ავტორი:

36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა"

36 წლის ქალი მეცხრე შვილის დედა გახდა - "საკეისრო კვეთის შემდეგ, რვაჯერ ბუნებრივად იმშობიარა"

36 წლის ქეთი ტაბატაძე მეცხრე შვილის დედა გახდა. ახალგაზრდა ქალმა პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ რვაჯერ ბუნებრივი გზით იმშობიარა და ყველა მშობიარობამ უპრობლემოდ ჩაიარა. ამჯერად ოჯახს კიდევ ერთი ვაჟი, აბრაამ ტაბატაძე შეემატა, რომელიც გუშინ გაგუას კლინიკაში დაიბადა.

გაგუას კლინიკის დირექტორი დავით გაგუა ამბობს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მის პროფესიულ პრაქტიკაში განსაკუთრებულია იმით, რომ პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ, ბუნებრივი გზით რვაჯერ იმშობიარა.

"საკეისროს შემდეგ რომ მშობიარობა საშიშია და არ შეიძლება, ეს არის სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსოფლიო სტატისტიკა და კვლევები აჩვენებს, რომ 70%-ში შესაძლებელია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ჩვენს კლინიკაში მინიმუმ 20-30 ქალი, გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ, ყოველწლიურად ბუნებრივი გზით მშობიარობს. ეს კონკრეტული შემთხვევა იმითაა განსაკუთრებული, რომ პირველი საკეისროს შემდეგ რვა ბუნებრივი მშობიარობაა. მქონია პირადად სამი, ოთხი ბუნებრივი მშობიარობა საკეისროს შემდეგ, მაგრამ რვა - არა. თუ კიდევ გავიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევებს ჩემი პრაქტიკიდან ყველაზე მრავალშვილიანი 11 შვილის დედაა" - ამბობს AMBEBI.GE -სთან დავით გაგუა.

მრავალშვილიანი დედა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ მრავალშვილიანობა მისი ოჯახის ეკლესიურად ცხოვრებით არის განპირობებული. ქეთის მეუღლე შალვა ტაბატაძე ამჟამად სტიქაროსანია და მომავალში შესაძლოა, სასულიერო პირიც გახდეს.

შალვა ტაბატაძე შვილებთან ერთად

"22 წლის ვიყავი, როდესაც შევუღლდით. უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. პირველი გოგონა 2006 წელს საკეისრო კვეთით გამიჩნდა. მშობიარობას გართულება ახლდა, ამიტომ საკეისრო გახდა საჭირო. 2008 წელს ისევ დავრჩი ორსულად, მოვიარე ძალიან ბევრი კლინიკა, ვერ მპირდებოდნენ, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი მშობიარობა უსაფრთხო იქნებოდა. მივედი ბატონ დავით გაგუასთან, რომელმაც მამშობიარა ბუნებრივად, უპრობლემოდ და დაიბადა ანტონი. მას შემდეგ ყველა შვილი ბატონ დავითთან გავაჩინე. სხვათაშორის, მეექვსე შვილი, ელისაბედის ნათლია ბატონი დავითია" - ამბობს ქეთი და ცხრავე შვილის დაბადების წელსა და სახელებს გვაცნობს.

დავით გაგუა და პატარა ელისაბედ ტაბატაძე

"2006 წელს პირველი გაჩნდა ელენე, ანტონი - 2008 წელს, 2009 -ში - ილია, 2010 წელს - ანდრია, 2011 წელს იოანე მოევლინა სამყაროს , 2013 წელს ელისაბედი, 2015- ში - ენუქი , 2017 წელს - ელისე და 2020 წელს აბრაამი დაიბადა.

ცხრა შვილის დედა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის და ამბობს, რომ ცხრა შვილის გაზრდის პარალელურად პროფესიულ რეალიზებასაც ახერხებს.

"ჩვენ ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ, რომელ აბორტზეა საუბარი. რამდენსაც უფალი მოგვცემს, იმდენს გავაჩენთ. დატვირთვა და შრომა, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მე ინგლისურის პედაგოგი ვარ და ვცდილობ, რომ პროფესიულადაც რეალიზებული ვიყო. კერძოდ, ვამზადებ ბავშვებს. ძალიან მეხმარება მეუღლე, დედამთილი, უფროსი გოგონაც, რომელიც 13 წლისაა.

არაფერზე ვწუწუნებ, ვშრომობთ და ვზრდით ჩვენს შვილებს. ერთადერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ. ბავშვები იზრდებიან 30 კვ მ. ბინაში, რომელიც ჩემი მეუღლის საკუთრებაა. როგორც ვიცი, კანონი მრავალშვილიანობაზე არანაირ შეღავათს არ აწესებს. რადგან ასეთ პატარა ბინაში ვცხოვრობთ ამდენი ადამიანი, მოგვენიჭა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ჯამში მთელი ოჯახი თვეში დაახლოებით 1100 ლარს ვიღებთ. სხვა არანაირი დახმარება არ გვაქვს".

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი