ავტორი:

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გასულ შაბათ-კვირას „მის საქართველო 2003“ ირინა ონაშვილი გამოჩნდა, ის აგენტ ქალს თამაშობს, რომელიც ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ირინას გამოჩენას ყველაზე პოპულარული სერიალის მეთექვსმეტე სეზონზე დიდი რეზონანსი მოჰყვა, საზოგადოებას აინტერესებს როგორ განვითარდება მისი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ისტორია, ასევე კომპლიმენტებსაც არ იშურებენ ირინას მიმართ. AMBEBI.E ირინა ონაშვილს ესაუბრა.

- ირინა, როგორ მოხვდით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“?

- „ჩემი ცოლის დაქალების“ სტაფის ერთ-ერთმა წევრმა როცა დამიბარა კასტინგზე, გამეცინა. რადგან სხვანაირი ლინკები მაქვს ამ სერიალთან, დიდი ხანია ვუყურებ, ბევრ მსახიობთან ვმეგობრობ კიდეც და ძალიან მიყვარს მთელი გუნდი. მე პაროდიებს ვაკეთებ და სულ მეუბნებოდნენ, მაგარი ნიჭი გაქვს და კარგი იქნება სერიალში თუ მოხვდებიო. ეს არ არის სერიალი, სადაც ექსპერიმენტებისთვის სცალიათ, შენი გასაკეთებელი საქმე შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ვცადე. გარდასახვა დამჭირდა და ეს რთული იყო. გადაღებების გამოცდილება მაქვს, მაგრამ კინოგადაღება სულ სხვა რამე ყოფილა. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო მთელი გუნდის მიმართ. გარედან მარტივად ჩანს ყველაფერი, თუმცა რთულ ეტაპებს გადიან სერიალის გადაღებისას.

- ელოდით ასეთ რეზონანსულ გამოხმაურებას სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ?

- ველოდი დიდ გამოხმაურებას, რადგან სერიალს დიდი რეიტინგი აქვს. როცა ასეთ პლატფორმას შეეხება საქმე, საზოგადოების გამოხმაურებაც დიდია. სხვა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩემგან განსხვავებულ ამპლუაში წარვსდექი მაყურებლის წინაშე, ვარ აგენტი ქალი, რომელიც თავისი ხერხებით ცდილობს ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ყურადღების მიქცევას და ინფორმაციის გამოცინცვლას.

- რა საერთო გაქვთ თქვენს პერსონაჟთან მედეასთან?

- არანაირი საერთო არ გვაქვს, არც კი ვიცი როგორ უნდა მოვხიბლო ასეთი ტექსტებით ადამიანი.

- საუბრისას თქვით, რომ პაროდიის ნიჭი გაქვთ, განწყობა გჭირდებათ ამისთვის?

- განწყობა არ მჭირდება, თუ ადამიანს აქვს რაღაც დამახასიათებელი, ტემბრი, მოძრაობა და ა.შ თავისუფლად ვაკეთებ მის პაროდიას. სერიალში რამდენად გამომადგა ეს ნიჭი არ ვიცი, რადგან სულ სხვა პერსონაჟი შევქმენი. თავდაპირველად ვიფიქრე, ვინმეს ხომ არ მივბაძო-მეთქი, მაგრამ მითხრეს, წარმოიდგინე როგორია აგენტი ქალი და ისე ითამაშეო, ასე რომ არავის ვბაძავ. ჩემი პერსონაჟი ცდილობს დაზუთხული ტექსტებით ითამაშოს განათლებული ქალი და ასე გააკეთოს საქმე.

- ასეთ ქალებს იცნობთ?

- მე არ მქონია ამ ტიპის ქალებთან შეხება. „ტროლებს“ რაც შეეხება, „ტროლები“, რა თქმა უნდა, აქტუალური თემაა და ამას ყველა ამჩნევს. სოციალური ქსელით მარტივი დასადგენია ვინ ვინ არის.

