ავტორი:

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

რატომ დაიწუნა "შინდლერის სიის" ქასთინგზე მისული ია ფარულავა სტივენ სპილბერგმა? - "ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე..."

"ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს.." - ამ ფრაზის გაგონებისას, ყველა კინომოყვარულს 1993 წელს გადაღებული საკულტო ფილმი - "შინდლერის სია" ახსენდება, რომელიც სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად 12 ნომინაციიდან, 7 "ოსკარის" მფლობელია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტივენს სპილბერგის ეპიკური დრამის ქასთინგზე ქართველი მსახიობი ია ფარულავა იმყოფებოდა. როგორც მსახიობმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, ის ჰელენ ჰირშის - ნაცისტი გენერლის პოლონელი მოსამსახურის როლზე გადიოდა სინჯს, რისთვისაც სპეციალური ფოტოსესიაც მოეწყო. ფარულავა აღნიშნულ ფოტოსაც ურთავს პოსტს.

ფოტო ფილმის სინჯებიდან

საბოლოოდ, როლზე სამხრეთ აფრიკელი მსახიობი ემბეტ დევიდსი დაამტკიცეს, ია ფარულავა კი იმიტომ არ აირჩიეს, რომ პერსონაჟისთვის ზედმეტად ლამაზი იყო...

კადრი ფილმიდან შინდლერის სია

როგორც ქართველი მსახიობი წერს, ის პირადად ფილმის რეჟისორმა, გენიალურმა სტივენს სპილბერგმა დაიწუნა და ფარულავა იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ ამ იმედგაცრუების შემდეგ აიცრუა გული ჰოლივუდზე. "რა ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან... ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე" - წერს მსახიობი.

ია ფარულავა ლოს ანჯელესში, 1993 წელი. წყარო: ციფრული ფოტომატიანე

შეგახსენებთ, ია ფარულავა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მსახიობია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ის რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

"ცოტა არ იყოს ჰოლივუდმა დამჩაგრა, იმიტომ რომ ძალიან ეთნიკური შესახედაობის ვიყავი - მქონდა ხუჭუჭა თმები, სქელი წარბები, აქცენტი.. ყოფილა შემთხვევები, რომ ფილმისთვის სინჯზე მივსულვარ და ჩემთან ერთად სინჯები გაუვლიათ სელმა ჰაიეკს და ჯენიფერ ლოპესს, მაშინ არ იყვნენ ასეთი ცნობილები, იწყებდნენ, მაგრამ ლათინოს როლებზე ვერ გავუწევდი კონკურენციას ვერანაირად..." - იხსენებს მსახიობი.

მოგვიანებით, ჰოლივუდში საკუთარ გამოცდილებაზე ია ფარულავამ წიგნში - "თამაში თამაშის გარეშე" დაწერა:

"მსახიობის სავალდებულო ოსტატობაში ჩემი გამოცდილება საკმაოდ შეზღუდული აღმოჩნდა. როლის მოსაპოვებლად მანამდე არ გამომიყენებია "ცივი კითხვა" (Cold reading) - ჰოლივუდში დამკვიდრებული ცნობილი მეთოდი, რომელსაც სინჯების დროს იყენებენ, როდესაც მსახიობი როლს კითხულობს და იმავდროულად თამაშობს კიდეც. არ ვიცოდი რა იყო კონკურენცია და უარით მიღებული დამცირება...

რობერტ დე ნიროსთან ერთად

მათი გაგებით, ჩემი "ეგზოტიკური" გარეგნობა, ნამდვილი დაბრკოლება აღმოჩნდა. აგენტისა და მენეჯერის დაჟინებული თხოვნა, შემეცვალა გარეგნობა, ყურად არ ვიღე. მე ვამაყობდი ჩემი ქართველობით და არ მსურდა რუსს ან სხვა სლავური წარმოშობის ქალს დავმსგავსებოდი. მსახიობები ლათინური ამერიკიდან მრავლად იყვნენ და ღირსეულ კონკურენციას მიწევდნენ.

ბევრ სინჯზე ჩემი სამსახიობო მონაცემებით ტაშიც კი დავიმსახურე, მაგრამ უარით მისტუმრებდნენ - ჩემი გარეგნობა პროდიუსერების ხედვას არ შეესატყვისებოდა.." - წერს ია ფარულავა წიგნში.

ია ფარულავა გიორგი ჟდანოვთან ერთად

ამის შემდეგ ქართველმა მსახიობმა ხელი მიჰყო პედაგოგობას. ია ფარულავა 1993-98 წლებში ჯერ სწავლობდა გიორგი ჟდანოვის (ჰოლივუდში კარგად ცნობილი პედაგოგის) ჯგუფში, მოგვიანებით კი მისი თანაშემწე და ერთ-ერთი ტრენერი იყო ბევერლი ჰილსზე მდებარე ჟდანოვის სამსახიობო სტუდიაში. დამწყებ მსახიობებთან ერთად, ფარულავა არაერთ ცნობილ მსახიობს ეხმარებოდა როლზე მუშაობაში.

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ია ფარულავა

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს

"8 წლის წინ უცნაურ ვითარებაში გავიცანი..." - ცნობილი ფოტოგრაფის მეუღლე ოჯახურ ცხოვრებაზე, შვილსა და კარიერაზე