ავტორი:

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

"სახლიდან მოიტანა სანადირო იარაღი და 15-ჯერ გაისროლა" - რა დეტალებს იხსენებს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" მომხდარ დაჭრის ფაქტზე

კლუბ "ბასიანთან" სამი პირის დაჭრის შემთხვევასთან დაკავშირებით კლუბის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და მომხდარს იხსენებს. როგორც ორაშვილი წერს, ფიზიკური დაპირისპირების გარეშე კლუბიდან გაძევებულმა პირმა, 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

"კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში.

ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით.

სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ - თანასწორობისვთის.

ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები - ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ეს სივრცე ყველასია და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლევინებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშისმომგვრელი, არამედ გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება", - წერს ნაჯა ორაშვილი.

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა"

როდის განახლდება საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი - განათლების სამინისტროს ინფორმაცია

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე