ავტორი:

აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე

აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ოჯახის წევრების საქმიანობაზე

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე პრესასთან იშვიათად ჩნდება და საკუთარ საქმიანობაზე ლაპარაკიც არ უყვარს. ჩვენი ბოლო ინტერვიუდან ხუთი წლის შემდეგ, ის კიდევ ერთხელ დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

- ლაშა, მადლობა, ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთი ინტერვიუსთვის, რას საქმიანობთ ახლა?

- ვინაიდან არც საჯარო მოხელე ვარ და არც საზოგადო მოღვაწე, მაქსიმალურად ვერიდები ინტერვიუების მიცემას, ჩემს ცხოვრებაზე და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე საჯაროდ საუბარს. თუმცაღა მინდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენი ინტერვიუ ხუთი წლის წინ საკმაოდ საინტერესო გამოდგა, იმ პერიოდისთვის გეოპოლიტიკურად საინტერესო ამბები განვიხილეთ, შესაბამისად, იმიტომაც დავთანხმდი თქვენთან ახალ ინტერვიუს.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობ, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ვიდრე ბოლომდე არ მივიყვან, მირჩევნია არ ვილაპარაკო მასზე. უმეტეს დროს თბილისში ვატარებ, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობა დიდწილად საქართველოს უკავშირდება. საფრანგეთშიც პერიოდულად მიწევს ხოლმე ჩასვლა, როგორც მშობლების სანახავად, ასევე პროფესიული საქმიანობისთვის.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის წევრებზე, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა მამის, პაატა შევარდნაძის საქმიანობა...

- მამამ უკვე რამდენიმე წელია კარიერა დაასრულა (ის 1990 წლიდან პარიზში იუნესკოში მუშაობდა. მისი ბოლო პოსტი იყო დიპლომატის რანგში იუნესკოს გენერალური დირექტორის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში). დღეს, 62 წლის ასაკში, ფრანგულ-შვეიცარიულ კერძო კომპანიაში მუშაობს, როგორც კონსულტანტი მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებსა და ალტერნატიულ ენერგო სფეროში.

ჩემთვის მამა არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. მას საქართველოში იცნობენ, როგორც დადებით პიროვნებას, მაგრამ მისი იდეები ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. მამას ქვეყნის გეოსტრატეგიული განვითარების შესახებ ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან, საკუთარ ნაშრომებს გამოაქვეყნებს, რამაც შეიძლება სერიოზული წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის როგორც გეოპოლიტიკური, ისე მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი და, სოფო ჟურნალისტია და რუსეთში მოღვაწეობს. რამდენიმე თვის წინ მან სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი წაიყვანა, რომელსაც ესწრებოდნენ: პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, გაეროს გენერალური მდივანი და ასევე სხვა ქვეყნების პრეზიდენტები და პოლიტიკური მოღვაწეები. ეს ფორუმი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმებს შორის, ისევე როგორც დავოსი და მისი მთავარი სხდომა პირველად წაიყვანა საქართველოს მოქალაქემ.

აქამდე ეს პატივი მხოლოდ ამერიკელ და ინგლისელ ცნობილ ტელეწამყვანებს რგებიათ. აღსანიშნავია, რომ სოფომ ვლადიმირ პუტინს საკმაოდ თამამი შეკითხვებიც დაუსვა როგორც საინვესტიციო გარემოზე, ასევე უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე. დღესდღეობით ის გადართულია თავის კერძო ჟურნალისტიკურ პროექტებში, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხმაურება.

- გვესაუბრეთ თქვენი უმცროსი დის - ნანული შევარდნაძის შესახებ, როგორ ცხოვრობს, სად სწავლობს?

- ნანული დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში. ფრანგული სასკოლო სისტემის მიხედვით, მან საუკეთესო ქულებით დაასრულა სწავლა. ის მათემატიკური და ტექნიკური ნიჭით გამოირჩევა, მაგრამ არჩია სამსახიობო სფეროს გაჰყოლოდა. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტს წელს ამთავრებს და დიდი ალბათობით ხელოვნების მიმართულებით გააგრძელებს მოღვაწეობას.

- წლების წინ დაგენგრათ ოჯახი და მას შემდეგ, დიდი ინტერესს იწვევს თქვენი პირადი ცხოვრება...

- ჩემს პირად ცხოვრებაში სიახლეები ნადვილად არის, თავს კარგად ვგრძნობ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ შვილებთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ, რა დროს ატარებთ მათთან და რა რჩევებს აძლევთ პატარებს?

- ისინი უკვე მოზარდები არიან. ვცდილობთ, რომ კვირაში ორი-სამი დღე ერთად გავატაროთ. დავდივართ კინოში, თეატრში, სპორტულ ღონისძიებებს ვესწრებით და პერიოდულად ერთადაც ვვარჯიშობთ. გარეგნულად როგორც მეუბნებიან ძალიან მგავს უმცროსი, მანერებით და სპორტული ინტერესებით კი უფროსი. ჩემი მათდამი რჩევა კი იგივეა, რასაც ბაბუ ეუბნებოდა მამაჩემს, თავის მხრივ მამაჩემი მეუბნებოდა მე: "წადი შორს, მაგრამ ახლოს იყავი შენს ოჯახთან და სამშობლოსთან".

- როგორია ცხოვრება ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ?

- უკვე მეექვსე წელი დაიწყო ბაბუს გარეშე - ჩემი ოჯახის წევრებისთვის მის გარეშე ცხოვრება არ არის იოლი. ოჯახის წევრის გარდაცვალება ძალიან რთულია, ამ დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რას საქმიანობს.

- საზოგადოების ნაწილი ხშირად აკრიტიკებს ედუარდ შევარდნაძეს და მის მმართველობას, ზოგჯერ შეურაცხმყოფელადაც კი, როგორ ხვდებით ამ შეფასებებს?

- ხალხის ნაწილში არსებობს გარკვეული ნეგატიური აზრი ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის შესახებ, რაც ყოფილი ხელისუფლების ანტიპიარის ძლიერი "დამსახურებაა".

არაერთხელ მითქვამს ჩემს წინა ინტერვიუებშიც, რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ და შეცდომები განსაკუთრებით მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ბევრი იყო. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ღვაწლი ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე იქნება სწორად შეფასებული და ადეკვატურად დაფასებული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი გამოიარა, კარგად ემახსოვრება თუ როგორ ქვეყანაში ჩამოვიდა ის 1992 წელს და 2003 წელს როგორი ქვეყანა დაუტოვა "თავისსავე აღზრდილებს" - ეს იყო ქვეყანა თავისი აწყობილი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

ედუარდ შევარდნაძემ მეტ-ნაკლებად შეძლო ქვეყნის სტაბილიზაცია, შეიარაღებული დაჯგუფებების განეიტრალება, ქვეყანაში საკუთარი ვალუტის შემოღება და ახალი კონსტიტუციის მიღება.

ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ამ ორი პროექტის გამო გახდა საქართველო მსოფლიოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. დღესდღეობით სწორედ ამ ორი პროექტის გამო ინარჩუნებს დასავლეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს. წაიკითხეთ სრულად

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა

საქართველოში კორონავირუსის 1 271 შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - რომელ ქუჩებზე დროის რა მონაკვეთში გაითიშება შუქი