ავტორი:

მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე

მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე

C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები იმ პერიოდში ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უვარგისი გახდა.

მისივე თქმით, ამით არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა და მეტიც, საქართველომ ამ ყველაფრიდან ერთი წლის თავზე ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდებაც მიიღო.

„მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გახდა უვარგისი. ამას მოყვა გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები და გამომდინარე იქიდან, რომ მე იმ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობდი, ვალდებულად ჩავთვალე თავი განმარტებები გამეკეთებინა იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამაზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

პირველ რიგში, დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით ? - არა, რადგან განსხვავებით 2015/2016 წლებისგან პაციენტების მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები. 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად მოძიება პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.

მეორე, მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? - არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ უკვე შემოსული გვქონდა ახალი პარტია „ჰარვონის“, რომელიც იყო ახალი, ვადიანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მედიკამენტებს უფასოდ იღებდა.

„რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 000 პაციენტის მკურნალობაზე.

შემდეგი ნაწილია - პარტნიორების რეაქცია. იცოდნენ თუ არა მათ და თუ იცოდნენ რა რეაქცია მოყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებაზე? რა თქმა უნდა, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცოდნენ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი

დონაციის სახით, რადგან იმ პერიოდში ათვისება ვერ ხერხდებოდა, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი. მედიკამენტი უფასოდ მთელ ქვეყანაზე, მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს. რა რეაქციები მოყვა მათგან ამას? ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ვენაში, 2019 წლის აპრილში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულებით საქართველომ, როგორც ქვეყნამ, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო“, - განაცხადა სერგეენკომ.

აღნიშნულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება - 560 645 083 ლარი, ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

"ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.

უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს" - განმარტავენ სახელმწიფო აუდიტში.

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

ტაბახმელის ცენტრში გმირი ჰასკი დახატეს, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა