ავტორი:

#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"

#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"

#MeToo - #მეც!

სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალდებების ბუმი 2017 წელს, აშშ-დან დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი, ჰარვი უაინშტაინი არაერთმა ქალმა - მსახიობებმა, სცენარისტებმა, ასისტენტებმა დაადანაშაულეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ სანაცვლოდ უაინშტაინი მათ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა.

"უაინშტაინის ეფექტი“ გლობალური ტენდენციაა და ადამიანების მიერ სექსუალური დანაშაულის ბრალდებების წაყენებას გულისხმობს ცნობილი ან ძალაუფლების მქონე მამაკაცების მიმართ.

შედეგად, "ტვიტერზე" დაიწყო კამპანია #Metoo - #მეც, რომლის ფარგლებშიც ქალებმა და მამაკაცებმა გადალახეს მანამდე არსებული ტაბუ და დაიწყეს მათზე განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ან მცდელობების ფაქტების შესახებ მოყოლა.

ეფექტმა და მოძრაობამ აშშ-ში მაღალი პოზიციის მქონე მამაკაცების სტატუსი და ძალაუფლება შეიწირა, მთელს მსოფლიოში დაუსვა წერტილი ბევრის პოლიტიკურ კარიერას, ბრალდებებმა წარმატებულ მსახიობებზე და რეჟისორებზე, კომპანიების მხრიდან თანამშრომლობის შეწყვეტამდე მიიყვანა საქმე.

2017 წლის აპრილის შემდეგ, 263 გავლენიანი პირი დაადანაშაულეს სექსუალური ხასიათის დანაშაულში. მათგან ხელოვნებისა და გართობის სფეროს 101 წარმომადგენელი, მედიის - 57, ბიზნესის და ტექნოლოგიის - 19, პოლიტიკის - 46, სხვა სფეროს წარმომადგენელი კი 40 ადამიანი იყო.

გაიჟღერა ისეთმა სახელებმა და გვარებმა, როგორებიცაა: კევინ სპეისი, ჟერარ დეპარდიე, დონალდ ტრამპი, კრიშტიანუ რონალდუ, მორგან ფრიმენი, მაიკლ დუგლასი, ჯეფრი რაში, სილვესტერ სტალონე, დასტინ ჰოფმანი, სტივენ სიგალი, კრის ბრაუნი, ჯორჯ ბუში უფროსი და ა.შ.

გახმაურებული ფაქტები საქართველოში

მსოფლიო კამპანიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2016 წლის აპრილში მსახიობმა თათია სამხარაძემ ჟურნალისტსა და პროდიუსერს, შალვა რამიშვილის სასამართლოში უჩივლა.

სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, ის ტელეკომპანია "იმედში" მისი ხელმძღვანელისგან წლების განმავლობაში განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის კომენტარებში სამხარაძის გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან, სქესსა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

სამხარაძემ ამ მიზეზით „იმედი“ დატოვა. მსახიობის განცხადებით, მას ჰქონდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმოდა, როგორ ემუქრებოდა რამიშვილი, რომ მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა, თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 3 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, 2 ათასი ლარის ოდენობით.

2019 წლის 4 აპრილს, სამხარაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საბოლოოდ დასრულდა საქმე „სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ“ - მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ ხელმძღვანელს მსახიობის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

სამხარაძე წერდა, რომ მან სამი წელი იბრძოლა ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დაემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება, გამარჯვებულად იქცე:

"დღეს მინდა, ხმამაღლა და ბოლო აკორდად გავიმეორო, რომ ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალს ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება. თუ ჩემი გზა ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია".

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში 2018 წლის მარტში დაადანაშაულეს.

დევდარიანის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის ომბუდსმენის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად იყო წარდგენილი, „ქალთა მოძრაობის“ მიმართვა გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას ათამდე ანონიმი ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ამხელდა.

"ქალთა მოძრაობამ" სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არჩეული, სახალხო დამცველს კი მოუწოდეს, შეესწავლა ყველა იმ ქალის ისტორია, ვინც დევდარიანს ამხელდა.

არასამთავრობოს ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ 23 მარტს, ადევნების მუხლით დაიწყო. ივნისში კი დევდარიანმა საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელთაც ღირსებისა და პატივის შელახვას ედავებოდა. მან სარჩელის მხოლოდ 8 ადრესატი დაასახელა, ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ხოლო 5-დან 2 შემთხვევაში, საკმარისი მტკიცებულებებს არარსებობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.

სკანდალის აგორებისა და გამოძიების დაწყებიდან მალევე, ზვიად დევდარიანმა სამოქალაქო საზოგადოებაში საქმიანობა შეწყვიტა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

საქართველოში სექსუალური შევიწროების ბოლო გახმაურებული შემთხვევა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა - თბილისის საკრებულოს თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ძალადობაში დაადანაშაულა.

თამთა თოდაძემ მედიაში ისაუბრა, რომ ჯიშკარიანი გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა და მისგან უარის მიღების შემდეგ, ფიზიკურად იძალადა. ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია.

საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც.

რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურატურამ ჯიშკარიანს თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

მოგვიანებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაციაც, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება მსგავსი ფაქტების გახმაურებაზე და არის თუ არა ისეთივე სოლიდარული ქალების მიმართ, როგორც მსოფლიო ძალადობის მსხვერპლებთან მიმართებაში? - სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი მსგავს შემთხვევებზე საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ქართულ საზოგადოებაში არის ასეთი რამ - მამაკაცებს ბევრი რაღაც ეპატიებათ, მაგრამ ქალების მხრიდან პრეტენზიისა და პროტესტის გამოხატვას მიჩვეული არავინ იყო.

ყველაზე ცუდია ის ძველი პატრიარქალური მოსაზრებები, რომ თუ რაღაც ხდება, ქალის ბრალია. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული ქალბატონები, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ლამის ამბობენ, ღირსი იყოო. ეს არის ჩვენი პატრიარქალური კულტურის გამოხატულება, როცა ასე ვთქვათ, ქალებიც კი მამაკაცებივით აზროვნებენ. მაგრამ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე ბევრი რამ მასში იცვლება, ძველი სტერეოტიპები ქრება და ა.შ.

მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინ უბრალოდ, არ ხმაურდებოდა, ახლა კი თითქმის არავინ ტოვებს უთქმელად. ჯანსაღი რეაქციაა საზოგადოების მხრიდან, რომ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც იმაღლებენ ხმას და ამბობენ, რომ ეს დაუშვებელია.

ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, გვესმის და არავის ვადანაშაულებთ, არამედ ვამბობთ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მსგავსი შემთხვევების შესახებ და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა აზრებია მასში გაბატონებული - ისინი იცავენ ქალის უფლებებს და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

შემდეგ ერთი მხრივ, ქალებიც დაფიქრდებიან, ზოგჯერ ზედმეტად, გადამეტებულად თუ გამომწვევად ხომ არ იქცევიან, ან აძლევენ საბაბს ამ ადამიანებს, და მეორე მხრივ, კაცებიც დაფიქრდებიან, რომ ყველაფრის შემძლენი არ არიან და ვინც მოეწონებათ, არ შეიძლება, ლოგინში ჩაიწვინონ.

საზოგადოება სწავლობს ქალთა უფლებებს, შედარებით უუფლებო თუ დაჩაგრული ადამიანი სწავლობს, როგორ გააგონოს ხმა სხვებს" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი.

არასამთავრო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია AMBEBI.GE-ს საქართველოში მომხდარ საქსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოებაში ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქციაც შეასრულეს.

"სექსუალური შევიწროების სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელმაც სასამართლომდე და ომბუდსმენამდე მიაღწია.

პირველი საქმე "საფარმა" აწარმოა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ და კანონის არარსებობის პირობებშიც შევძელით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. შემდეგ იყო საქმეები პაპუნა უგრეხელიძის და ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, რომლებიც ომბუდსმენმა გადაწყვიტა. ეს საქმეები პირველი შემთხვევები იყო, ფართოდ შუქდებოდა მედიით, დიდი დაინტერესება გამოიწვია და ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქციაც შეასრულა.

ბევრმა გაიგო, რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად და რომ ეს აკრძალული ქმედებაა. ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს და სჯის სექსუალური შევიწროებისთვის.

საზოგადოებაში საკითხისადმი მგრძნობელობა იზრდება - სულ უფრო მეტმა ქალმა იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას, კაცები კი სწავლობენ, რომ გარკვეული ქცევის ნორმები მიუღებელია და თუ ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ. ვფიქრობ, ეს შემთხვევები ახალი ქცევის ნორმების ფორმირებას უწყობს ხელს და შემაკავებელი ეფექტი ექნება" - ამბობს ბაია პატარაია.

  • ცრუ ბრალდებების საფრთხე

ხომ არ არის საფრთხე, რომ სავარაუდო მსხვერპლის ქმედება თავად სავარაუდო დამნაშავეს აყენებდეს მსხვერპლის პოზიციაში? და თუ ეს საფრთხე მინიმალურია, მაინც, რამდენადაა გათვალისწინებული ის საზოგადოების მხრიდან?

ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით სოციალური მეცნიერებების პროფესორი, ამირან ბერძენიშვილი თვლის, რომ მსგავსი შემთხვევები ხდება, თუმცა იშვიათად და ეს ტენდენციის სახეს ვერ მიიღებს.

"ქალბატონი, რაც არ უნდა ნიჭიერი და კარგი იყოს, თქვენი მომავალი კარიერა ვიღაც რეჟისორზე, დირექტორზე, საქმოსან ადამიანზეა დამოკიდებული, ის კი ხშირად ბოროტად სარგებლობს და გთავაზობთ, რომ თუ გსურთ, კარიერა გაიკეთოთ, უნდა წახვიდეთ მსგავს ურთიერთობაზე.

მეორე უკიდურესობაა, როდესაც ქალბატონი შეიძლება, ნაწყენია ვიღაცაზე, ან თავად სთავაზობდა და შეთავაზება არ მიიღო იმ ადამიანმა, ამან კი აუგორა, აი, ასეთიაო. შეიძლება, 10-დან ერთ შემთხვევაში ყალბი, მოგონილი ფაქტებით იყოს ბრალდებები. მთავარია, საზოგადოება ლაპარაკობს ამაზე და პროტესტს აცხადებს, დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს, ასე იყო თუ არა.

ცრუ ბრალდებები ტენდენცია ვერ გახდება, მთავარია, ეს ღიაობა იყოს და თუ ცრუ ბრალდებაა, მამაკაცებმაც შეძლონ თავის დაცვა" - ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

კვლევების თანახმად, ცრუ ბრალდებების ნაწილი შეიძლება უკავშირდებოდეს მეხსიერების სხვადასხვა სახის პრობლემას, ან ტყუილს სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს მატერიალური სარგებელი, ალიბის შექმნა, შურისძიება თუ ყურადღების ან თანაგრძნობის გამოწვევის სურვილი.

თუმცა, ევროპაში და ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბრალდებების მხოლოდ მცირე ნაწილია ყალბი."ბიბისის" სტატიაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა სათაურით: „სიმართლე ძალადობის ცრუ ბრალდებებზე ქალების მიერ“, ვკითხულობთ, რომ აშშ-ში ჩატარებული 2010 წლის კვლევის თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, გაუპატიურების შესახებ ბრალდებების 10%-მდე არის ცრუ ინფორმაცია.

ილუსტრაციების და ტექსტის ავტორი ეკა აბაშიძე

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ

"უფალი ნიჭია სიყვარულისა, ამათ ეს ნიჭი არ გააჩნიათ. მოდით ახლა და ჩამქოლეთ. რად გინდათ ჰექტრობით მიწები?! შპს არის ეს, მეტი არაფერი" - მეუფე იაკობს მოქალაქე დაუპირისპირდა

ხმაური პარლამენტთან - ჟურნალისტები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევთ