ავტორი:

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

25 იანვარს საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით შევარდნაძის ყოფილი რძალი, თათია შარანგია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ყოფილ მამამთილს იხსენებს. პოსტს თან ახლავს ექსპრეზიდენტისა და მისი შვილთაშვილის, პატარა ედუარდის ფოტო, რომელიც, როგორც თათია შარანგია წერს, 2012 წელსაა გადაღებული.

"ორი ედუარდი....

განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავდი მოცარტს, მახსოვს მისი დახვეწილი გემოვნება და ღრმა ცოდნა კლასიკური მუსიკის.... თურმე როგორი ფუფუნება იყო მასთან საუბარი და ბევრი ისტორიული მომენტის ერთი-ერთზე მისგან მოსმენა....

როდესაც გავიგე ბიჭს ველოდებოდი, დიდი მორიდებით ვკითხე მას, თუ გაუხარდებოდა შვილთაშვილს მისი სახელი ჰქონოდა.... მახსოვს ხანმოკლე პაუზა და მისი პასუხი... "მე სხვანაირად არც წარმომედგინა ბაბუ... დაარქვით ჩემი სახელი ჩემს შვილთაშვილს და ნახავთ თუ რამდენად მეტს მიაღწევს, ვიდრე მისი დიდი ბაბუა, ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ბიჭი იქნება"... მაშინ დავიფიცე რომ მისი სახელი და გვარის ღირსეული გამაგრძელებელი უნდა გამეზარდა. სრული პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით დავარქვი ჩემს შვილს მისი სახელი...

გავაჩინე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე გრძელი შავი თმით და ლურჯი თვალებით.... კისერზე პატარა წითელი ლაქა შევამჩნიეთ... ეს ლაქა არც დედამისს აქვს, არც მამამისს. ? ჩამოვედი თბილისში, დაგვხვდა აეროპორტში მთელი ოჯახი და პირველი რეისით რა თქმა უნდა კრწანისის რეზიდენციისკენ ავიღეთ გეზი.... არასდროს დამავიწყდება ბაბუს ამაყი და ბედნიერი თვალები.... ის სითბო, რასაც ის ედუს მიმართ გამოხატავდა... როცა მასთან ახლოს მივედი რომ ბავშვი ხელში ამეყვანა.... ვნახე რომ სწორედ ბაბუს, ზუსტად კისერზე, ზუსტად იგივე ფორმის წითელი ლაქა ქონდა... გაოგნებისგან იმდენი ვიყვირე, "ნახეთ, ნახეთ ბაბუს ქონია ესეთი ლაქა"... გაოგნებული მიყურებდა და ზუსტად ისე გაუხარდა როგორც მე.... სხვანაირად გაიღიმა ვიდრე მანამ მენახა...

25 იანვარს ბაბუს დაბადების დღეა... ცხოვრება გრძელდება და ის ჩვენს შვილებში, ჩვენს შთამომავლობაში აგრძელებს მსვლელობას....", - წერს თათია შარანგია.