაც არ მიკვირს. მაგრამ ახლა, ამის შედეგები საქართველოსთვის საკმაოდ ცუდი იქნება, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღძრავს და დიდ თანხებზე იქნება საუბარი. შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, ამ შედეგებს ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს.

რაც არ უნდა იყოს, გასაკვირი მომხდარში არაფერია და ძალიან დასანანია, რადგან ამან ძირი გამოუთხარა საქართველოს სანდოობას, როგორც ადგილს, სადაც უცხოელი ინვესტორებისთვის და ასევე, ადგილობრივი ბიზნესებისთვის ბიზნესის კეთება ღირს. ამას გარდა, მომხდარი ადასტურებს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დე-ფაქტო მმართველია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფადი ასლიმ.

მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა, ორი ფაქტორის გამო სდომებოდა.

„პირველ რიგში, მას სურს ეს იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან - მათ შავ ზღვაზე ისეთი პორტის არსებობა არ სურთ, რომელიც პოტენციურად რუსეთში გასასვლელის შემცვლელი იქნება და რომელიც, შეიძლება, მათი შეხედულებით, შემდგომში გამოყენებულ იქნას, როგორც სამხედრო-საზღვაო ბაზად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან რაიმე მსგავსი, არ ვიცი, მაგრამ ეს რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტში მოდის. მეორეა პირადი მტრობა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის და ეს შურისძიების მაგვარი ნაბიჯიც იყო“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს