ავტორი:

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი წლების განმავლობაში ელოდებოდა ამ შესაძლებლობას, სტატისტიკური მონაცემებით უფასო მკურნალობის კურსი მხოლოდ 40%-მა დაასრულა.

დაავადებულთა რიცხვი შთამბეჭდავია და 100 ათასს ადამიანზე მეტს აღწევს.

გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების სათავე 90-იან წლებში უნდა ვეძებოთ.

"C ჰეპატიტის დიაგნოსტირების სიხშირე გაიზარდა C ვირუსის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ - 2015 წლის აპრილიდან. მანამდე დაავადების გამოვლენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ჰქონდა არასისტემური სახე და დამოკიდებული იყო მხოლოდ ცალკეული პაციენტების მოტივაციასა და შესაძლებლობებზე.

რაც შეეხება დაავადების ფართო გავრცელების მიზეზებს, ეს ალბათ უნდა ვეძიოთ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სრულად მორღვეული იყო ინფექციის კონტროლის სისტემა, განადგურებული იყო სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ნაკლები იყო ცოდნა ამ დაავადების შესახებ, ფართოდ გავრცელებული გახლდათ ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მოხმარება, არ მოქმედებდა უსაფრთხო სისხლის პროგრამა და ა.შ.

- გენდერულად რომ დავყოთ, ქალები რა გზით ავადდებიან და მამაკაცები რა გზით?

- გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც C ვირუსით ინფიცირებაზე ვსაუბრობთ. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაშიც, დაავადება გადაეცემა ცალსახად სისხლის გზით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი ინფიცირებული ადამიანის სისხლი უნდა მოხვდეს მეორე ადამიანის ორგანიზმში.

სისხლის გადაცემა სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს: ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა), დედიდან შვილზე გადაცემა მშობიარობის მომენტში, ნარკოტიკების ინექციური და ინტრანაზალური გზით მოხმარება, არასტერილური სამედიცინო მანიპულაციები, არასტერილური ესთეტიკური პროცედურები და სქესობრივი კონტაქტი. ჩამოთვლილი გზებიდან, ზოგან მეტი ალბათობაა C ვირუსის გადაცემისა და ზოგან - ნაკლები.

- ქალების შემთხვევაში შესაძლოა ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი სილამაზის სალონები იყოს, სადაც მაგალითად, ფრჩხილებს იკეთებენ?

- არ მაქვს მონაცემები ამის შესახებ, მყარი და სანდო სტატისტიკური კვლევების გარეშე კი მსგავსი დასკვნების გაკეთება მარჩიელობას დაემსგავსება.

- სიმპტომატიკა და მდგომარეობის დამძიმება სქესის მიხედვით თუ არის განსხვავებული?

- კარგი კითხვაა. კვლევების მიხედვით, დაავადების პროგრესირების რისკ-ფაქტორი სქესიცაა: მამაკაცებში უფრო პროგრესირებს ეს დაავადება, ვიდრე ქალებში.

- განკურების შემთხვევაში რა ხდება, იცვლება თუ არა პაციენტის ცხოვრების წესი, რა რისკ-ფაქტორები ახლავს თუნდაც მკურნალობის პროცესს?

- განკურნებულ პაციენტებზე სასაუბროდ, ორ დიდ ჯგუფად უნდა დავყოთ ისინი.

ერთი ჯგუფია პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული C ჰეპატიტი ღვიძლის საყურადღებო დაზიანების ან ღვიძლის სხვა თანმხლები პათოლოგიების გარეშე (მაგ.: გაცხიმოვნების, ქრონიკული B ჰეპატიტის და ა.შ.). ასეთი პაციენტები C ვირუსის განადგურების შემდეგ ითვლებიან ჰეპატოლოგიური კუთხით ჯანმრთელ ადამიანებად და რეგულარული ჰეპატოლოგიური მეთვალყურეობა და ცხოვრების წესის სპეციფიური მოდიფიკაცია არ სჭირდებათ.

მეორე ჯგუფია პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული C ჰეპატიტი ღვიძლის საყურადღებო დაზიანებით, მით უმეტეს ღვიძლის ციროზით ან ღვიძლის სხვა თანმხლები პათოლოგიებით (მაგ.: გაცხიმოვნებით, ქრონიკული B ჰეპატიტით და ა.შ.). ასეთ პაციენტებს C ვირუსის განადგურების შემდეგ ესაჭიროებათ ჰეპატოლოგიური მეთვალყურეობა, რადგან C ვირუსი მათი ერთ-ერთი ღვიძლის პრობლემა გახლდათ და არა - ერთადერთი. ცხადია, მათი ცხოვრების წესიც იცვლება ღვიძლის დაზიანებისა თუ თანმხლები დაავადების ხარისხის გათვალისწინებით.

რაც შეეხება მკურნალობის თანმხლებ რისკებს, C ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია ახალი თაობის ანტივირუსული მედიკამენტებით არის ძალიან უსაფრთხო. მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა გახლავთ მსუბუქად გამოხატული თავის ტკივილი და საერთო სისუსტე, მეტი არაფერი.

