ავტორი:

"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" 7 დოლარად შეძენილ მედალიონში რამდენიმე ათასს მიხდიან" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის აღმოჩენები

"სენსაცური გამოფენა" - ასე ეწოდა სამი წლის წინ გამოფენას ხელოვნების სასახლეში, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი კოლექციონერის დავით კობახიძის კოლექცია იყო წარმოდგენილი. გიგო გაბაშვილის, პიკასოს, კანდინსკის, რუბოს, ფებერის და მაქსიმილიან ლუსის შედევრებად აღიარებული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში, ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები სოტბის, ქრისტის და მსოფლიოს სხვა წამყვან აუქციონებზეა შეძენილი...

როგორც ადრე დავით კობახიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პიკასოს ნახატი ამერიკაში იმ პერიოდში შეიძინა, როდესაც ქვეყანაში კრიზისი იყო. 2010 წლიდან 2014 წლამდე ამერიკას რთული პერიოდი ჰქონდა და ზოგჯერ ვან გოგის ნამუშევრებიც აღარ იყიდებოდა... პიკასოს ეს ნახატი ხრისტიან ზერვოს კატალოგშია შესული და მხოლოდ კატალოგი თითქმის ასიათასი დოლარი ღირს. კოლექციონერს ნახატი ძალიან მოსწონს, ისევე როგორც მთლიანად პიკასოს შემოქმედება.

დავით კობახიძე ოც წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს და კოლექციის შეგროვებისას არაერთ საინტერესო ნივთებს აწყდება... ბოლოს მანჰეტენზე 5 დოლარად შეიძინა მედალი, რომელიც მსოფლიო იშვიათობა აღმოჩნდა... კოლექციონერი ბოლო დროის საინტერესო შენაძენებზე თავად გვესაუბრება:

- არაერთხელ მითქვამს, რომ პირადი კოლექციიდან, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ბიზანტიური ხატი, რომელიც ამერიკაში შევიძინე. ეს ხატი ტაო-კლარჯეთის მიწაზეა ნაპოვნი და მე ნიუ-იორკში აღმოვაჩინე, როდესაც მეგობართან ერთად მანჰეტენზე ვსეირნობდი. სრულიად შემთხვევით შევედით გალერეაში, სადაც ბევრი ის ნივთი იყიდება, რომლებიც ჩვენს წელთაღიცხვამდეა დათარიღებული. როგორც იქ მითხრეს, ხატზე ქართველი მეფეა გამოსახული. ამ ხატს საქართველოში ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. მეც დიდი რუდუნებით ვეპყრობი და ჩარჩოში მაქვს ჩასმული.

სულ ახლახან კი მანჰეტენზე მედალი შევიძინე შვიდ დოლარად. იმ ადგილზე ძირითადად ბიჟუტერია და იაფფასიანი ნივთები გამოაქვთ... თბილისში რომ "მშრალი ხიდი" გვაქვს, ასეთი ადგილია ეს ნიუ-იორკში. მედალი ძალიან იშვიათი აღმოჩნდა. შეფასებისას მითხრეს, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ოცი ცალია შემორჩენილი და სამია მუზეუმში დაცული, ტუვაში (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალურ ოლქში). ძალიან ბევრი აუქციონი დაინტერესდა. ტუვას მუზეუმს რომ დავუკავშირდი, შეძენის დიდი სურვილი გამოთქვეს და მზად არიან რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადონ. იმდენად იშვიათი მედალია, რომ წიგნშია შეტანილი. 1945 წელს, სამამულო ომშია გაცემული. ამ ისტორიულ მედალს აწერია – "TAP"...

- ადრეც შეგიძენიათ მსოფლიო შედევრი გროშებად?

- დიახ, ნიუ-იორკის "მშრალ ხიდზე" შეძლებ კაპიკებად საოცარი რამეები შეიძინო. ერთხელაც მიწაზე დაგდებული ნახატი შევამჩნიე, მხატვრის გვარი - ანტონია სირენა არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ძალიან ძვირფასი ტილო ჩანდა... აღმოჩნდა, რომ ამ მხატვრის ნახატები ცნობილ გალერეებში 70 და 80 ათას დოლარად იყიდება. შემდეგ ამ მხატვრის კატალოგი შევიძინე და 22 ნახატს შორის ჩემი 5 დოლარად შეძენილი ნახატი ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა. სირენას ნახატები აქვთ ვატიკანის მუზეუმში, ასევე რომის პაპს, ფედერიკო ფელინის, მარჩელო მასტროიანის, ლუჩანო პავაროტის, სილვიო ბერლუსკონის ჰქონიათ... იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად ითვლება, თავის დროზე კი საოპერო მომღერალი ყოფილა. პიკასო ამბობდა, ამ მხატვრის ნამუშევრებს მსოფლიო უნდა იცნობდესო.

მხატვარი ერთი წლის იყო, როდესაც მატარებლით მიემგზავრებოდა მშობლებთან ერთად, მატარებელმა კატასტროფა განიცადა და მშობლები დაეღუპა. ობოლი ბავშვის ნიჭი ერთმა საოპერო მომღერალმა აღმოაჩინა და იშვილა. ანტონია სირენა დედობილის კვალს გაჰყვა, მაგრამ შემდეგ ხატვა არჩია.

ანტონია სირენას ნახატი

- როგორც ვიცი, თქვენს კოლექციაშია ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის სამუშევრები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები დიდ თანხებს გთავაზობენ...

- დიახ, გუშინაც დამიკავშირდნენ მაიამიდან, მაგრამ ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ გიგო გაბაშვილის ნახატები საქართველოს საკუთრებაა, განძი... ძალიან ეწყინათ, რადგან უზარმაზარი კომერციული გათვლები ჰქონდათ. თუ ვინმე ქართველი პატრიოტი შეიძენს, შეიძლება ერთ ნახატს შეველიო. გიგო გაბაშვილის სამივე ნახატი უძვირფასესია ჩემთვის!

მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი გახდა გიგო გაბაშვილის ნახატები და ჩვენ კი საქართველოში მისი საფლავი მიუხედავი გვაქვს... აუცილებლად უნდა მიხედონ უდიდესი მხატვრის საფლავს! საერთოდაც, ქართველი მხატვრებით დიდი დაინტერესებაა მსოფლიოში და ეს უნდა დაფასდეს. უნიჭიერესი ახალგაზრდა მხატვრების თაობაც მოდის...

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" პროდიუსერი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე