ავტორი:

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

AMBEBI.GE მკითხველის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, აგრძელებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ ქართველების გვარ-სახელების მოძიებას, რომელთაც ოჯახის წევრები და ახლობლები წლების განმავლობაში ელოდნენ, ან სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ მათზე მცირე ინფორმაციის მოპოვებას...

მცირედი პაუზის შემდეგ, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენ-გიუნტერი ისევ შეუდგა არქივებისა და აქამდე დახურული ინფორმაციების დამუშავებას, რათა ჩვენი მკითხველისთვის მოეწოდებინა. ქალაქ ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში, პროცენტული რაოდენობით, ყველაზე დიდი რაოდენობით საბჭოთა ჯარისკაცები დაიღუპნენ.

"შვილი შემეძინა და გარკვეული დროის განმავლობაში, საბუთების მოპოვებასა და მათ იდენტიფიკაციას ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. ასე მეგონა, ეს უცხო მიწაზე დარჩენილი ბიჭები, მეც მივატოვე... ამიტომ, როგორც კი შევძელი, მაშინვე შევუდექი იდენტიფიკაციას...

ეს არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი ბანაკის ისტორია, რომლის აშენება, ნაცისტურ გერმანიას ჯერ კიდევ პოლონეთზე დავდასხმამდე ჰქონდა დაგეგმილი. ბანაკში დაბალი რანგის, ანუ ოფიცრის წოდების არმქონე სამხედრო ტყვეები უნდა მიეყვანათ. მთლიანობაში 10 000 ადამიანზე იყო გათვლილი. პირველი ნაკადი 1939 წელს პოლონელი სამხედრო ტყვეები იყვნენ...

ბანაკში სისასტიკის გამოვლა სხვადასხვა ეროვნების 200 000-მდე ტყვეს მოუხდა და უკვე იდენტიფიცირებული დოკუმენტაციის თანახმად, ბანაკის უმძიმეს პირობებს 5 000-მდე ტყვე შეეწირა. ძირითადად, საბჭოთა მეომრები..." - გვეუბნება მეგი სტემპენი და დასძენს, რომ 1941-42 წლებში, ბანაკში სხვადასხვა ინფექციური დაავადება, მათ შორის, ტიფის ცხელება და ტუბერკულოზი მძვინვარებდა.

დაავადების გარდა, იყო თვითმკვლელობის არაერთი ფაქტი და გაქცევის წარუმატებელი მცდელობა, რაც სასჯელის უმაღლესი ზომით, დახვრეტით ისჯებოდა.

მეგი სტემპენის თქმით, ბანაკის სასაფლაო, 7 500 კვ მეტრზეა გადაშლილი და 4 ნაწილისგან შედგება: იტალიური, ფრანგული, იუგოსლავიური და საბჭოური ტყვეების საფლავები. ბანაკი 1945 წლის 22 აპრილს გათავისუფლდა.

ლუკენვალდეს სასაფლაოზე დაკრძალული ერთ-ერთი ქართველის ისტორია ასეთია:

დიმიტრი პეტრუზაშვილი

1912 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაბადებული დიმიტრი პეტრუზაშვილი ჯერ ჯარში გაიწვიეს, იქიდან კი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ახლადმოყვანილ ცოლთან განშორება, სულ რაღაც ექვსთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მოუხდა, თუმცა მეუღლე ჯარისკაცს მთელი ცხოვრება ელოდა...

1941 წლის 25 ივნისს დიმიტრი პეტრუზაშვილი ტყვედ ჩავარდა.

ომის დასრულების შემდეგ, მისი ბავშვობის მეგობარი, შალიკო იხსენებდა, რომ ბელორუსის ქალაქ გროდნოში, შემთხვევით თუ ბედის წყალობით დიმიტრის შეხვდა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იმიტომ უთქვამს ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც ერთადერთ ვაჟს მარტო ზრდიდა, ქმრის დაბრუნების იმედი არ დაეკარგა...

დიმიტრი პეტრუზაშვილის მეუღლის ფოტო, რომელსაც ჯარისკაცი ჯიბით ატარებდა

რეალურად, ბელორუსის ქალაქ გროდნოში არსებულ ბანაკში, დიმიტრი და შალიკო ერთად მოხვედრილან და გაქცევაც უცდიათ. პეტრუზაშვილს და მისი ბავშვობის მეგობარს მავთულის გადასაჭრელი მაკრატელი უშოვნიათ, ღობე გაუჭრიათ. თუმცა, მორიგეებმა გაიგეს და ცეცხლი გაუხსნეს. შალიკომ გაქცევა მოახერხა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს და ბანაკში დააბრუნეს...

მას შემდეგ დიმიტრი არ უნახავს, მაგრამ სხვა ტყვეებისგან გაიგო, რომ იმ ღამით დაჭრილი პეტრუზაშვილი რამდენიმე ხანს ბანაკის ეზოში ყველას დასანახად ეგდო და დაჭრილთან ახლოს არავის უშვებდნენ.

სავარაუდოდ ამის შემდეგ, დაჭრილი პეტრუზაშვილი ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, ან უკვე გარდაცვლილი გადაასვენეს და დაკრძალეს ტყვეთა ბანაკის სასაფლაოზე.

სიკვდილის წინ, დიმიტრი პეტრუზაშვილს გულისჯიბიდან მეუღლისა და პატარა შვილის ფოტოები ამოუღია და სხვა პატიმრებისთვის გადაუცია თხოვნით: თუ ჩემი მეგობარი დაბრუნდება, მას გადაეცითო...

რაც შეეხება ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ სხვა ქართველ სამხედროებს, მათი სია ასე გამოიყურება:

დიმიტრი ნიკოფორეს ძე ქებულაძე - დაბადებული 1920 წლის 10 მარტს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში. სავარაუდოდ, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 29 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95538. დაიღუპა 1942 წლის 7 ივნისს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბერლინის მიდამოები. ბანაკი: შტალაგი 3 დ.

დიმიტრი ქებულაძე

სერგო იამანტის ძე მდივნიშვილი - დაბადებული 1920 წელს გორში. სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 29 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95575. დაიღუპა 1942 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალვის თავდაპირველი ადგილი - ლუკენვალდე.

კუკური კირილეს ძე კალანდაძე - დაბადებული 1920 წლის 20 აპრილს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვემოუბანში. დედა ან მეუღლე - ელისაბედ კალანდაძე. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 96657. დაიღუპა 1942 წლის 19 იანვარს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

მიხეილ თამაზის ძე მოდებაძე - დაბადებული 1919 წლის 20 მარტს, ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში. დედა კოჩაძე. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93027. დაიღუპა 1942 წლის 17 იანვარს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ვიქტორ იულის ძე კახიძე - დაბადებული 1918 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ დღნორისაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95586. დაიღუპა - 1941 წლის 13 დეკემბერს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ბერლინის მიდამოები.

გენადი მაისურაძე - დაბადებული 1925 წელს ხონის რაიონში. ძმა გიორგი მაისურაძე. ბანაკი: XVII ა. ბანაკის ნომერი: 18245. გარდაიცვალა 1945 წლის 18 იანვარს, ფილტვების ანთებით 20 წლის ასაკში. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

მიხეილ ივანეს ძე კალაძე - დაბადებული 1919 წლის 8 ნოემბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ახალსოფელში. მეუღლე ოლღა კალაძე. ბანაკი: შტალაგი III ა.ბანაკის ნომერი: 95429. დაიღუპა 1942 წლის 1 მაისს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ივანე მათარაძე - დაბადებული 1897 წელს, ხონის რაიონში. მეუღლე - ვასილინა მათარაძე. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 101193. დაიღუპა 1942 წლის 18 სექტემბერს, ტიფით. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ვახტანგ ვარლამის ძე კვერნაძე - დაბადებული 1920 წელს 23 ნოემბერს, ქუთაისში. დედის სახელი ელენა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 28 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა.ბანაკის ნომერი: 95439. დაიღუპა 1942 წლის მარტში. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს