ავტორი:

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ჰაერის დაბინძურება მთელი მსოფლიოსთვის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის მკვიდრთა 92% ცხოვრობს გარემოში, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს აღემატება. საერთაშორისო ორგანიზაციამ "გლობალური ჯანმრთელობის ალიანსი" უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

მოხსენება ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშრებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

"კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება. 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჰაერის დაბინძრება გახლავთ მთელი რიგი არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი.58 მილიონი ადამიანიდან 7 მილიონი ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული დაავადებებით კვდება. გარემო გახლავთ სოციალურ ეკონომიკური ფაქტორითან ერთად სიკვდილიანობის და ავადობის უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამიტომ ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ. 2018 წელს საქართველოს აქვს გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხუთი მიმართულებით მუშაობს სახელმწიფო. ეს არის ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ქიმია და კლიმატის ცვლილება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურება არის პირდაპირ კავშირში მთელი რიგი დაავადებების განვითარებასთან და დამძიმებასთან. "ჯანმო" ასახელებს ხუთ დაავადებას, რომელებიც ძირითადად ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. ეს არის გულსისხლძარღვთა სხვადასხვა ტიპის დაავადებები, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ფილტვის კიბო.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჰაერის დაბინძურებას ძირითადად განაპირობებს ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი და სხვა. რას აკეთებს სახელმწიფო ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ კითხვით AMBEBI.GE -მ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელს მანანა ქოჩლაძეს მიმართა.

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს და შესაბამისად, რაიმე ქმედით ნაბიჯებზე საუბარი ზედმეტია.

"სახელმწიფოს არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი, რაც გაკეთდა, შემოვიდა ავტომობილების ტექ-დათვალიერება, მაგრამ როგორც ცნობილია, ესეც საკმაოდ პრობლემურად მიმდინარეობს. საუბარი იყო იმაზე, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ ევრო ოთხის ტიპის საწვავი უნდა ყოფილიყო მოხმარებაში და ასე არ მოხდა. გადაიდო 2021 წლამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება სრულად ჩამორჩება ყველა იმ გრაფიკს, რომელიც თვითონ დაადგინა მუნიციპალიტეტმა და რაც არასაკმარისია. საწარმოო გაფრქვევები ისევ სასწაულია, გინდა რუსთავი აიღეთ, გინდა - ზესტაფონი. სახელმწიფო ჯერაც არ თვლის ჰაერის დაბინძურებას მთავარ პრობლემად. გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაშიც, თუმცა სახელმწიფოს არანაირი მიზანი არ დაუდგენია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. როდესაც არ გაგაჩნია მიზანი და არ აღიარებ რომ ეს პრობლემაა, რაღაც ფრაგმენტული მიდგომები ძალიან არაეფექტურია.

მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის მასშტაბით უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა და მასზე ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები. რითაც რეალურად განხორციელდება საწარმოებში ფილტრების დადგმა, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება და ა.შ. ამას სჭირდება დეტალური სტრატეგიის გაწერა და მულტიკომპლექსური მიდგომა. თუ არ იქნება ინვესტირება, ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ. 2020 წლის ბიუჯეტიდან მთავრობას ისევ 0.02 პროცენტი აქვს გამოყოფილი გარემოს დაცვაზე და ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება. მაშინ როდესაც, ნორმალური ქვეყანაში 2.4 პროცენტია მთელი ბიუჯეტის გარემოს დაცვაზე გამოყოფილი. ასეთ ვითარებაში იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო რამეს აკეთებს ამ კუთხით, ზედმეტია", - ამბობს მანანა ქოჩლაძე.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში