ავტორი:

ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს

ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს

სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ვითარდება. სტარტაპებით დაინტერესებულები არიან ძირითადად, სტუდენტები, ხოლო თუ მათ თავიანთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ინოვაციური იდეების ხორცშესმაში ხელს უწყობთ, მათი სტარტაპები უფრო მეტად აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა.

სტარტაპებით დაინტერესებულ სტუდენტებს ასეთ შესაძლებლობას აძლევს „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ (MIT) სტარტაპ პროექტებზე მუშაობის პროგრამა, რომელიც მან „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) ბაზაზე დაიწყო.

გლობალური სტარტაპ ლაბი უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში 9 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები შერჩეულ კანდიდატებს მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით გადაამზადებენ და მათ დემო დღისთვის მოამზადებენ, რომელიც 31 იანვარს გაიმართება.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობს, 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები.

პროექტის პრეზენტაცია 9 იანვარს „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გაიმართა. პრეზენტაციაზე BTU-ს წარმომადგენლებმა, ამერიკულმა მხარემ და პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა გლობალური სტარტაპ ლაბის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა მსგავსი პროექტების მიმართ ამერიკული მხარის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„19 წლის წინ, დაარსების დღიდან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდა მეწარმეების წახალისებითხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას 25-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენ დღეს ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ეს ახალი პროგრამა იწყება. აშშ-ის საელჩო, USAID, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, ეკონომიკურად განვითარდეს და ძალისხმევას, რომელიც ახალგაზრდებმა ბიზნესისა და მეწარმეობის კუთხით წამოიწყეს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

BTU-ის რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, MIT-ის პროექტის ჩვენს ქვეყანაში განხორციელება უმნიშვნელოვანესია და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი არის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი, ყველაზე მაღალრეიტინული უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება. მას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც პრეაქსელერაციის პროგრამას გაატარებს არამხოლოდ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებს, არამედ საქართველოს მასშტაბით შერჩეულ სხვადასხვა სტუდენტს.

ძალიან ვამაყობთ, რომ “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ამ ღონისძიების მასპინძელია და ველოდებით უმნიშვნელოვანეს დემო დღეს, რომელიც 4 კვირის შემდეგ გაიმართება, როდესაც პროგრამა დასრულდება და აირჩევა გამარჯვებული სტარტაპი, რომელსაც MIT საერთაშორისო ბაზარზე იდეის კომერციალიზაციაში დაეხმარება“, - განმარტა ნინო ენუქიძემ.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ოფიციალური პარტნიორები კი „თიბისი სტარტაპერი“ და „სილქნეთი“ არიან.

აღსანიშნავია, რომ გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტი სრულად ფინანსდება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.

რაც შეეხება MIT-ს, მისი გუნდი მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას უზრუნველყოფს. „MIT Nation“ - როგორც თავად უწოდებენ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთობას, მე-10 უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ქართველ სტუდენტებს მისცემს უზარმაზარ შესაძლებლობებს, გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ინდუსტრიებზეც.

„MIT“ 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა ინსტიტუტის მისიაა და საუკუნეზე მეტია, ამ მისიას წარმატებით ახორციელებს. ბოლო კვლევების თანახმად, MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნეს 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს. სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მიერ გადამზადებული სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბიზნესრეიტინგებში.