ავტორი:

ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"

ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"

ცოტა ხნის წინ, ბევრისთვის საყვარელი საშობაო სიმღერის "ალილოს" შესახებ საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე: მისი ავტორი კომპოზიტორი თამაზ ჯორბენაძე ყოფილა, სცენარისტისა და პროდიუსერის, თეონა ჯორბენაძის მამა.

ბატონ თამაზს "ალილოს" გარდა ბევრი ცნობილი სიმღერა ეკუთვნის, თუმცა ამ შემოქმედის შესახებ ბევრმა არაფერი იცის...

თამაზ ჯორბენაძის შემოქმედების გზა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მისმა ქალიშვილმა თეონა ჯორბენაძემ გაიხსენა:

"მამას არასდროს ჰქონია თავის წარმოჩენის სურვილი, 90-იანმა წლებმაც ბევრი რამ განაპირობა - მუსიკის წერა და შესრულება ვის ახსოვდა, მით უფრო, ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავდა სარჩენი...

მანამდე სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა და გასტროლებზე ხშირად იყო ევროპაში. ესეც თავბრუდამხვევი იქნებოდა 30 წლის ბიჭისთვის, საბჭოთა კავშირის დროს უცებ პარიზი, ბერლინი, ზაარბრუკენი... მუსიკას 5 წლიდან წერდა და მუდმივად მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსში. მე-5 კლასში იყო, როცა მისმა სავიოლინე პიესამ "ნანა" პირველი ადგილი მოიპოვა.

მამას მუსიკის პედაგოგი იყო ნატალია გიორგობიანი, ნატა მურვანიძის ბებია, სწორედ მას აღმოუჩენია ნიჭი და ბებიაჩემისთვის უთქვამს: ამისგან ნამდვილი მუსიკოსი გამოვაო.

ძალიან ცელქი ყოფილა, თუმცა მთავარი იყო ინსტრუმენტამდე მიეყვანათ, დაჯდებოდა თუ არა, მაშინვე კომპოზიციების დაკვრას იწყებდა.

მამას მეგობარი ვატა როდონაია ხუმრობდა ხოლმე, რომ ღმერთი უშურველად უგზავნის მელოდიებს და რადგან მათ გამოგონებაზე წვალება არ უწევს, თავის დამსახურებად არ მიაჩნიაო

როცა მუშაობდა, ვიცოდით, რომ არ უნდა გვეხმაურა, სინამდვილეში მელოდიის შემდეგ იწყება კომპოზიტორისთვის საკმაოდ მძიმე ფიზიკური შრომა, საათობით ჯდომა ინსტრუმენტთან და ფორმისა და მუსიკალური ტექსტის დახვეწა. კიდევ უფრო რთული კი მომდევნო ეტაპია - საკუთარი ნაწარმოებების პატრონობა, ან როგორც უცხოეთშია, რომელიმე სააგენტო უნდა ასრულებდეს ამ ფუნქციას.

- რა მოგონებებს უკავშირდება თქვენთვის ადამიანი, რომელმაც ცნობილი საშობაო სიმღერის გარდა, ხალხისთვის საყვარელი არაერთი სიმღერა შექმნა?

- პირველი კადრი, რომელიც მამას უკავშირდება, პიანინოა, რომლის გვერდით საათობით შემეძლო დგომა. საოცრება იყო ჩემთვის თუ როგორ დაარბენინებდა თითებს კლავიატურაზე და თან არ უყურებდა.

მახსოვს, მარტო როგორც დავრჩებოდი, ვცდილობდი, რამდენიმე ნოტი მაინც ამეღო ისე, რომ კლავიატურისთვის არ შემეხედა. ტექნიკურად ყველაფერი შეიძლება დასძლიო, მაგრამ ის ჰარმონია, რომელიც გულში გწვდება, არ ისწავლება, ბგერების შეკრებით ამბების თხრობა რომ შეძლო, კეთილი ფერიების ჩარევა აუცილებელია.

ზოგი რომ უკრავს, ტყაპუნივით ისმის და ნიჭიერი კაცი შეეხება თუ არა ინსტრუმენტს, ორკესტრივით ჟღერს. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში და მერეც, მამამ შექმნა კვარტეტები, საფორტეპიანო პიესები, სიმფონიური პოემა, გუნდები. სამწუხაროდ, ბევრი ნოტი დაიკარგა და აღდგენაც შეუძლებელია... მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო...

- სამწუხაროა, ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა... დარწმუნებული ვარ, უამრავ დასამახსოვრებელ მელოდიას შექმნიდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?

- 55 წლის იყო, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე, მეგობრის სამძიმარზე წავიდა და კიბეზე რომ ჩამოდიოდა ნუგზარ ბაგრატიონთან და გოგი ჩლაიძესთან ერთად, გოგისთვის უთქვამს ვერ ვარ კარგადო. გამოიძახეს სასწრაფო და მას შემდეგ მხოლოდ 2 დღე იცოცხლა, ისიც აპარატის წყალობით.

როდესაც მითხრეს, რომ ინსულტი ჰქონდა და მძიმედ იყო, რატომღაც მახსოვს, რომ სრულიად უიმედოდ ვიყავი. მივდიოდი გამოსამშვიდობებლად, უკანასკნელად რომ მენახა. სამწუხაროდ, ცნობიერება არ დაბრუნებია, მხოლოდ მის თბილ ხელებზე შეხება იყო შესაძლებელი...

- მისი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა მინდა გავიხსენოთ - "ზამთარია, სიცივეა". როდის და როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი, რომელსაც ჩვენში ბევრი მღერის და ბევრს უყვარს.

- 70-იან წლებში იყო ასეთი მაუდ-კამბოლის კულტურის კლუბი, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები, მამა სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და მათი მთავარი მასპინძელი, უსმენდნენ იმ დროისთვის აკრძალულ ჯაზს, ცოცხლად ასრულებდნენ ჯაზურ კომპოზიციებს.

"ზამთარია" ამ თავყრილობების ჰიტი იყო. ის დაიწერა 1967 წელს, ჯარში, მუხროვანის ბატალიონში მსახურებისას, სადაც მამა იქ შეკრებილ ორკესტრთან ერთად, ხშირად მართავდა კონცერტებს.

შემდეგ 1971 წელს მამას სიმღერამ გაიმარჯვა კონკურსში "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს", როგორც „მხოლოდ ქართული“ და „საქართველოს ვარსკვლავია“, ერთადერთ პირველ არხზე, მაშინ მთელი საქართველო "ტალანტებს" ელოდა. გამარჯვებულ სიმღერას ჰქვია "ხე დაათოვს“, ტექსტი ეკუთვნის მედეა სიმონიშვილს. სხვათა შორის, მამას გარდაცვალების შემდეგ ვეძებდი და ეს ქალბატონი ვერ ვიპოვნე. თებერვალში ძალიან მინდა, რომ ამ სიმღერის ახალი ვერსია შევასრულოთ, ახალი თაობის ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად.

- რა ემოცია გაქვთ, როდესაც მამის მუსიკას ისმენთ და ჰგავს თუ არა ის თავად მას?

- მის არქივში ჯერ კიდევ იმდენი ნაწარმოებია, რომელსაც მოვლა და გამოქვეყნება სჭირდება, რომ ჩემი მთავარი ემოცია ამ ეტაპზე ამ საქმის დასრულებას უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ "ცისფერმა ტრიომ" ჩაწერა "ისევ მახსენდება" და ახლა ვხედავ, რომ უკვე სხვებიც ასრულებენ. ჩემი ამოცანაა, ამ გაყვითლებულ ნოტებს სიცოცხლე შევძინო.

რაც შეეხება მსგავსებას, მგონია, რომ ავტორებს სიმფონიური ნაწარმოებები უფრო ჰგვანან, მამას ხასიათს მისი სიმფონიური პოემა უფრო მაგონებს. თუმცა, იგივე "ზამთარია", სრულიად განსხვავებული მუსიკოსებისთვის იყო საინტერესო - წარმოიდგინეთ ასრულებს "ცისფერი ტრიო", პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ჩარკვიანი, სხვადასხვა ვერსიას იყენებენ კინოფილმებში - ესეც მამას ბუნებაა, მისთვის ყველა ჟანრი საინტერესო იყო.

- როგორც პროდიუსერი, ადამიანი, რომლებიც სხვების შემოქმედებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავთ, მამის შემოქმედებაზე თუ აპირებთ, რომ ასევე იზრუნოთ?

- ხანდახან ვფიქრობ, სხვა ავტორს რომ უკავშირდებოდეს, ალბათ უფრო სწრაფად შევძლებდი ამ პროექტის გამოქვეყნებას. ძალიან რთულია თითოეული კომპოზიციის გააზრება, შემსრულებლის გადაწყვეტა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს და მამის მეგობრებს, ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ გვერდით დამიდგნენ. თუნდაც "ალილო", რომელსაც ყოველ შობას მილიონობით ნახვა აქვს, თამრიკო ჭოხონელიძე რომ არ ჩართულიყო, არაფერი გამოვიდოდა.

როგორ დავივიწყო 2004 წელს ზენიტში მყოფი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის პაატა ბურჭულაძის თანადგომა?! თქვენ იცით, რომ ოპერის მომღერლები არ რისკავენ სხვა ჟანრში სიმღერას და პაატამ მამას ხსოვნას "ზამთარია, სიცივეას" ორიგინალი ვერსიის შესანიშნავი შესრულება მიუძღვნა გიტარის თანხლებით. ვერ დავივიწყებ ირაკლი ჩარკვიანს, რომელმაც პრაქტიკულად, ძალა მომცა და გადამაწყვეტინა მამას არქივი გამომექვეყნებინა, ნიკოლოზ რაჭველს, რომელიც სულ მეხმარება...

- თქვენს მამაშვილურ ურთიერთობას შევეხოთ, რას გასწავლიდათ და რას მოითხოვდა თქვენგან?

- თავისუფალ ადამიანად მზრდიდა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მკაცრი და მომთხოვნი ხდებოდა, თუკი საქმე მუსიკას შეეხებოდა. ჩემთვის გამორჩეული დღე იყო, როდესაც მამას თანდასწრებით პირველად გავბედე და დავუკარი - ძალიან მინდოდა, ვეღიარებინე.

ცოტა რომ წამოვიზარდე მამაშვილური ურთიერთობა შემოქმედებით მეგობრობაში გადაიზარდა. ერთმანეთის იდეების პირველი გამზიარებლები ვიყავით. ბოლო წელს აქტიურად ვემზადებოდით მისი ნაწარმოებების გამოსაცემად.

მახსოვს, როგორ წუხდა, მისი ერთ-ერთი სიმღერის თემა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა. მამამ მას ტექტის დაწერა სთხოვა, მელოდია ასწავლა, რამდენიმე დღეში ის მოვიდა ჩვენთან და უთხრა ეს სიმღერა მომეციო, კი ბატონოო, დასთანხმდა და ფიქრობდა, რომ უბრალოდ შესრულება იგულისხმებოდა. ცოტა ხანში, ტელევიზიით ვნახეთ, რომ მისთვის ძალიან ძვირფასმა კაცმა, როგორც საკუთარი, ისე იმღერა... მე და ჩემი ძმა ამ უსამართლო ფაქტის მომსწრენი ვიყავით, მაგრამ გადავწყვიტეთ არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი.

მსგავსი იმედგაცრუებებიც მოქმედებდა მასზე. საერთოდ, აღიარება ნიჭიერი ადამიანებისთვის არ არის მთავარი, რადგან საბოლოო ჯამში, მათ ზუსტად იციან, რომ რაღაც განსაკუთრებულს ატარებენ და ქმნიან. მაგრამ ამავე დროს, თავდაჯერებულობისთვის მაინც აუცილებელია. გულსატკენია, რომ მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო ნაწარმოებების სრულად გამოქვეყნება, იმედია, რომ ჩემი ერთგული მეგობრებისა და ახალგაზრდა მუსიკოსების დახმარებით შევძლებ მისი საქმის დასრულებას.