ავტორი:

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 29 წლის მამაკაცი შეიყვანეს - მას აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდა

ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც საქართველოში ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში, განუცხადეს 29 წლის მამაკაცს ტემპერატურა 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა უკავშირდება იმას, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა. კლინიკაში, მსგავს შემთხვევაში პაციენტის გადაყვანას პროტოკოლი ითვალისწინებს და პრევენციის მიზნით ხდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს "გარდა იმისა, რომ ჩინეთშია ნამყოფი, ახალი კორონავირუსის სხვა კლინიკური ნიშანი არ აქვს“.

როგორც ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ ამ მამაკაცს და ინფექციურში მოთავსებულ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ ექნებათ.

„ეს პაციენტი, 29 წლის მამაკაცი, მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში, ჩამოვიდა საქართველოში. ჰქონდა ტემპერატურის მომატება, მაგრამ არა 38-ზე მეტი, ნაკლები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოგვმართა და ეს კარგია, რომ ასეთი სიფხიზლე და ყურადღებაა. გარდა იმისა, რომ ის ჩინეთშია ნამყოფი, სხვა არავითარი კლინიკური ნიშანი ახალი კორონავირუსის ნიშანი არ აქვს. ის იმყოფება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ და ვფიქრობთ, რომ მას არ დაუდასტურდება ახალი კორონავირუსით ინფექცია.

ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს ტესტს და უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, ახალი კორონავირუსით ინფექციის დიაგნოსტირება და ჩვენ ავუღებთ მასალას ამ მამაკაცს, ისევე როგორც კიდევ ორ პაციენტს, რომელიც ჩვენთან წვანან და რომელთაც არ ჩატარებიათ ეს გამოკვლევა, მაგრამ, სავარაუდოდ, არცერთ მათგანს არ ექნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, იმიტომ რომ კლინიკური ნიშნები მათ არ აქვთ. ერთადერთი საეჭვო მომენტი არის ის, რომ ყველა მათგანი ნამყოფია ჩინეთში. მეტი არაფერი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა 32 წლის ქალის შესახებ, რომელის ბიოლოგიური მასალაც როტერდამშია გადაგზავნილი. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი.

„32 წლის ქალბატონი იმყოფებოდა ქალაქ უხანში. მისგან აღებული მასალა გაგზავნილია როტერდამში, ჰოლანდიაში და ხვალ ველოდებით პასუხს როტერდამიდან. ხვალ გახდება საბოლოო პასუხი ცნობილი, ამ ქალბატონს აქვს თუ არა ვირუსი. კლინიკური ნიშნებით, ეს ქალბატობი კარგად გრძნობს თავს. ტემპერატურა არ აქვს, პლევმონიაც არ აქვს და ჩვენი ვარაუდით, არც მას არ უნდა ჰქონდეს ეს ინფექცია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

ინფექციურში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს