ავტორი:

"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

"ტკივილების და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება" - რას იხსენებენ ლალი ბადურაშვილზე

ცნობილი ქართველი მსახიობი ლალი ბადურაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

81 წლის მსახიობისთვის გასული წელი უმძიმესი გამოდგა - მისი ვაჟი ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას სიმსივნის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს, თუმცა ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.

გარდაცვალებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსახიობი ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში. ლალი ბადურაშვილმა ვერ შეძლო უკანასკნელი სურვილის ახდენა - დაესრულებინა შვილის ბოლო ფილმი, რომლის დასრულებაც ერეკლე ბადურაშვილმა ვერ მოასწრო...

AMBEBI.GE ლალი ბადურაშვილისა და მისი შვილიშვილის, მომღერალ ნინი ბადურაშვილის მეგობრებს ესაუბრა, რომლებმაც მსახიობი გაიხსენეს.

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:

"ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, ძალიან მიყვარდა ლალი... თავისებური, ორიგინალური, საყვარელი, იშვიათად კეთილი ადამიანი იყო. შესაძლოა მისი ხისტი გამონათქვამების გამო, სხვანაირი ჩანდა, მაგრამ კეთილი და გულღია ადამიანი იყო.

არც მახსოვს როდის დავმეგობრდით, იმდენი ხანია ერთად მოვდივართ. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად გვქონდა შეხება, გადაცემაში მოდიოდა სტუმრად, მისთვის ეთერში მოსვლა და საკუთარი აზრის გამოთქმა ბედნიერების მიმნიჭებელი იყო.

- ცნობილია, რომ მისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა...

- ერეკლეს გარდაცვალებას ფაქტიურად გადაყვა. მისი გარდაცვალებიდან ცოტა დრო გავიდა და ლალიც გარდაიცვალა. მძიმედ იყო მაშინ ლალი, არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. არ უყვარდა საკუთარ დაავადებაზე და ტკივილზე საუბარი. გარეთ არ გამოვიდოდა და თავის ტკივილს თავზე არ მოგახვევდა, თუ გამოვიდოდა აქეთ ცდილობდა ჩვენს გამხნევებას.

- სიმსივნის დიაგნოზი ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაუსვეს?

- სიმსივნის დიაგნოზი მანამდე ჰქონდა, წლები ატარებდა. თავიდან არ იცოდა და როდესაც გაიგო, ტრაგედია არ მოუწყვია, ნორმალურად შეხვდა ამას, სასიკვდილო განაჩენად ვერც აღიქვამდა სიმსივნეს, მაგრამ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა.

ზუსტად ვერ გეტყვით როდის მოათავსეს კლინიკაში. ალბათ რამდენიმე დღის წინ, რადგან ბოლომდე მხნედ იყო.

- ბოლოს როდის შეხვდით?

- დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე, ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით, არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ, ფელამუში მივირთვით, ფოტოებიც გადავიღეთ, ძველებური ლალი იყო, ისე დაგვამახსოვრა ბოლო შეხვედრაზე თავი, როგორიც იყო ლალი!

გიორგი გასვიანი, ტელეწამყვანი:

"ჩემი მეგობრის ნინი ბადურაშვილის ბებია იყო ლალი, მაგრამ რეალურად გადაცემებიდან გავიცანი. გულწრფელი, ხმამაღალი და კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო. ძველი თაობის არტისტული შარმი ჰქონდა, მისი ხმა იყო საზოგადოების დიდი ნაწილის ხმა. უთბილესი ადამიანი გახლდათ, რასაც ფიქრობდა იმას ამბობდა, საოცარი ბიოგრაფია ჰქონდა და ღირსეულად შევიდა ქართული კინოს ისტორიაში.

ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა, მისი შვილის გარდაცვალებას არ მოსწრებოდა-მეთქი. გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან...

ხალხს ჰგონია, მსახიობებს კარგი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ლალიმ ტკივილების და პრობლემების მიუხედავად ბოლომდე შეინარჩუნა სილამაზე და ღირსება.

ნინი ბადურაშვილი ბებიებთან - ლალი ბადურაშვილთან და ფლორა კახიანთან ერთად

- საზოგადოება ხმამაღალი განცხადებების გამო, ხშირად აკრიტიკებდა, განიცდიდა ამას?

- უკან არაფერზე არ იხევდა, ერთხელ სიცხიანი ჩამერთო გადაცემაში. სახლიდან მიიღო მონაწილეობა, სიცხიანი, ქუდით და კაშნეთი იჯდა ეთერში, მაგრამ მაინც გამოეხმაურა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს და ასეთ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, მაინც ლამაზი იყო.

- ცნობილია, რომ ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი...

- ნინი დიდ ყურადღებას აქცევდა ლალის, განსაკუთრებული ბებია-შვილიშვილობა ჰქონდათ. როდესაც ლალი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, ცდილობდა მისი პოზიცია ნინის პოზიციად არ წარმოჩენილიყო. გადაფოფრილი ბებია გახლდათ. ნინისთვის რთული გამოდგა 2019 წელი და ახლა უკვე 2020 წელიც... ვუსამძიმრებ საყვარელი ადამიანების ხელიდან გამოცლის გამო.

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს (ვიდეო)