ავტორი:

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის" - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, 12 იანვარს გამართული საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან ხშირად გაუგია, რომ "ჟამი ახლოს არის", მაგრამ უწმინდესის თქმით, "შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა" მეორედ მოსვლამდე.

ამ ქადაგებამ საზოგადოების ნაწილი საკმაოდ დააფრთხო, ნაწილს კი, მეორედ მოსვლის არ სწამს და შესაბამისად, ირონიით შეხვდა ამ ამბავს.

მეორედ მოსვლის მნიშვნელობის შესახებ, AMBEBI.GE სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზს (თათარიშვილს) ესაუბრა:

- პატრიარქი ბოლო დროს თავის ქადაგებებში სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს მეორედ მოსვლის მოახლოებას. რას ნიშნავს უწმინდესის ქადაგება?

- მეორედ მოსვლა როდის იქნება ეს არავინ იცის. პატრიარქმა თქვა ის, რასაც ნებისმიერი სასულიერო პირი იტყვის, რომ მეორედ მოსვლა შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება სამი დღის ან სამი წლის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მზად.

გარკვეულწილად, იმ მოვლენების გამო, რაც სამყაროში მიმდინარეობს, ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც უფრო მოხშირებულია, ასევე, ახალი ეპიდემიების, ახალი დაუდგენელი ვირუსების წარმოშობა და გავრცელება - ეს ის ნიშნებია, რომლებიც უბიძგებს სასულიერო პირს თუ ნებისმიერ მორწმუნეს, რომ იფიქროს მეორედ მოსვლის მოახლოებაზე.

პატრიარქმა თქვა ეს და ამაში არაფერია დარღვევა ან გადაცდომა. პატრიარქი, როგორს პირველი სასულიერო პირი, ვალდებულია, განმარტოს ეს პროცესები. თუ ამ სწავლებას მორწმუნეებს არ მივცემთ, ე.ი ეკლესია არ ასრულებს თავის ფუნქციას, რელიგია ყოველთვის რელიგიას უნდა ასწავლიდეს და ამაში საქილიკო და გასაკვირი არაფერია.

დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) და დეკანოზი შალვა (კეკელია)

- ქრისტიანული სწავლების მიხედვით რაში მდგომარეობს მეორედ მოსვლის არსი? როგორ არის ის წმინდა წერილში აღწერილი?

- ტერმინი მეორედ მოსვლა კარგად უნდა ესმოდეს ყველა ქრისტიანს. პირველად მოსვლაში იგულისხმება იესო ქრისტეს განკაცება, მისი მოღვაწეობა, რასაც ადგილი ჰქონდა ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში. ჩვენ ვიცით, რომ ახალი აღთქმა ეს არის კაცობრიობის ეპოქა, გადასვლა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაზე, რაც დაკავშირებულია მაცხოვრის მოვლინებასთან.

იესო ქრისტეს დაბადება, მისი ჯვარცმა, მისი აღდგომა, ამაღლება ეს ყველაფერი არის პირველად მოსვლა

მაცხოვარი მიწიერი მოღვაწეობის დროს ესაუბრებოდა მოწაფეებს, რითაც თქვა, რომ იგი კვლავ მოვიდოდა მეორედ და ყველა მომდევნო ეპოქაში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონოდა ამის მოლოდინი. უფალმა თქვა, რომ ეს მოხდებოდა სამყაროს დასასრულის წინ. შესაბამისად, მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ სწავლება ისეთივე ძველია, როგორც სხვა სწავლებები.

ამიტომ არის რომ მაგალითად მრწამსში, რომელიც არის ქრისტიანის მთავარი კრედო, შესულია ცალკე მუხლი - "და კვალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არ არის დასასრულ". აგრეთვე მრწამსის მე-14 და მე-15 მუხლები ანუ ფინალური ნაწილები მიანიშნებს იმას, რომ ქრისტიანი აღიარებს აღდგომას და ის შინაგანად მოწოდებულია მეორედ მოსვლისა და აღდგომისთვის, რაც ნიშნავს დაუსრულებელ, დაუსაბამო ცხოვრების დასაწყისს.

- როგორ არის ქრისტიანულ სწავლებებში აღწერილი მეორედ მოსვლის პროცესი?

- საფუძველი ყოველგვარი სწავლებისა არის წმინდა წერილი და ზეპირი გადმოცემა. წმინდა წერილი არის ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წიგნები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩამოვაყალიბოთ მოსაზრება მეორედ მოსვლის პროცესის შესახებ. წყარო არის სახარება, ასევე ახალი აღთქმის ბოლო წიგნი - გამოცხადება იოანესი, რომელიც აპოკლიფსის სახელით არის ცნობილი.

მინიშნებებია პავლე მოციქულის ეპისტოლეშიც, ბოლო ჟამის შესახებ ძველ აღთქმაშიც არის გარკვეული მინიშნებები, ესაიას და სხვა წინასწარმეტყველებთან. სწავლებები მეორედ მოსვლის შესახებ დაკავშირებულია საყოველთაო აღდგომასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი აღდგება, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. რადგან ადამიანი მხოლოდ სული არ არის და არც მხოლოდ სხეულია. იგი არის სხეული და სული ერთად. ორივე მათგანი ძვირფასია ადმიანისთვის.

მკვდართა აღდგომის შესახებ სწავლებას აღიარებს ყველა აბრაამული რელიგია. ამას აღიარებს იუდაიზმიც, ისლამიც - მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი მონოთეისტური რელიგია. როგორც მაცხოვარი აღდგა მესამე დღეს, ისე თითოეული ადამიანი აღდგება. ადამიანი არის უხრწნელი და მარადიული არსება, როგორც სულიერად ისე სხეულებრივად. ამიტომაც ქრისტიანული რელიგია ამ მხრივაც უდიდესი ნუგეში და სიხარულია.

დღესდღეობით ისეა დახატული სიტუაცია, ქრისტიანობა გაიგივებულია რისხვასთან, ადამიანის დეპრესიაში ჩაგდებასთან. არავითარ შემთხვევაში! წარმოიდგინეთ უამრავი ობოლი, შვილმკვდარი მშობლები, რომელთაც რელიგია აძლევს უდიდეს ნუგეშს და აღდგომას ჰპირდება თავიანთი საყვარელი ადამიანებისა.

- აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა საუკუნეში, რამდენიმე ათწლეულის წინაც საუბრობდნენ იმაზე, რომ მოახლოებული იყო ბოლო ჟამი და მეორედ მოსვლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს...

- დიახ, ყველა ეპოქაში იყო ასეთი განწყობა მეორედ მოსვლის შესახებ. ბიზანტიაში, რომის იმპერიაში და ა.შ. ხშირად აქილიკებენ ამის გამო და დასცინიან ისტორიას, რომ აი, საუკუნეები ელოდნენ და დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებული, არ მოხდა მეორედ მოსვლა.

ილიას „კაცია ადამიანი?!“ არის ამის კარგი ილუსტრაცია. ეს უსწავლელი ცოლ-ქმარი როგორ ქილიკობს ამაზე - დედამიწას ფრთა მოტეხიაო, გარეჯელმა მკითხავმა თქვაო, დედამიწა უნდა გადაბრუნდესო და ა.შ. შეგვიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ ქართულ ხალხური თქმებიდან თუ სხვა ტიპის ლიტერატურიდან, როგორ აისახა ადამიანების სულიერი განწყობა, მეორედ მოსვლის მოლოდინი ეპოქების მიხედვით.

შეგვიძლია, ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ მაგალითად როდესაც ბიზანტიის იმპერია თავისი არსებობს დღეებს ითვლიდა, ეს აღქმული იყო, როგორც მეორედ მოსვლა. ეს განწყობა ყოველთვის იარსებებს, ვიდრე იარსებებს სამყარო და მორწმუნე ადამიანები.

მე შემიძლია გავიხსენო ჩემს სტუდენტობაში, 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც სემინარიაში ვსწავლობდი, ეს განწყობა იყო განსაკუთრებით გამძაფრებული. ალბათ ათასწლეულის ფინალი იყო და მაგიტომ. ძალიან ბევრი ბროშურა გამოდიოდა, სისულელეებიც იწერებოდა. მახსოვს, კონკრეტული პიროვნება დაასახლეს ანტიქრისტედ, ეს იყო მაშინდელი აშშ-ს ელჩი გაეროში. „ქვაკუთხედი“ იყო ჟურნალი და იქ დაიბეჭდა ეს სტატია, რასაც მოჰყვა დიდი სკანდალი.

- როგორ შეიძლება ივარაუდოს სასულიერო პირმა, რომ ბოლო ჟამი მოახლოვდა? რა კონკრეტული ნიშნებია დასახელებული ქრისტიანულ ლიტერატურაში ამ პროცესების დასაწყისის ამოსაცნობად?

- წმინდა სწავლებების მიხედვით, გარკვეული მოვლენები ირგვლივ მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ეს მოახლოებული იყოს. მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმები, ხანძრები, ეპიდემიები, ვირუსები, ოჯახური მკვლელობები.

ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ძმა ძმას არ დაინდობს. ასეთი მასშტაბის ხანძრები, როგორიც იყო ამაზონში და ავსტრალიაში, ძნელი გასახსენებელია. ასევე დაუდგენელი ვირუსებით ადამიანების გარდაცვალება და ა.შ.

- როგორ უნდა ემზადებოდეს მორწმუნე ადამიანი მეორედ მოსვლისთვის?

- მეორედ მოსვლისთვის მზადება არ არის რთული. ნებისმიერი მორწმუნე, ვინც დილის ლოცვებს კითხულობს, ელემენტარულად ცდილობს, იყოს მზად ამისთვის. იქ შევედრებაა უფლისადმი, რომ მამყოფე მზად მეორედ მოსვლისათვისო.

მომზადება ჰიტლერული ან კომკავშირული ხელის აწევა და სტარტზე დგომა კი არ არის, არამედ შინაგანის სულიერი მზაობა - როდესაც ცხოვრობ სინანულით და გული გაქვს გამთბარი მოყვასის სიყვარულით. ასეთი ადამიანი მზად არის უფალთან შეხვედრისთვის!