ავტორი:

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ილო ბეროშვილი უამრავი საქმის პარალელურად მეგაპროექტ "მხოლოდ ქართულშიც" აქტიურადაა ჩართული. ის ამ შოუს ნაწილი თავიდანვე გახდა. ქართული სიმღერა, მანამდეც უყვარდა, მაგრამ ახლა მეტად მოსწონს, რადგანაც ამ შოუში მას სხვანაირად დაუკავშირდა...

ილოს პარტნიორ ნიკა გრიგოლიასთან ერთად, კონკურსანტების კულისებიდან სცენაზე გამოცილება და მათთვის დადებითი განწყობის შექმნა უწევს. ისინი მონაწილეების განწყობაზე კადრს მიღმაც ზრუნავენ.

ილო ბეროშვილი საკუთარ მოსაზრებას "მხოლოდ ქართულზე" და მის კონკურსანტებზე AMBEBI.GE-ს უზიარებს:

- "მხოლოდ ქართული" ძალიან საჭირო პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი გვიყურებს, უყვართ ჩვენი კონკურსანტები, მათთან ერთად ჩვენც, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს გააზრებული, თუ რამხელა რამ გააკეთა "მხოლოდ ქართულმა". პროექტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. აქამდე თუ ქართული სიმღერის პროექტებზე მუშაობის მცდელობა იყო, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფანოღის ჟანრში გადადიოდა. ის, რომ ქართული სიმღერა ახალგაზრდებისთვის გამხდარიყო კლასი, კარგი ტონი და არა უფროსი თაობისთვის, რომლებიც ყოველთვის ნოსტალგიით იხსენებს ამ სიმღერებს, აქამდე არ ყოფილა. ასე რომ, "მხოლოდ ქართულმა" ქართული სიმღერა ახალგაზრდებისთვის "ქულ" გახადა.

სოფო ბათილაშვილი ჩვენთან რომ მოვიდა, ის ქართულად არ მღეროდა... მახსოვს მისი პირველი ქასთინგი, ინოლა გურგულიას სიმღერა ჰქონდა მომზადებული... მერე კი სოფოსთან დაკავშირებით რაც მოხდა, ყველაფერი ვიცით. მის სიმღერებს დიჯეებიც კი იყენებდნენ, ქართულ სიმღერებს მიქსავდნენ. მოკლედ, ქართული სიმღერა ყველა ჟანრში აბრუნეს, რადგანაც ბრენდი გახდა. ახლა ის ახალგაზრდები, რომლებიც უცხოელ მომღერლებს უსმენდნენ, ან თუნდაც "ანდერგრაუნდს", მათ ტელეფონებსა და პლეილისტებში ქართული რეტრო სიმღერებიც გაჩნდა. ეს მნიშვნელოვანი რამ არის და ეს გააკეთა "მხოლოდ ქართულმა".

- როგორ შეაფასებ წლევანდელ კონკურსანტებს?

- მათ რთული ამოცანა აქვთ, რადგანაც წინა ორი სეზონით ისეთი თამასა იყო უკვე აწეული და ისეთი მოლოდინი იყო, რომ იგივე თამასა უნდა დაეჭირათ. წინა ორი სეზონის კონკურსანტები მაღალ დონეზე იყვნენ, ზოგიერთი მათგანი მაინც... მაყურებელი ამათგანაც იმავეს ითხოვს და სირთულეები ამიტომაც მატულობს, თუმცა ამჯერადაც მყავს ჩემი ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ, ეს არის თამთა ხუხუნაიშვილი. ამასთან, თითოეული ძალიან მიყვარს, ყველას თავის პლუსი აქვს - მაგალითად, ძოწენიძეს საოცარი ფალცეტი აქვს, ნინი შონია მაღალ ნოტებს მშვენივრად იღებს. სხვა კონკურსანტებიც არიან, რომლებიც სიმღერის მორგებას კარგად ცდილობენ. მოკლედ, მშვენიერი ნაკადია - საინტერესო ნახევარფინალი და ფინალი გველის. ეს ადამიანები შემდეგ ტურებში კიდევ უფრო გაიხსნებიან.

ჩემი ფავორიტი თამთა ხუხუნაიშვილი ძალიან ნერვიულობს. სანამ სცენაზე გავა, სულ სხვა ადამიანია, სცენაზე - სხვა. 2 განსხვავებული პიროვნებაა, ცა და დედამიწა. სცენაზე საოცრებებს აკეთებს, მანამდე კი, როგორც ვთქვი, საშინლად ღელავს, მაგრამ საკმარისია, პირველი ბგერები აიღოს, მუსიკაში მთლიანად იკარგება. კარგი მსახიობიც არის, პერფომანსებიც შეუძლია.

- შენ და ნიკა გრიგოლიას მათი სცენაზე გამოშვება გევალებათ. განსაკუთრებულ სითბოს იჩენთ მონაწილეების მიმართ, ამხნევებთ, კარგ განწყობას უქმნით... თავად რას განიცდით ამ დროს?

- საერთოდ, ვფიქრობ, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს. შეიძლება ამას ყოველდღიურად მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა ასეა. როდესაც რაიმეს გეტყვიან, შეიძლება გეგონოს, რომ არ იმოქმედებს, მაგრამ ის თავის საქმეს მაინც გააკეთებს. სიტყვით როგორც განაწყობ ადამიანს, კონკურსანტს რა განწყობასაც შეუქმნი, სცენაზე ისე გავა. ასე რომ, ჩვენი სიტყვები არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და მას გარკვეული დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს, ამისთვის ამ ადამიანებს ვამხნევებთ. გარდა ამისა, კადრს მიღმაც მათთან ერთად ვართ და მაშინაც გვიწევს ბავშვების გახალისება, ვაკვირდებით იმას, თუ როგორ გულშემატკივრობენ ერთმანეთის გამოსვლას. ძალიან მეგობრული გუნდია...

როდესაც იმღერებენ და კულისებში ბრუნდებიან, გვეკითხებიან, როგორი იყო? შეიძლება კარგად მღეროდეს, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური სტრესი აქვს თითოეულს. არ არის ადვილი სცენაზე გამოსვლა, როცა გიყურებს ჟიური, გაფასებენ ადამიანები, რომლებსაც მანამდე ტელევიზორში უყურებდი, შემფასებელია მაყურებლის უზარმაზარი ტელეაუდიტორიაც, დარბაზში მსხდომები. სცენაზე გამოსული კონკურსანტები ამ ყველაფრის გამო იძაბებიან. ის კი არა, სცენაზე წამყვანებიც კი ვიძაბებით. ეს ბავშვები კიდევ მიკვირს, როგორ ახერხებენ ნომრების წარმოდგენას სცენაზე, სადაც შეიძლება, ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველიც იყოს...

- პარტნიორ ნიკა გრიგოლიაზე რას იტყვი?

- ამ პროექტში პირველი სეზონიდან ერთად ვართ. ამასთან, გადაცემაც დავიწყეთ, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეწყდა, თუმცა ყველაფერი წინ არის... ნიკა გულიანი ადამიანია, როდესაც რაღაც პატარა ნერვიულობა მომეძალება, რადგანაც ძალიან ემოციური ვარ, სანამ კამერა ჩაირთვება, სცენაზე გავალ, ვღელავ, ვნერვიულობ, გული ამოვარდნაზე მაქვს და იმ დროს ნიკა მეხმარება... საერთოდ, ერთმანეთს ვეხმარებით. ხოლო როდესაც ვანიკო თარხნიშვილთან ერთად ვართ, რომელსაც კიდევ სხვა გამოცდილება აქვს, სხვა ძალას გრძნობ. საბოლოოდ კი, გარდა იმისა, რომ ყველანი კოლეგები ვართ, ვმეგობრობთ კიდეც...

- რა მოლოდინი გაქვს "მხოლოდ ქართული 3"-სგან?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ "მთავარმა არხმა" სამი თვის თავზე ასეთი მასშტაბური პროექტი დაიწყო, რაც აღნიშვნას, აღფრთოვანებას ნამდვილად იწვევს და ასევე ისიც, რომ "მხოლოდ ქართული 3" კიდევ მეტად გაზრდის ინტერესს ქართული სიმღერის მიმართ, დაანახებს ადამიანებს რამდენად მრავალფეროვანია ქართული სიმღერა, რამდენი ჟანრი გვაქვს და რა დონეზე შეგიძლია მისი აყვანა... ასე რომ, ვინც ამ პროექტს ჯერ კიდევ არ უყურებთ, უნდა დაინტერესდეთ...

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა - ვირუსის რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 24 საათში