- მახსოვს, ერთხელ მოუწოდეთ სასულიერო პირებს, რომ მრევლისთვის ეთქვათ, ემკურნალათ... რამ გამოიწვია უნდობლობა პაციენტებში?

- ჩვენს საზოგადოებაში სასულიერო პირები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, რაც უპრიანი იქნებოდა პაციენტების საკეთილდღეოდ გამოყენებულიყო, რადგან C ჰეპატიტი ხომ „ჩვეულებრივი“ დაავადება არაა და ამაში აი, რას ვგულისხმობ:

C ჰეპატიტი წლების განმავლობაში ჩვენი მძიმე სოციალური ყოფის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ამ დაავადების გამო ადამიანები იძულებულები იყვნენ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დევნილის სტატუსის მისაღებად გახიზნულიყვნენ, რათა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ.

C ვირუსის მკურნალობა, გარდა გვერდითი მოვლენებისა, კავშირში იყო დიდ ფინანსურ პრობლემებთანაც, რის გამოც დიდ ფინანსურ რისკებზე უწევდათ წასვლა ჩვენს თანამოქალაქეებს.

2015 წლის აპრილიდან ეს სიტუაცია შეიცვალა რადიკალურად. C ვირუსის ელიმინაციის პროექტს მე პირადად ვუყურებ როგორც დიდ შანსს, რომელიც მიეცა გაჭირვებულ ქვეყანას ჩვენი დასავლელი მეგობრების წყალობით და რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს ამ ქვეყანამ. ამ შანსის გამოყენებაში კი ყველამ უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა, ამას ხომ არანაკლები სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო?!

ექიმებმა - დაუზარელი და პატიოსანი შრომით, ჟურნალისტებმა - "ფეიკ ნიუსთან" ბრძოლით, მღვდლებმა და სხვა ავტორიტეტულმა ფიგურებმა კი მათი პატივისმცემელი ადამიანებისთვის მაგალითების მიცემით, უნდა დავძლიოთ ამ დაავადების მასობრივი გავრცელება ქვეყანაში. ასე ვხედავ მე ამ პროცესს თუ გვინდა რომ 150 ათასი ადამიანის 25-30% ღვიძლის ციროზითა და ჰეპატოცელულური კარცინომით სიკვდილისგან ვიხსნათ.

- ალკოჰოლის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება იმ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსი აქვთ?

- ჭაბმა წონამ, სიმსუქნემ. ალკოჰოლთან ერთად, სიმსუქნე დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია დაავადების პროგრესირებისა და ღვიძლის სხვა დაავადების გაჩენისა, რასაც ჰქვია ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.

- როდესაც ქალი ვირუსის მატარებელია, რა რისკებთან არის დაკავშირებული ორსულობა, მშობიარობა?

- მინდა, ინფიცირებულ ორსულ ქალებამდე, რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიტანო მათ დასამშვიდებლად. ზოგადად, C ვირუსის გამოკვლევა და განადგურება ორსულობამდეა სასურველი, ცხადია, თუმცა თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული და აქამდე ეს არ იცოდით, აუცილებლად მიდით ექიმთან, ჩაიტარეთ გამოკვლევები და დარწმუნდით, რომ ღვიძლი არ არის მძიმედ დაზიანებული, როგორც ხდება ინფიცირებული ორსულების ექსტრემალურ უმეტესობაში.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მშვიდად გააგრძელეთ გინეკოლოგიური მეთვალყურეობა და გახსოვდეთ, რომ C ვირუსი თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს - არც მშობიარობის გზა შეიცვლება ვირუსის გამო და არც დამატებითი მედიკამენტები დაგენიშნებათ ორსულობის დროს.

ცუდი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად მშობიარობის გზისა (საკეისრო იქნება ეს თუ ფიზიოლოგიური), მაინც არსებობს ნაყოფის ინფიცირების მცირე რისკი (დაახლოვებით 3-5%-ის ფარგლებში). არც ამაზე ინერვიულოთ - ინფიცირების შემთხვევაშიც კი, კვლევები ცხადყოფს რომ ჩვილთან ეს დაავადება მყისიერ პრობლემებს პრაქტიკულად არ ქმნის!

როდესაც იმშობიარებთ და მზად იქნებით მკურნალობისთვის, მიმართეთ ჰეპატოლოგს და მშვიდად და წყნარად გაანადგურეთ C ვირუსი იმ პერიოდში თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით. დღეს არსებული მედიკამენტებით ორსულობის დროს მკურნალობა არ შეიძლება და ორსულობის დროს მოცდაც ამითაა განპირობებული.

- როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მკურნალობიდან რამდენ ხანში შეიძლება შვილის ყოლა გადაწყვიტონ?

- ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობის დროს, დაფეხმძიმება არ არის რეკომენდებული. მაქსიმალური მოცდის პერიოდი კი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეა.

საქართველოში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევაა - რომელ რეგიონში რამდენი ახალი ინფიცირებულია?

"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი" - რას ამბობს პაატა იმნაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

"მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდ კრუიზერი 105", იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ბევრს დავდივარ" - მეუფე ნიკოლოზი