- სერიალში გამოჩენის შემდეგ, ასევე არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ საოცრად გამხდარი ხართ, როგორ დაიკელით წონაში?

- ბევრი საქმე მაქვს და ვინაიდან სულ მიწევს საქმეზე ფიქრი, დავიკელი კიდეც. ჩემი თავი ყველაზე მეტად გამხდარი მომწონს, ახლა ისეთ ფორმაში ვარ, მეტად მემატება თავდაჯერებულობა. სამი წლის წინ გავაჩინე მეორე შვილი, მომატებული მქონდა 25 კილოგრამი და ამ სამ წელიწადში დავიკელი ეს წონა. იდეალურ წონამდე მაკლდა 5 კილოგრამი და ახლა ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ეს ხუთი კილოგრამიც დავიკელი.

- სერიალის გარდა რას საქმიანობთ?

- ინფლუენსერ მარკეტინგში ჩავერთე. კომპანია შევქმენით enfluencer.ge, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ინფლუენსერ მარკეტინგის აუცილებლობაც მოიტანა. ვინც ამ კუთხით არ მუშაობს ახლა, იმ კომპანიას მუშაობა გაუჭირდება. რამდენიმე კომპანიასთან ვითანამშრომლეთ უკვე ამ კუთხით და წინ დიდი გეგმები გვაქვს. მე, როგორც ინფლუენსერს ამ კუთხით მუშაობაც მიწევს, მაგრამ სანამ გავაკეთებ რეკლამას, მანამდე მე თვითონ ვამოწმებ პროდუქციას, ანაზღაურების გამო ყველაფერს რეკლამას ვერ გავუკეთებ. ასე მუშაობს ჩვენი კომპანიაც.

- როგორ ახერხებთ ოჯახს და საქმეს სათანადო ყურადღება დაუთმოთ?

- რთულია ოჯახი და ამდენი საქმე, ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მე პატარა ასაკიდან აქტიურად მუშაობას ვარ მიჩვეული და თუ მოდუნებული ვიჯდები, ცუდად ვიგრძნობ თავს. არის პერიოდები, როცა მინდა ფილმს ვუყურო და წიგნი წავიკითხო, თუმცა ამისთვის ნაკლები დრო მრჩება, რასაც ძალიან განვიცდი.

- რამდენიმე თვის წინ, დამხმარე ქალმა გაგქურდათ და ამ კუთხით, მძიმე გამოცდილება გაქვთ, ამჯერად ვინ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში?

- რთული გამოცდილება მაქვს ამ კუთხით და ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ უკვე მყავს დამხმარე ქალი, რომელიც მეხმარება.

- თქვენი მეუღლე, ლადო ვარძელაშვილი აქტიურად გეხმარებათ ბავშვების აღზრდაში?

- ლადო ყველაფერში ხელს მიწყობს. ახლა ბაკურიანში როცა ვიყავი გადაღებებზე, ლადო და ძიძა იყვნენ ბავშვებთან. ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ის მუდმივად მიდგას გვერდით და ყველაფერში მეხმარება.

- ვვარაუდობ, რომ დიდხანს დარჩებით სერიალში, ასეა?

- არ ვიცი რა იქნება. ბაკურიანიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. საკუთარი საქმე ადამიანს გიჟივით უნდა გიყვარდეს, ისე როგორც „ჩცდ“-ს მსახიობებს უყვართ. ისინი დღე და ღამე მუშაობენ, ეს კი ადვილი არ არის. სერიალის გარდა, მე ბევრგან ვმუშაობ და შესაბამისად, დროის შეთანხმება გამიჭირდება. ამდენი მსახიობი ჩემი გრაფიკის მიხედვით ხომ ვერ იმუშავებს?!

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს

რიჩარდ გირს 70 წლის ასაკში შვილი შეეძინა - ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მისი 37 წლის ცოლის ოჯახური პორტრეტი (ფოტოები)